უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ 26 ივნისს დრონებით დაარტყეს ანექსირებული ყირიმის ქერჩის რაიონში მდებარე გემთმშენებელი ქარხნის, „ზალივის“ ტერიტორიას. ამ ქარხანაზე შეტევის შესახებ დილით წერდა ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ“.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ საიტზე 26 ივნისს დღისით გამოქვეყნებული ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციების ცენტრ „ალფას“ მეომრებმა ქერჩის ქარხანაში დრონებით დაარტყეს გემებს, „ვოლგას“ და „ვიატკას“ და ბორან „პეტროპავლოვსკს“, რომლებზეც მასშტაბური ხანძრები გაჩნდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ქერჩის ქარხნის მიერ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის აშენებული, ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების „ვოლგა“ და „ვიატკა“ განკუთვნილი იყო წყალქვეშა დაზვერვისა და დანაღმვისთვის.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობითვე, ქერჩის რაიონში დრონებით დაარტყეს რუსეთის არმიის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ის შეიარაღებას და რადიოლოკაციურ სადგურს.
უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ასრულებენ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დამტკიცებული, რუსეთზე „ზემოქმედების 40-დღიანი ოპერაციის“ ფარგლებში განსაზღვრულ დავალებებს. ზელენსკიმ ამ გეგმის დამტკიცების შესახებ 25 ივნისს განაცხადა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არაფერი უთქვამს ქერჩის რაიონში უკრაინის მიერ დასახელებულ ობიექტებზე დარტყმის შესახებ.
- 2026 წლის გაზაფხულიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს შეტევის მასშტაბი როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქ მოსკოვზე, ისე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზე.
- დარტყმის ქვეშაა რუსული არმიის ობიექტები, სამხედრო მრეწველობის და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ნავთობის ტერმინალები და ტრანსპორტირების მარშრუტები.
- რუსეთში ბენზინის გაყიდვა შეზღუდეს, ანექსირებულ ყირიმში კი სრული დეფიციტი შეიქმნა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 ივნისს უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია რუსებმა ომი იგრძნონ და რუსეთმა იცოდეს, რომ არ გამოუვა უკრაინელების მიწების იოლად და დაუსჯელად მოპარვა.
ზელენსკის თანახმად, უზრუნველყოფენ ისეთ პირობებს, რომ რუსეთი იძულებული გახდება მშვიდობას დასთანხმდეს.
ფორუმი