25 ივნისს პოლონეთის ქალაქ გდანსკში დაიწყო საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ რუსეთის ომით დაზარალებული უკრაინის აღდგენის საკითხებზე.
კონფერენციის გახსნისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა, რომ უკრაინა 25 ივნისს მიიღებს ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს კრედიტის პირველ ტრანშს - 3,2 მილიარდ ევროს.
- ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფის საბოლოო გადაწყვეტილება 2026 წლის აპრილში მიიღეს.
ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ევროკავშირი დაიწყებს უკრაინისთვის თანხის გადარიცხვას 6 მილიარდი ევროს პაკეტიდანაც, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას უნდა მოხმარდეს.
გდანსკში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე უკრაინის დელეგაციას პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო ხელმძღვანელობს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში არ გაემგზავრა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლონეთის პრეზიდენტ ნავროცკის მიერ ზელენსკისთვის პოლონეთის ორდენის, „თეთრი არწივის“ ჩამორთმევა უკრაინის არმიის ერთ-ერთი ქვედანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელის მინიჭების გამო.
უკრაინელი ნაციონალისტების ამ პარტიზანულ ფორმირებას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის და მის შემდგომ პერიოდში მოქმედებდა, პოლონეთი ადანაშაულებს ვოლინსა და აღმოსავლეთ გალიციაში პოლონელების მასობრივ მკვლელობაში.
ფორუმი