Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიზანია გარემოებების გამოსწორება - ევროკომისიის სპიკერი 11 ივნისის დიალოგზე საქართველოსთან

„მისი მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებმაც [დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის] შეჩერება გამოიწვია“ -  მარკუს ლამბერტი.
„მისი მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებმაც [დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის] შეჩერება გამოიწვია“ - მარკუს ლამბერტი.

ევროკომისიის სპიკერმა მარკუს ლამბერტმა განაცხადა, რომ საქართველოსთან 11 ივნისს დაგეგმილი შეხვედრის მიზანია, იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებმაც გამოიწვია უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის.

მანამდე რადიო თავისუფლებას ბრიუსელში ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა უთხრა, რომ შეხვედრის მიზანია, ევროკომისიამ საქართველოს გააგებინოს, რომ „საქმე სერიოზულადაა“.

„გარემოებების გამოსწორება“

2026 წლის მარტში ევროკომისიამ უვიზო მიმოსვლა შეუჩერა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები არიან.

8 ივნისს ევროკომისიის სპიკერმა მარკუს ლამბერტმა გამოცემა „ევროსკოპის“ კითხვაზე, რომელიც 11 ივნისის შეხვედრას ეხებოდა, განაცხადა:

„როდესაც [დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის] უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ჩერდება, კომისია შესაბამის მესამე ქვეყანასთან იწყებს პროცესს, რომელსაც ჩვენ „გაძლიერებულ დიალოგს“ ვუწოდებთ.

მისი მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებმაც შეჩერება გამოიწვია.

ამ კონტექსტში, 11 ივნისს გაიმართება პირველი შეხვედრა ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის“, - თქვა მან.

„​შეგახსენებთ იმასაც, რომ კომისიის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება, მათ შორის ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დემოკრატიულ პრინციპებს“, - განაცხადა სპიკერმა.

მან გაიმეორა ევროკომისიის პოზიცია, რომ ეს ქმედებები „შეუსაბამოა კავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან და აფერხებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას“.

მისივე თქმით, „​ეს არის ტექნიკური შეხვედრა, რომელიც იმართება შეჩერების პროცესისა და კონტექსტის ფარგლებში“.

ვინ წარმოადგენს თბილისს

2026 წლის 11 ივნისს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირ-საქართველოს „სავიზო დიალოგის“ პირველი შეხვედრა, - შეხვედრა, რომლის მიზანიც, როგორც რადიო თავისუფლებას ბრიუსელში ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა უთხრა, არის საქართველოს გააგებინოს, რომ „საქმე სერიოზულადაა“.

რადიო თავისუფლება იუწყებოდა, რომ ბრიუსელში წყაროების ცნობით, 2027 წლის იანვარში, - სავიზო რეჟიმზე დეკემბრის წლიური ანგარიშის კვალდაკვალ, - ევროკავშირის წევრი ქვეყნები კენჭს უყრიან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე გადაწყვეტილებას.

11 ივნისის შეხვედრა კი განიხილება, როგორც ბოლო გაფრთხილება საქართველოსადმი - უვიზო მიმოსვლის დაკარგვის შესახებ, რასაც არ სჭირდება ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა და კვალიფიციური უმრავლესობაც საკმარისია.

საქართველოს საგარეო უწყების თანახმად, შეხვედრაში „მონაწილეობას საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორის ხელმძღვანელობით“.

ამ პოზიციას გიორგი ტაბატაძე იკავებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG