Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამია: მოსამართლე ვალდებულია, იმსჯელოს ხოშტარიას მდგომარეობაზე

ფოტო არქივიდან: ნიკა გვარამია და ელენე ხოშტარია
ფოტო არქივიდან: ნიკა გვარამია და ელენე ხოშტარია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვის დროს მოითხოვენ ელენე ხოშტარიას გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხის განხილვას. ხოშტარიას, ისევე როგორც კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსს, ამ საქმეში ბრალდებულის სტატუსი აქვს.

„მოსამართლე ვალდებულია, იმსჯელოს პროცესის მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გამოიკვლიოს ის და თუ საჭიროა და ჩვენ ვიცით, რომ საჭიროა, მიიღოს აუცილებელი ზომები. თუ ზომები არ იქნება მიღებული, ჩვენ ნაფიქრი გვაქვს, როგორ უნდა მოვიქცეთ...“ - თქვა გვარამიამ სასამართლო სხდომის დაწყებამდე და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციის ალიანსში შემავალი პარტიები მათ შეუერთდებიან.

სხდომის დასრულების შემდეგ ნიკა გვარამიამ თქვა, რომ მოსამართლე თამარ მახარობლიძემ არ დააკმაყოფილა მათი ეს შუამდგომლობა.

გუშინ, 17 ივნისს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, „დროას“ ("კოალიცია ცვლილებისთვის" შემავალი პარტია) თავმჯდომარის, ელენე ხოშტარიას ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ რუსთავის ციხეში მყოფი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მას მკურნალობა სჭირდება.

„ყოველი ვიზიტის დროს, ჩვენთვის, მისი ადვოკატებისთვის, თვალში საცემია სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებდეს. ესენია: სახსრების ძლიერი ტკივილი; მოძრაობის გაძნელება; პერიოდულად სახსრების მოძრაობის შეზღუდვა, რის გამოც, ვერ ახერხებს ზოგჯერ წერასაც კი და გადაადგილებისას სჭირდება ჯოხი“, - თქვა შოთა თუთბერიძემ.

რა დიაგნოზი აქვს ხოშტარიას

ელენე ხოშტარიას მეგობარმა ნინო ორდენიძემ პენიტენციურ სამსახურთან გამართულ აქციაზე თქვა, რომ გარემოება, რომ ელენე ხოშტარიამ მათ მისცა უფლება, რომ საჯაროდ ისაუბრონ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ნიშნავს, რომ „ის არის რეალურად ძალიან ცუდად“.

ორდენიძის თქმით, ხოშტარია საპატიმროში მოხვდა ორი დიაგნოზით, რომლებსაც რამდენიმე წელია, ებრძვის: „ერთი არის რევმატიული ართრიტი, ხოლო მეორე - ავტოიმუნური დაავადება“.

ხოშტარიას პირველი კომენტარი ამბის გახმაურების შემდეგ

ელენე ხოშტარიას ფეისბუკზე 17 ივნისს, 18:00 საათზე გამოქვეყნდა მისი პირველი კომენტარი, პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაჯაროებისა და პენიტენციური სამსახურის პასუხის შემდეგ.

„მეგობრებო, პირველ რიგში, დიდი მადლობა თანადგომისთვის, მაგრამ ჩემზე არ ინერვიულოთ. რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად. ცხადია, არც ერთი წამი არ ვაპირებ, რუსების არალეგიტიმურ ინსტიტუტებთან რაიმე დისკუსიაში შესვლას, ან მათთვის რაიმეს მტკიცებას და მითუმეტეს, რაიმეს თხოვნას. რაც უნდათ ის ქნან“, - დაწერა ხოშტარიამ.

18-თვიანი პატიმრობა პლაკატზე წარწერის გამო

24 მარტს ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, რომელიც თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის „დაზიანებაში“ იყო ბრალდებული, მოსამართლე გიორგი არევაძემ 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ბანერზე წარწერის გაკეთება კრიმინალი არ არის.

„მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, დიახ, უნდა ვანახოთ, რომ მათ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით“.

პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, როცა ის დააპატიმრეს, რადგან არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი განსხვავებული აზრის დასჯად მიიჩნევს ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის, ელენე ხოშტარიასთვის 18-თვიანი პატიმრობის მისჯას საარჩევნო პლაკატზე მარკერით წარწერის გაკეთების გამო.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს, რომ ხოშტარიას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების მაგალითია. ორგანიზაციის განმარტებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის 71 ნაწილისა და მე-80 მუხლის პირველი ნაწილით, საარჩევნო ბანერი არის სააგიტაციო მასალა, რომლის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება ისჯება 1000 ლარის ოდენობით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG