Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები სომხეთში - 6 მანდატი საკონსტიტუციო უმრავლესობამდე, ფაშინიანი მილოცვებს იღებს

არჩევნების შედეგებით, ნიკოლ ფაშინიანის პარტია მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტებას შეძლებს.
არჩევნების შედეგებით, ნიკოლ ფაშინიანის პარტია მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტებას შეძლებს.

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის პარტიის "სამოქალაქო კონტრაქტის" გამარჯვებას სიხარულით შეხვდნენ ევროკავშირში. 7 ივნისის არჩევნების შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს რუსეთი.

მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი ძალებიდან 8 ივნისის მონაცემებით, სომხეთის პარლამენტში მხოლოდ ორი მოხვდება - სამველ კარაპეტიანის "ძლიერი სომხეთი" [29 მანდატი] და რობერტ ქოჩარიანის "სომხეთი" [12 მანდატი].

სომხეთის ცესკოს მიერ 8 ივნისს დაზუსტებული, მაგრამ ჯერ ისევ წინასწარი მონაცემების თანახმად:

  • 105-წევრიან პარლამენტში, ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკურ ძალას [49,82%] 64 მანდატი ექნება და ეს საკმარისია ახალი მთავრობის დამოუკიდებლად დასაკომპლექტებლად; საკონსტიტუციო უმრავლესობამდე მას 6 მანდატი აკლდება.
  • სომხეთის პარლამენტში ორი პრორუსული ძალა ერთად 41 ადგილს დაიკავებს [ჯამში - 33.27%-იანი მაჩვენებლით], მესამეს კი - ბარიერის გადასალახად - მხოლოდ 0.004% დააკლდა.

სომხეთის მომავალი

7 ივნისს, გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების დღეს, ფაშინიანს ჟურნალისტებმა ჰკითხეს - რას აპირებს გამარჯვების შემთხვევაში და როგორ წარმოუდგენია სომხეთის მომავალი.

“სომხეთის მომავალი იქნება - დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის გაძლიერების სტრატეგია. ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიული რეფორმების გზას - რა თქმა უნდა, ჩვენი ევროპელი პარტნიორობის მხარდაჭერით… ევროკავშირი ჩვენი მთავარი პარტნიორია დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მიმართულებით… სომხეთში რეფორმები ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად გაგრძელდება”, - ამ ყველაფერს ფაშინიანმა “სტრატეგიული მიზანი” უწოდა და დაამატა, რომ ევროკავშირის წევრობა პოლიტიკურ ფაქტორებზეც არის დამოკიდებული და, თუკი სომხეთში სრულფასოვანი რეფორმირების დასრულებამდე, ვთქვათ ევროკავშირი გაფართოებაზე იტყვის უარს - სომხები მაინც მოგებული დარჩებიან, რადგან - მათ ექნებათ “ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი ქვეყანა”.

არჩევნების შედეგები ცხადყოფს, რომ ევროკავშირისკენ სომხეთის სვლას საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი უჭერს მხარს.

ნიკოლ ფაშინიანმა თავისი პარტიის გამარჯვების შესახებ საზოგადოებას 7 ივნისს, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, რამდენიმე საათში შეატყობინა.
ნიკოლ ფაშინიანმა თავისი პარტიის გამარჯვების შესახებ საზოგადოებას 7 ივნისს, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, რამდენიმე საათში შეატყობინა.
  • ევროკავშირმა სომხეთს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა 2025 წლის ნოემბერში გადასცა.
  • ფაშინიანის წინასაარჩევნო დაპირებაა, რომ სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას 2 წელიწადში შეძლებენ.
  • 2025 წლის მარტში სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს, შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.
  • 2025 წლის ივნისში ევროკომისიამ განაცხადა, რომ ევროკავშირის ერევანს გამოუყოფს 50 მილიონ ევროზე მეტს და დაეხმარება ევროპის ბაზარზე სომხური პროდუქციის შეტანაში, რუსეთის მიერ ერთი მეორეს მიყოლებით დაწესებული აკრძალვების ფონზე.

“ჩვენ ღრმად ვაფასებთ ჩვენს პარტნიორობას დემოკრატიულ სომხეთთან, რომელიც სულ უფრო მეტად უახლოვდება ევროპას”; “სომხეთს შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს”, - წერს, სოციალურ პლატფორმა X-ზე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და აღნიშნავს, რომ - ფაშინიანის თაოსნობით სომხეთში 2018 წელს მომხდარი “ხავერდოვანი რევოლუციის“ სულისკვეთება კვლავ “ცოცხალი და ძლიერია”.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას განცხადებით, „სომეხმა ხალხმა ხმა მისცა მომავალს, რომელიც ეფუძნება მშვიდობას, სტაბილურობასა და უფრო ძლიერ თანამშრომლობას მეზობლებთან და მსოფლიოსთან“.

