Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა Axios-ს უთხრა, რომ ირანთან შეთანხმებას მოელის „რამდენიმე საათში“ და ისრაელი დაადანაშაულა გადადებაში

(არქივი)
(არქივი)

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმებას რამდენიმე საათში მოაწერენ ხელს, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა ბეირუთზე დარტყმა განახორციელა, რამაც, მისი თქმით, გეგმა გადადო.

„ამან ყველაფერი შეარყია. ხელმოწერა რამდენიმე საათით გადაიდო. ახლა უნდა მომხდარიყო. ახლა კი ის რამდენიმე საათშია დაგეგმილი“, - განაცხადა ტრამპმა Axios-თან სატელეფონო საუბრისას.

ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუ ბეირუთზე თავდასხმის გამო გააკრიტიკა და თქვა: „ეს ძალიან ცუდია - დაუჯერებელი იყო. ერთი საათით ადრე, სანამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას ვაპირებდით“.

მძაფრი სიტყვების გამოყენებით, ტრამპმა Axios-ს განუცხადა, რომ ნეთანიაჰუზე განრისხდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა კვირას ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, რაც, მისი თქმით, ჰეზბოლას მიერ ჩრდილოეთ ისრაელზე განხორციელებული ცეცხლის საპასუხოდ მოხდა.
„რისთვის დასჭირდა ბიბის (ნეთანიაჰუს) ასეთი წყეული თავდასხმა?“ - განუცხადა ტრამპმა Axios-ს. „ძალიან გავბრაზდი. ვუთხარი ამის შესახებ. განსჯის უნარი აღარ აქვს”.

თეირანი ამტკიცებს, რომ ომის შეჩერების ნებისმიერი შეთანხმება უნდა ვრცელდებოდეს ლიბანში პარალელურ კონფლიქტზე, სადაც ისრაელი თავს ესხმის მოძრაობა ჰეზბოლას (აშშ-ში და ევროკავშირში მისი სამხედრო ნაწილი ტერორისტულადაა შერაცხილი), რომელსაც ირანი უჭერს მხარს და რომელიც ისრაელთან ომში ჩაერთო ირანის წინააღმდეგ თებერვლის ბოლოს მას მერე, რაც ირანის შეუტიეს აშშ-მა და ისრაელმა.

14 ივნისს ისრაელის სამხედრო ძალებმა ჰეზბოლას სამიზნეები დაბომბეს, ნათქვამია ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის ერთობლივ განცხადებაში. მათი განცხადების თანახმად, თავდასხმა ჰეზბოლას მიერ ისრაელის ტერიტორიისთვის ცეცხლის გახსნის საპასუხოდ განხორციელდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG