Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი სომხეთს უმზადებს შეღავათებს რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის აკრძალვის გამო - FT

ევროკავშირი სომხეთისთვის ამზადებს საგანგებო სავაჭრო შეღავათებს. ბრიუსელმა სომხეთისთვის საკომპენსაციო ზომების შემუშავება რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის იმპორტის აკრძალვის გამო გადაწყვიტა.

ევროკომისიის გეგმის შესახებ 17 ივნისს, ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა გამოცემა Financial Times-მა.

საგანგებო ზომებს შორისაა საბაჟო გადასახადების შემცირება სომხეთში წარმოებული სასურსათო და სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის. შეღავათი უნდა შეეხოს უმეტესობას 20-მდე კატეგორიის სომხური პროდუქციიდან, რომლის იმპორტიც რუსეთმა აკრძალა. საუბარია წელიწადში დაახლოებით 420 მილიონი ევროს პროდუქციაზე.

ევროკომისია საგანგებო ზომებს უახლოეს კვირებში წარმოადგენს. მათ ამოქმედებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობის და ევროპარლამენტის თანხმობა სჭირდება.

  • ევროკავშირთან სომხეთის დაახლოებით უკმაყოფილო რუსეთმა სომხური პროდუქციის იმპორტის აკრძალვა სომხეთის პარლამენტის არჩევნების წინ დაიწყო და გააგრძელა პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკურ ძალებზე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიის გამარჯვების შემდეგ.

Financial Times-ის ერთ-ერთი რესპონდენტის სიტყვებით, ახლა შესაფერისი დროა მხარდაჭერისთვის და სომხეთისთვის იმის საჩვენებლად, რომ ევროკავშირს შეუძლია საიმედო პარტნიორი იყოს, სომხეთს სჭირდება მეგობრები, ევროკავშირს კი სამეზობლოს დაცვა.

ივლისის დასაწყისში სომხეთს უნდა ეწვიოს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი.

ევროკომისიის წარმომადგენელმა ოლოფ გილმა Financial Times-ს განუცხადა, რომ ავტონომიური სავაჭრო ზომები სომხეთის ბიზნესს უნდა დაეხმაროს წვდომაში ევროკავშირის ახალ საბაზრო შესაძლებლობებზე და ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე მეტად დაზარალებულ სფეროებს.





ფორუმი

XS
SM
MD
LG