Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი აცხადებს, რომ ირანში გოგონათა სკოლას არავინ დასხმია თავს

კადრი 2026 წლის 28 თებერვალს გადაცემული ვიდეოჩანაწერიდან, რომელზეც გამოსახულია გოგონათა საშუალო სკოლის შენობა მინაბში, ირანში აშშ-ის და ისრაელის თავდასხმის შემდეგ. დარტყმას 175-ზე მეტი ბავშვი და მასწავლებელი ემსხვერპლა.
კადრი 2026 წლის 28 თებერვალს გადაცემული ვიდეოჩანაწერიდან, რომელზეც გამოსახულია გოგონათა საშუალო სკოლის შენობა მინაბში, ირანში აშშ-ის და ისრაელის თავდასხმის შემდეგ. დარტყმას 175-ზე მეტი ბავშვი და მასწავლებელი ემსხვერპლა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ „არავინ“ განზრახ არ დასხმია თავს ირანში გოგონათა სკოლას თებერვალში. ეს მან ინციდენტის გამოძიებაზე დაყრდნობით თქვა.

Reuters-მა თავიდან გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სამხედროების წინასწარმა შიდა გამოძიებამ აჩვენა, რომ აშშ-ის ძალები, სავარაუდოდ, პასუხისმგებელნი იყვნენ სამხრეთ ირანში, მინაბში მომხდარ სისხლიან დარტყმაზე.

პენტაგონმა მას შემდეგ გამოძიება გააფართოვა, მაგრამ წინასწარი დასკვნები არ დაუდასტურებია.

ირანელი ოფიციალური პირების თქმით, 28 თებერვალს, კონფლიქტის პირველ დღეს განხორციელებულ დარტყმას 175-ზე მეტი ბავშვი და მასწავლებელი ემსხვერპლა.

საქმე „გამოძიების პროცესშია“, - განაცხადა ტრამპმა საფრანგეთის ქალაქ ევიან-ლე-ბენში „დიდი შვიდეულის“ კონფერენციის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ შეცდომები ომშიც დაშვებულია. „ეს არავის გაუკეთებია განზრახ“.

თავდაპირველად, მტკიცებულებების გარეშე, ტრამპმა თქვა, რომ ირანი იყო პასუხისმგებელი. შემდეგ განაცხადა, რომ დარტყმის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ აქვს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და მის შედეგებს ელოდება.

გასულ თვეში აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა განაცხადა, რომ გოგონათა სკოლაში დარტყმის გამოძიება „რთულია“ იმის გათვალისწინებით, რომ ის ირანის ამჟამინდელ სარაკეტო ბაზაზე იყო განთავსებული, მაგრამ გამოძიება დასასრულს უახლოვდება.

სკოლის ოფიციალური ვებსაიტის საარქივო ასლები აჩვენებს, რომ სკოლა “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” მიერ მართულ კომპლექსს ესაზღვრება.

Reuters-ი საკითხთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სამიზნე რუკების შექმნისთვის პასუხისმგებელმა აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, როგორც ჩანს, მოძველებული სადაზვერვო მონაცემები გამოიყენეს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG