დაპირების მიხედვით, მისი მკურნალობის პროცესში სრულად იქნებიან ჩართული მისი მკურნალი ექიმები სხვადასხვა პროფილური მიმართულებით.
„კლინიკა „ვივამედში“ მსჯავრდადებულის ინტერესების გამომხატველი სამედიცინო მიმართულებით ექიმების მაკას [იოსელიანი] და ანას [ქავთარაძე] მეთვალყურეობით ელენე ხოშტარია გაივლის შესაბამის დამატებით კვლევებს“, - თქვა გიორგი პატარიძემ ჟურნალისტებთან.
ზარი ციხიდან
ელენე ხოშტარიას ექიმები პენიტენციურ სამსახურში შეხვედრას რამდენიმე საათის განმავლობაში მართავდნენ. მის მხარდასაჭერად კი უწყების შენობასთან აქცია იმართებოდა. სწორედ ამ დროს ხოშტარიამ საპატიმროდან დარეკა და მადლობა გადაუხადა მათ:
„აუტანელი არის არა ტკივილი, ამასაც ავიტან და უარესსაც ავიტან. აუტანელი არის ის, რომ არის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ღირსება, სიმართლე, უბრალოდ აღარ ფასობს ამ ქვეყანაში და ეს უნდა გამოვასწოროთ ჩვენ...
მე ძალიან მადლობელი ვარ თქვენი გვერდში დგომით. არ ინერვიულოთ, რაც არ უნდა გადაწყვიტონ, საერთოდ არ ინერვიულოთ, ვერაფერს ვერ მოგვაკლებენ. რაც მთავარია, ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში ყველა კრიზისის დროს“.
ელენე ხოშტარიას მდგომარეობა
თითქმის ორი კვირის წინ, 17 ივნისს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, „დროას“ ("კოალიცია ცვლილებისთვის" შემავალი პარტია) თავმჯდომარის, ელენე ხოშტარიას ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ რუსთავის ციხეში მყოფი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მას მკურნალობა სჭირდება.
პენიტენციურმა სამსახურმა განცხადებით უპასუხა ხოშტარიას ადვოკატს. უწყების განმარტებით, პოლიტიკოსი „შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით“.
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მზად იყო შეესწავლა ელენე ხოშტარიასთვის პენიტენციურ დაწესებულებაში გაწეული "სამედიცინო დახმარების ეფექტიანობის საკითხი", მაგრამ ამ დოკუმენტის გამოთხოვას თავად პირის თანხმობა სჭირდება.
„სწორედ ამიტომ, საჯაროდ გავრცელებული განცხადების შემდეგ, მის ადვოკატს დაუკავშირდა ჩემი წარმომადგენელი და გამოხატა მზაობა პროცესში ჩვენი ჩართვის მიმართულებით“, - დაწერა ლევან იოსელიანმა სოციალურ ქსელში.
რატომ არის ხოშტარია პატიმრობაში
ელენე ხოშტარია უკვე 10 თვეა პატიმრობაშია. მას 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს ოპონენტის, ხელისუფლებაშ მყოფი „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის იმდროინდელი [მოქმედი] კანდიდატის, კახა კალაძის პლაკატზე წარწერის გაკეთების გამო.
24 მარტს ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, რომელიც თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის „დაზიანებაში“ იყო ბრალდებული, მოსამართლე გიორგი არევაძემ 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ბანერზე წარწერის გაკეთება კრიმინალი არ არის.
„მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, დიახ, უნდა ვანახოთ, რომ მათ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით“.
პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, როცა ის დააპატიმრეს, რადგან არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო.
ფორუმი