ჰორმუზის სრუტის რაიონში ჩამოვარდა ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი Apache.
ინფორმაცია, რომელიც პირველმა გაავრცელა გამოცემა The New York Times-მა, მოგვიანებით ჟურნალისტებს დაუდასტურა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მისი ცნობით, ვერტმფრენის პილოტები გადაარჩინეს, ინციდენტის დეტალებზე კი 9 ივნისს იმსჯელებენ.
The New York Times-მა ორ წყაროზე დაყრდნობით 8 ივნისს დაწერა, რომ Apache-ის ორი პილოტი გადაარჩინეს და ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია ვერტმფრენის კატასტროფა - ირანის ძალების მხრიდან შეტევამ, ტექნიკურმა გაუმართაობამ, თუ რაიმე სხვა პრობლემამ. მიმდინარეობს გამოძიება.
ბოლო დღეებში ირანმა და ისრაელმა ერთმანეთზე რამდენჯერმე მიიტანეს შეტევა, რამაც საფრთხე შეუქმნა აშშ-ისრაელსა და ირანს შორის აპრილის დასაწყისიდან მოქმედ დროებით ზავს.
ამერიკული Apache-ები გამანადგურებლებთან ერთად ჩართული არიან ირანის პორტების ბლოკირების ოპერაციაში, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო.
ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ მსოფლიო ბაზრისთვის საწვავის მიწოდების მნიშვნელოვანი მარშრუტი - ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა აშშ-ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ 2026 წლის 28 თებერვალს დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო, რომლის მიზეზად დასახელდა ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობით გამოწვეული საფრთხე.
2026 წლის აპრილის დასაწყისიდან მხარეებს შორის დროებითი ზავი გამოცხადდა სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მიზნით.
ფორუმი