„ფაქტი ძალიან ცუდია. რაც ვნახეთ, ნამდვილად კრიტიკას ვერ უძლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ 13 ივნისს და იქვე დასძინა:
„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება და სამივე ადამიანი, როგორც ჩვენ ვიხილეთ [შსს-ს] განცხადებაში, არის პასუხისგებაში მიცემული“.
კალაძემ ტელეკომპანია დაადანაშაულა, რომ ეს ყველაფერი იცოდა და „მიზანმიმართულად არ მოხდა ამ ყველაფრის გავრცელება“, - რათა „ვნებათაღელვა გამოეწვიათ საზოგადოებაში“.
ძალადობა პოლიციელთა მხრიდან
ტელეკომპანია „პირველმა“ 12 ივნისს 22:50 საათზე გამოაქვეყნა საავტორო გადაცემის, „ნოდარ მელაძის შაბათის“ 13 ივნისის გამოშვების ანონსი.
დაახლოებით 2-წუთიან ანონსში ჩანს ახალგაზრდებზე პოლიციის უნიფორმაში გამოწყობილ პოლიციელთა მიერ გამეტებით ცემა.
ჟურნალისტის ცნობით, კადრებში ასახული ძალადობა ემსახურებოდა შსს-ს თანამშრომელთა მიერ სასურველი ჩვენების მოპოვებას.
ვიდეოში ისმის, როგორც ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე: „არაფერი არ ვიცი“, რის შემდეგაც პოლიციელი თავში ურტყამს ხელს, ასევე, თმაზე ძლიერად ქაჩავს.
ჩანს, როგორ ურტყამენ წიხლებსა და მუშტებს განყოფილებაში გადაყვანილ მოქალაქეებს.
„ტვ პირველის“ თანახმად, კადრებს პოლიციელები იღებდნენ.
შსს-ს განცხადებით, ეს დანაშაული 2026 წლის თებერვალში გამოავლინა შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ, „საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება“.
უწყების თანახმად, 2026 წლის 23 თებერვალს პროკურატურამ სამივე პოლიციელი დააკავა.
პროკურატურაში კი განაცხადეს, რომ „საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია.
თუმცა ადამიანის უფლებათა დამცველები ამბობენ, რომ არაერთი შეკითხვა რჩება სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, მათ შორის ძირითადი: რატომ დასჭირდა 4 წლამდე დრო დანაშაულის გამოვლენას.
ფორუმი