“ევროკავშირი და სომხეთი ერთად აშენებენ უფრო მტკიცე კავშირებს ხალხებს შორის და ქმნიან ახალ შესაძლებლობებს ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროებში“, - ანტონიო კოშტას თქმით, სომხეთისა და ევროკავშირის ძლიერი პარტნიორობა „არის ინვესტიცია მთლიანი რეგიონის უფრო მშვიდობიანი და კეთილდღეობით აღსავსე მომავლისთვის”.

უახლოეს მომავალში სომხეთში ჩასვლის გეგმავს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი. მანაც X-ზე დაწერა, რომ უკვე დღესვე [8 ივნისს] იწყებს მუშაობას ევროკავშირი-სომხეთის ახალი სამუშაო ჯგუფი - „პარტნიორობის გასაღრმავებლად“.

ევროკომისარი აღნიშნავს, რომ რუსეთის ძლიერი ჩარევის ფონზე მიღწეული გამარჯვება "ხელახლა ადასტურებს სომეხი ხალხის არჩევანს ძლიერი, სუვერენული და დამოუკიდებელი სომხეთის სასარგებლოდ".

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, რათა - ამ გამარჯვების შემდეგ, არ დაიკარგოს დრო და შესაძლებლობები.

“ევროკავშირმა რეალური მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს სომხეთს და გააკეთოს ყველაფერი საჭირო, რათა ადამიანებმა იგრძნონ, რომ ევროპასთან ურთიერთობის წყალობით მათი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება” - უკრაინის პრეზიდენტი ამ მიზანს ევროკავშირის გამოცდად თვლის.

ერევანი მისალოცებს იღებს - ფაშინიანსა და სომეხ ხალხს სწორი არჩევანის გაკეთებას ულოცავენ საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, ბალტიის ქვეყნებიდან თუ ინდოეთიდან.

ფაშინიანი ვაშინგტონის რჩეულია - პრეზიდენტმა ტრამპმა არჩევნებამდე ღია მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთის ლიდერს, რომელსაც სანდო პარტნიორს უწოდებს და სამშვიდობო ინიციატივებში გამოჩენილი კეთილგონიერებისთვის აქებს.

“რუსები სულაც არ არიან ბედნიერები ჩვენი იქ [სომხეთში] ყოფნით”; “არსებობს მტკიცებულებები, რომ მათ სურთ მოქმედი პრემიერ-მინისტრის [ნიკოლ ფაშინიანის] დამარცხება არჩევნებში, აშშ-თან მზარდი ურთიერთობების შედეგად“ - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, 3 ივნისს.

სომხეთთან სამომავლო პერსპექტივებს ვაშინგტონი TRIPP-ს უკავშირებს - აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით შექმნილ პროექტს - „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის [TRIPP]”.

რუბიომ, საკომიტეტო მოსმენაზე, ამ პროექტის სიკეთეებიც ჩამოთვალა:

  • “მშვიდობა მნიშვნელოვანია, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია”.
  • “ამერიკული კომპანიები და ამერიკელი დასაქმებულები მიიღებენ სარგებელს, თუმცა მთავარ სარგებელს სომეხი ხალხი მიიღებს, ამ დერეფნის გახსნით”.
  • “[TRIPP-ს] შესწევს ძალა, ძალიან მძლავრად გარდაქმნას სომხეთის ეკონომიკა“.
  • „ეს [TRIPP] ნამდვილად იძლევა შესაძლებლობას, რევოლუციურად შეიცვალოს სომხეთის სტრატეგიული მდებარეობა და ის გახდეს მთავარი სავაჭრო ჰაბი რეგიონში”,

„ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მისი პარტიის ხელახალ არჩევას. ამერიკის შეერთებული შტატები დგას პრემიერ-მინისტრ ფაშინიანისა და სომხეთის გვერდით სამშვიდობო ძალისხმევაში და მოწოდებული ვართ, ხელი შევუწყოთ ვაშინგტონის ისტორიული სამშვიდობო სამიტის მიზნების მიღწევას, "საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტის (TRIPP)" იმპლემენტაციის ჩათვლით. ჩვენ მოუთმენლად ველით ერთობლივ მუშაობას მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად - სამხრეთ კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთ“, - დაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ 8 ივნისს, პლატფორმა X-ზე.

