Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის მიერ დაკავებული ტანკერის ეკიპაჟის 3 წევრი ქართველია - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

ბრიტანელმა სამხედროებმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის” ნაწილად მიჩნეული ტანკერი Smyrtos-ი 14 ივნისს დააკავეს ლა-მანშის სრუტეში.
ბრიტანელმა სამხედროებმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის” ნაწილად მიჩნეული ტანკერი Smyrtos-ი 14 ივნისს დააკავეს ლა-მანშის სრუტეში.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ბრიტანეთის მიერ დაკავებული ტანკერის ეკიპაჟის 24 წევრიდან 3 საქართველოს მოქალაქეა.

სააგენტოში ამბობენ, რომ ნავთობტანკერი SMYRTOS-ი (IMO 9389100) არ იდენტიფიცირდა არცერთი აღიარებული ქართული საკრუინგო კომპანიის დასაქმების, რეკრუტირების ან მეზღვაურთა განთავსების ჩანაწერებში.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და სააგენტოს მარეგულირებელი აქტები საკრუინგო კომპანიებს ავალდებულებს განახორციელონ მკაცრი სანქციური შემოწმება და კრძალავს მეზღვაურთა დასაქმებას იმ გემებზე ან გემთმფლობელებთან, რომლებიც ექვემდებარებიან გაეროს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების ან გაერთიანებული სამეფოს სანქციებს“, - აცხადებენ სააგენტოში და დასძენენ, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ ტანკერზე არ დასაქმებულან საქართველოს საზღვაო სააგენტოს აღიარების მქონე კომპანიების მიერ.

უწყება დამატებით აღნიშნავს, რომ „სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ერთგულებას საერთაშორისო სანქციების შესრულების, პასუხისმგებლიანი საზღვაო მმართველობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების მიმართ“.

რა მოხდა

ბრიტანელმა სამხედროებმა 6-საათიანი ოპერაციის შედეგად, 14 ივნისს ლა-მანშის სრუტეში დააკავეს რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემი, კამერუნის დროშით მცურავი სანქცირებული ტანკერი Smyrtos-ი.

ტანკერის კაპიტანი, რომელიც ინდოეთის მოქალაქეა, ბრალის წარსადგენად დააკავეს დიდი ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს(NCA) წარმომადგენლებმა.

15 ივნისს NCA-მ განაცხადა, რომ კაპიტანს, 38 წლის აჯაი პანტს ბრალი წაუყენეს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების დარღვევისა და აკრძალული რუსული ნავთობის/ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის. ტანკერის კაპიტანი 16 ივნისს წარდგება საუთჰემპტონის სასამართლოს წინაშე.

დაკავებულ ტანკერზე, რომელიც ლა-მანშის სრუტის ნაპირზე, დორსეტის საგრაფოშია გაჩერებული, რჩება ეკიპაჟის 24 წევრი. ისინი საქართველოს და ინდოეთის მოქალაქეები არიან.

სანქციები

ბრიტანული მაუწყებლის, BBC-ს მონაცემებით, ტანკერი Smyrtos-ი(ყოფილი Myrtos-ი) 5 ივნისს გავიდა რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის მახლობლად მდებარე უსტ-ლუგის პორტიდან და ლა-მანშის სრუტეს 13 ივნისისთვის მიაღწია.

2025 წლის ივლისში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის" ამ ტანკერის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა, რის შემდეგაც მას სახელი შეეცვალა და Smyrtos-ი დაერქვა.

დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის სახელმწიფოებისა და აშშ-ის მიერ სანქცირებულია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილად მიჩნეული 500-ზე მეტი ტანკერი, რომლებსაც რუსული ნავთობი გადააქვთ უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების დარღვევით.

2026 წლის მარტში ბრიტანეთის მთავრობამ შეიარაღებული ძალების სამხედროებს მისცა ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ტრანზიტით მყოფ, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სანქცირებულ გემებზე ასვლისა და მათი დაკავების უფლება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG