დაკავებული ქალის ადვოკატი, ბექა ნემსიწვერიძე, რომელმაც ქალი სასამართლო სხდომამდე იზოლატორში მოინახულა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ქალმა არაფერი იცოდა არც მის წინააღმდეგ წარმოებული საქმის და შესაბამისად, არც იმ ბრალდების შესახებ, რის გამოც საერთაშორისოდ ძებნილების სიაში აღმოჩნდა.
"როგორც ამბობს, საკუთარი კომპანია აქვს და დიდი ხანია დაკავებულია თვითმფრინავების ნაწილების ბიზნესით. ყველგან დადიოდა, სადაც ამ თემაზე გამოფენები იმართებოდა, ყველაფერში მონაწილეობდა.
საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოვიდა და მოულოდნელად დააკავეს. არ იცოდა, რომ ძებნა იყო გამოცხადებული.
ედავებიან თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილების რუსეთში ექსპორტს, რომელსაც რუსეთი ამერიკიდან ყიდულობდა და შემდეგ სანქციებით აიკრძალა" - ამბობს ადვოკატი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთის მოქალაქის დაკავების შემდეგ მისთვის წაყენებული ბრალის შესახებ ზოგადი განმარტებით შემოიფარგლა ისე, რომ სანქციები არ უხსენებია. ითქვა მხოლოდ ის, რომ:
"იგი ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მოთხოვნის საფუძველზე იძებნებოდა სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის: დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობისა და თანამონაწილეობის, დანაშაულებრივი შეთქმულებისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით".
როდის არის ჩადენილი ეს დანაშაული, როგორია მისი მასშტაბი და რამდენი ხანია რაც ქალი იძებნება, ამ კითხვებზე პასუხი ჯერ ადვოკატს არ აქვს და არც სახელმწიფო უწყებები აკეთებენ დამატებით განმარტებებს.
რუსეთის მოქალაქის ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობის შედეგად დაკავების შემდეგ, მისი ვინაობა ცნობილი გახდა რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრის, ევა მერკაჩევას პოსტით ტელეგრამზე. მერკაჩვა წერს, რომ კურაშკევიჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი და საერთაშორისო ვაჭრობის ექსპერტია, იმ, ბრალდებებისთვის კი, რაც მას შტატებში აქვს წაყენებული, კურაშკევას 70 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ღია წყაროებში არ იძებნება სხვა შემთხვევა, საქართველოში სანქციების გვერდის ავლის ბრალდების მქონე პირის დაკავების შესახებ - FBI-ისგან ძებნილი პირების დაკავებაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა.
ბოლო გახმაურებული შემთხვევა, FBI-ისგან ძებნილი პირის დაკავების შესახებ 2024 წლის იანვრით თარიღდება - ამ დროს ჰაკერობის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს 39 წლის აჰმათ ალბაშიდი.
ფორუმი