მილოცვა და მესიჯები თბილისიდან

სომხური წყაროების თანახმად, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ნიკოლ ფაშინიანს გამარჯვება მიულოცა. სომეხ კოლეგას - სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარეს, ალენ სიმონიანს ცალკე მიულოცა შალვა პაპუაშვილმაც. ჟურნალისტებთან კი, როცა ნიკოლ ფაშინიანს ულოცავდა, დაამატა, რომ - “საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ის ახალი დინამიკა, რომელიც არსებობს რეგიონში”.

ევროპელი ლიდერებისგან განსხვავებით, თბილისის განცხადებებში არ არის ნახსენები სომხეთის ევროპული არჩევანი, ევროკავშირი.

პოლიტიკის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სომხეთი და საქართველო ამ ეტაპზე სხვადასხვა ლიანდაგზე დგანან. თუკი ბრიუსელში ფაშინიანს მეგობრები ეგულება - შალვა პაპუაშვილი ისევ მტრობაზე ლაპარაკობს. “ჩვენ გვყავს საქართველოს განვითარების მტრები ევროპაში, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა უნდა შეწყდეს, პირველ ყოვლისა, ეს უნდა გააკეთოს ბრიუსელმა”, - პაპუაშვილის ციტატას სოციალურ მედიაში ავრცელებს ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ტელეკომპანია “იმედი”.

ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი სომხეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებს განიხილავს თავისუფალი ხალხის თავისუფალ ნებად და სიგნალად თბილისისთვის, რომ „თუკი საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებენ, აუცილებლად დამარცხდებიან“.

„სომხეთმა თავისუფალი არჩევანი გააკეთა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა არჩევანს აკეთებს თავისუფალი ხალხი, როდესაც ტარდება დემოკრატიული არჩევნები და ეს განასხვავებს საქართველოში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს სომხეთში, უნგრეთში, მოლდოვაში, რუმინეთში ჩატარებულ არჩევნებისგან... სომხეთმა რეალურად, „რეფერენდუმი“ ჩაატარა და ხმა მისცა დემოკრატიული განვითარების გზას, ევროკავშირს, აშშ-ს - მათთან მეგობრობას და არა დაბრუნებას იმ სიბნელეში, სადაც მას რუსეთი ამყოფებდა ათწლეულების განმავლობაში“, - გვეუბნება ბატიაშვილი.

ანალიტიკოსის თქმით, ფაშინიანის პარტიის მიერ მიღებული 49.82% არ ნიშნავს, რომ სომხეთში სულ ამდენ ადამიანს უნდა ევროპული გზით სვლა; რადგან „ერთად, სომხეთის არჩევნებში გარკვეული ხმები სხვა პროდასავლურად განწყობილმა პარტიებმაც მიიღეს და არც მათი ხმები უნდა უგულებელვყოთ“.

გამარჯვების შემდეგ, საქართველოს შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ დაინტერესებული არიან “ევროკავშირსა და საქართველოს, ასევე აშშ-სა და საქართველოს შერიგებით”; თუმცა სტრატეგიული პარტნიორობა ამის გარეშეც გაგრძელდება.

“საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობა უწყვეტად განვითარდება, ის ჩვენი მოძმე ქვეყანაა და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, უეჭველად განვაგრძობთ ჩვენი ურთიერთობის განვითარებას", - თქვა ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე.

„ქართული ოცნების“ხელისუფლების მომხრეები და ღიად პრორუსული განწყობის მომხმარებლები სოციალურ ქსელებში ძირითადად სომხეთის საწინააღმდეგო მოსაზრებებს ავრცელებენ. დომინირებს ორი გზავნილი:

  • ნახოს სომხეთმა, აწი რასაც უზამს რუსეთი; უკრაინის სცენარი განმეორდება;
  • ფაშინიანი სომხეთში ავტოკრატიას აშენებს და რეპრესიები კიდევ უფრო გაძლიერდება და ამაზე თვალს ხუჭავს დასავლეთი.


ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომეხი ხალხის მიერ გამოხატული ნებით, „ომის სამთავიანი პარტია“ და მისი „კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემა“ საბოლოოდ უნდა აღმოიფხვრას სომხეთში. ამ სახელებით ის პრორუსულ ძალებს მოიხსენიებს - რომლებსაც ღიად უჭერს მხარს კრემლი.

ხელისუფლების მომხრეები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ სომხეთის ხელისუფლების მუქარა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვებს ახსენებთ - „ყველანი ციხეში!“, „ნულოვანი ტოლერანტობა“. 2025 წლის ოქტომბერში ირაკლი კობახიძე ლაპარაკობდა „ნული თანაგრძნობის“ შესახებ - პროევროპულ პროტესტში მონაწილე ადამიანების მისამართით. ბოლო პერიოდში, საქართველოში ოპოზიციური პარტიების არაერთი ლიდერი გაასამართლეს, ზოგი ჯერ ისევ საპატიმროშია.

რუსეთისა და პრორუსების უკმაყოფილება

წინასაარჩევნო პერიოდში ღია მუქარისა და სომხური პროდუქციის აკრძალვის მიუხედავად, 1 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მაინც მიულოცა; ნათქვამი აქვს რომ არჩევნების შემდე ერთ-ერთი პირველი ვიზიტი მოსკოვში ექნება, მაგრამ არჩევნებში გამარჯვების მილოცვას კრემლი ჯერჯერობით არ ჩქარობს.

“ველოდებით კენჭისყრის საბოლოო შედეგებს”, - უთხრა 8 ივნისს ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა და დასძინა, რომ მოსკოვი ყურადღებით აკვირდება სომხეთში მიმდინარე პროცესებს და მათ შორის ინფორმაციას დარღვევების შესახებ.

ჩანს, რომ მოსკოვი უკმაყოფილოა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა სომხეთს „დემოკრატიული პრინციპებისა და თავისუფალი არჩევნების ჩატარების პროცედურების უხეშ დარღვევაში” სდებს ბრალს.

8 ივნისს ზახაროვამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „საპარლამენტო არჩევნები სომხეთში ოპოზიციაზე უპრეცედენტო წნეხისა და დასავლეთის, უპირველეს ყოვლისა - ევროკავშირის მხრიდან ჩარევით ჩატარდა“ და რომ სომხეთში დევნიდნენ სწორედ იმ ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც მხარს უჭერენ „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კავშირის გამყარებას რუსეთთან“.

რაც შეეხება ერევანთან სამომავლო ურთიერთობას, ზახაროვას თქმით, მოსკოვის კურსი “სომხეთის ხელმძღვანელობის რეალური ნაბიჯებზე” იქნება დამოკიდებული.

7 ივნისს სომხეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ ენდობიან მასში მონაწილე ოპოზიციური პრორუსული პოლიტიკური ძალები.

პრორუსი ოლიგარქის, ამჟამად დაკავებული მილიარდერის - სამველ კარაპეტიანის მხარდამჭერი - “ძლიერი სომხეთი” აცხადებს, რომ შედეგები არ ასახავს ხალხის ნებას.

„წინასაარჩევნო ეტაპს თან სდევდა მიზანმიმართული ქმედებები ჩვენი ლიდერის, კანდიდატების, მხარდამჭერებისა და თანამოაზრეების წინააღმდეგ, მასობრივი უკანონო დაჭერები და სისხლის სამართლებრივი დევნა, პოლიტიკური კონკურენციის შესაზღუდად და ამომრჩევლების გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად“, - „ძლიერი სომხეთის“ პრესმდივნის, მარიანა გაჰრამანიანის სიტყვებს რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ციტირებს.

სამველ კარაპეტიანი
სამველ კარაპეტიანი

სამველ კარაპეტიანი დაკავებულია 2025 წლის ივნისის შემდეგ. მას ბრალად ედება ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა და ფულის გათეთრება. "ძლიერ სომხეთს", საარჩევნო პროცესებში, სამველ კარაპეტიანის ძმისშვილი, ნარეკ კარაპეტიანი ხელმძღვანელობს თუმცა პოლიტიკურ ძალას გაცხადებული ჰქონდა, რომ - ქვეყნის სათავეში სწორედ რუსეთის მოქალაქე პრორუსი ოლიგარქის მოყვანას გეგმავდა [კონსტიტუციის შეცვლის გზით].

ბოლო პერიოდში, ათეულობით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ. ამ საქმეების უდიდესი ნაწილი სამველ კარაპეტიანის ბლოკის წარმომადგენლებს შეეხება და ბრალდებათა დიდი ნაწილი ამომრჩეველთა მოსყიდვას უკავშირდება. დაჭერილია ათეულობით ადამიანი.

პარტია „ძლიერი სომხეთი“ უარყოფს ამომრჩეველთა მოსყიდვას.

  • ცესკოს თანახმად, “ძლიერი სომხეთი” მეორე ადგილზე გავიდა და პარლამენტში 29 მანდატით იქნება წარმოდგენილი.
  • მესამე ადგილზე - 12 მანდატისთვის სამყოფი ხმები მოაგროვა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, ასევე პრორუსული ორიენტაციით ცნობილი - რობერტ ქოჩარიანის ბლოკმა “სომხეთი”.


რობერტ ქოჩარიანი
რობერტ ქოჩარიანი

ბოლო ინფორმაციით, ქოჩარიანი აპირებს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოლაპარაკებებს აწარმოებს "სხვა ოპოზიციონერებთან", მაგრამ ვისთან - არ აკონკრეტებს. მისი თქმით, ძლიერი ზეწოლის გარდა, ხელისუფლებას ის ადმინისტრაციული რესურსის "უპრეცედენტო გამოყენებაში" ადანაშაულებს.

ხმებს ითვლის რუსეთთან და ბელარუსთან დაახლოებული ბიზნესმენის გაგიკ წარუკიანის „აყვავებული სომხეთი“, რომელსაც 4%-იანი ბარიერის გადასალახად, ოფიციალური მონაცემებით, სულ რაღაც 0.004% დააკლდა.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახური პარტიის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება, რომ - მათ მიმართეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოქმებში ნაპოვნი უზუსტობების ჩასასწორებლად - და თუკი აღურიცხავი 120 ხმის დაბრუნებას შეძლებენ, პარლამენტში მოხვდებიან.

გაგიკ წარუკიანი
გაგიკ წარუკიანი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 8 ივნისს განაცხადა, რომ „საარჩევნო პროცესში არ გამოვლენილა იმ ტიპის დარღვევები, რაც ზეგავლენას მოახდენდა შედეგებზე“, - თუმცა მზადყოფნა გამოხატა, რომ ხელახლა გადაითვალონ ხმები ყველა საეჭვო უბანზე.

ზურაბ ბატიაშვილი არ გამორიცხავს, რომ სომხეთში რუსეთი ვითარების არევას ისევ შეეცდება, მაგრამ ეჭვი ეპარება, რომ „სიტუაციის რუსეთის სასარგებლოდ შეტრიალება შეძლონ“.

„სომხეთი მარტო არ არის. მის გვერდით არის დასავლეთი, მასთან არიან ევროკავშირი, აშშ და მის გვერდით, ყოველ შემთხვევაში - ნორმალიზაციის ფარგლებში არიან აზერბაიჯანიც და თურქეთიც. ეს არ არის ხელწამოსაკრავი ფაქტორი“, - ეუბნება ზურაბ ბატიაშვილი რადიო თავისუფლებას.

რას ამბობს ეუთო/ოდირი?

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) დამკვირვებელთა მისიის შეფასებით, 7 ივნისის არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა პოლარიზაციის პირობებში წარიმართა და მათ შორის - მედიაში მოვლენების მიკერძოებულმა გაშუქებამ და მანიპულაციური შინაარსის გზავნილებმა და შუღლის გამღვივებელმა ონლაინ-კამპანიებმა, შეზღუდეს ამომრჩევლების წვდომა ობიექტურ ინფორმაციაზე.

ერევანში 8 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე, ხაზი გაესვა „პირდაპირ გარე წნეხს - სავაჭრო შეზღუდვების გაძლიერებით და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მუქარებით“. რუსეთის მხრიდან მომდინარე ამ წნეხის მიზნად სადამკვირვებლო მისია ასახელებს - ამომრჩეველზე ზემოქმედებას „ოპოზიციის სასარგებლოდ“.

“ჩვენ არ დაგვიფიქსირებია ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსების სისტემური ბოროტად გამოყენების შემთხვევები“, - აღნიშნა ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელმა.

მისიის წარმომადგენლების განცხადებით, ასევე:

· საარჩევნო კამპანია იყო მკვეთრად კონფრონტაციული, განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით, ასევე ხმების ყიდვისა და სხვა საარჩევნო დარღვევების შესახებ ბრალდებებით, რამაც გამოიწვია მრავალი სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ოპოზიციონერი კანდიდატებისა და აქტივისტების წინააღმდეგ. ამ პროცესების შედეგად, “პოზიციის ბევრმა მხარდამჭერმა თავი შეიკავა კამპანიაში აქტიური მონაწილეობისგან“.

· საჯარო სექტორის თანამშრომლებზე ზეწოლამ მმართველი პარტიის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად და ახლახან შემოღებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა ზომებმა - “გააჩინა შეშფოთება საარჩევნო კამპანიის წარმოებისას თანაბარი შესაძლებლობების ქონასთან დაკავშირებით“.

სომხეთში, 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში 16 პარტია და 2 ბლოკი მონაწილეობდა. ამომრჩეველთა აქტივობა 58,97% იყო.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG