Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნებიდან 2 დღეში ოპოზიციონერ პოლიტიკოს წარუკიანს ბრალი წარუდგინეს

გაგიკ წარუკიანის წინააღმდეგ საქმე აღძრეს, ქვეყნის დატოვება აუკრძალეს.
გაგიკ წარუკიანის წინააღმდეგ საქმე აღძრეს, ქვეყნის დატოვება აუკრძალეს.

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებიდან ორ დღეში, ერთ-ერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და მილიონერ ბიზნესმენს, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერ გაგიკ წარუკიანს ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი.

სომხეთის მთავრობის ახალი ამბების სააგენტო „არმენპრესი“ წერს, რომ გაგიკ წარუკიანს 9 ივნისს ბრალი წაუყენეს მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში.

კერძოდ, მას ბრალად ედება დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდება, - წერს „არმენპრესი“ გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით.

ამავე წყაროს თანახმად, გაგიკ წარუკიანს ქვეყნის დატოვება აუკრძალეს.

ამ ინფორმაციის გავრცელებას წინ უძღოდა პროსახელისუფლებო მედიაში ფოტოსა და ცნობის გავრცელება, რომ 8 ივნისს გაგიკ წარუკიანმა სომხეთის დატოვება სცადა, თუმცა იგი მესაზღვრეებმა ერევნის ზვარტნოცის აეროპორტიდან არ გაუშვეს.

ამასთან, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ფაშინიანმა გაიმეორა, რომ წარუკიანი, - ასევე ოპოზიციონერები, რობერტ ქოჩარიანი და სამველ კარაპეტიანი, - პასუხისგებაში უნდა მისცენ.

არჩევნების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან ასე უპასუხა შეკითხვას, ხედავს თუ არა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას.

წარუკიანს ბარიერამდე 0,004% დააკლდა

სომხეთის საპარლამენტო არჩევნების ბარიერი თითოეული პარტიისთვის იყო 4%.

წარუკიანის „აყვავებულ სომხეთს“ ბარიერის გადასალახად მხოლოდ 0,004 პროცენტული პუნქტი დააკლდა - მან ხმების 3,996% მოაგროვა.

  • წარუკიანს ნათქვამი აქვს, რომ სომხეთისათვის „უმთავრეს საფრთხეს“ წარმოადგენენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი „ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი“.
  • წარუკიანს ეკუთვნის ქრისტეს "მსოფლიოში უდიდესი" მონუმენტის ინიციატივა, რომელსაც ერევნიდან დაახლოებით 30 კილომეტრში, ჰატისის მთის მწვერვალზე აგებენ.
  • წარუკიანმა განაცხადა, რომ ააშენებს ნოეს კიდობნის მემორიალსაც, იესო ქრისტეს ქანდაკების დასრულების შემდეგ.

რაც შეეხება ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტს“ - 105-წევრიან პარლამენტში მას 64 მანდატი ექნება ხმების 49,82%-ის საფუძველზე.

ეს საკმარისია ახალი მთავრობის დამოუკიდებლად დასაკომპლექტებლად, თუმცა საკონსტიტუციო უმრავლესობამდე მას 6 მანდატი აკლდება.

  • სამველ კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთი“ მეორე ადგილზე გავიდა და პარლამენტში 29 მანდატით იქნება წარმოდგენილი;
  • მესამე ადგილზე გავიდა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, ასევე პრორუსული ორიენტაციით ცნობილი რობერტ ქოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ - მან 12 მანდატი მოიპოვა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG