პრესსამსახურის ცნობით, 30 საქმეზე დანიშნულია მოსამზადებელი სხდომა, 7 შემთხვევაში საქმის განხილვა დასრულდა - რა შედეგი დადგა, ამის შესახებ რადიო თავისუფლება დამატებითი ინფორმაციის მოძიებას ცდილობს.
„სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებში წარდგენილი საქმეების განხილვა ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება, შესაბამისად, მიმდინარე სამართალწარმოებისა და მისი შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ეტაპობრივად მიეწოდება“, - აცხადებენ შსს-ში.
ახალი სამმართველო
ახალმა სამმართველო, რომელშიც, პირველადი ინფორმაციით, ათამდე ადამიანი დასაქმდა, 1 ივნისიდან მუშაობს.
სამმართველოს შექმნის ინიციატივა „ქართული ოცნების“ მთავრობაში ახალ პოზიციაზე დანიშნულმა მამუკა მდინარაძემ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, წარადგინა 18 მაისს.
მისი თქმით, ეს ინიციატივა მიმართულია „სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის“ წინააღმდეგ და მისი მიზანი არ არის „აზრისა და გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვა“.
„რა თქმა უნდა, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს“, - განაცხადა მდინარაძემ.
სამმართველოს ხელმძღვანელი - თამთა ქიმბარიშვილი
დეპარტამენტის ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან შეარჩიეს. თამთა ქიმბარიშვილი მანამდე შსს-ს იურისტი იყო. მის შესახებ დაწერილი ფეისბუკ-კომენტარის გამო სასამართლომ მოქალაქე 2500 ლარით დააჯარიმა:
- მისი ფოტო 2025 წლის 27 აპრილს ფეისბუკში გამოაქვეყნა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა წარწერით; „მონა–ჯალათი, სადისტი და პოტენციური მკვლელი“. პოსტზე კომენტარი დატოვა დიანა გოგოლაძემ („ახალგაზრდა გოგო და ასეთი ძუკნა“), რის გამოც მის წინააღმდეგ საქმე განიხილეს.
წილოსანის პოსტზე კომენტარისთვის 4000-ლარიანი ჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4000 ლარით დააჯარიმა ადვოკატი შოთა თუთბერიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის 1 ივნისის ფეისბუკპოსტზე დატოვებული კომენტარისთვის. საქმე შსს-ს ახალმა დეპარტამენტმა მოამზადა.
მოსამართლემ მიიჩნია, რომ ადვოკატმა დაარღვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესი (პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა).
„ალბათ, პირველია, „სქროლვა-სქრინვის“ სამმართველოს აქამდე, მე მგონი, საქმე არ შემოუტანია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თუთბერიძემ და აღნიშნა, რომ საქმეში წილოსანის გამოკითხვის ოქმი არ დევს.
შსს-ში მოგვიანებით განმარტეს, რომ ეს არ იყო პირველი საქმე, რომელიც სასამართლოებმა განიხილეს და გადაწყვეტილება კიდევ ექვს სხვა საქმეზეა დამდგარი.
ფორუმი