29-დან 30 ივნისის ღამით და გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის შემოგარენში. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, უკრაინული დრონებით მასირებულ შეტევას მსხვერპლი მოჰყვა.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვის ტელეგრამ არხზე 30 ივნისს დილის ათი საათისთვის გამოქვეყნებული ცნობით, ოლქის ქალაქ ეგორიევსკში დრონი კერძო სახლს მოხვდა, დაიღუპა ექვსი თვის ბავშვი. დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
გუბერნატორის თანახმად, საჰაერო თავდაცვამ მოსკოვის ოლქის ცამეტ რაიონში, მათ შორის დომოდედოვოში, დუბნაში, რამენსკოეში, ოდინცოვოსა და კოლომნაში მოიგერია 60 უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსეთის ხელისუფლება, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.
ვორობიოვის ცნობით, დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად“ დუბნაში დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობა. კონკრეტულად რა შენობაა ეს, გუბერნატორს არ უთქვამს.
- ერთი კვირის წინ, 22 ივნისს უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში დაარტყეს კოსმოსური კავშირის ცენტრს.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა 30 ივნისს დილით ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ 29 ივნისის საღამოს რვა საათიდან მოსკოვთან განადგურებულია 61 უპილოტო საფრენი აპარატი. მანამდე სობიანინი პერიოდულად აქვეყნებდა სტანდარტულ მოკლე შეტყობინებებს, რომ „ნამსხვრევების ჩამოცვენის ადგილებში საგანგებო სამსახურების სპეციალისტები მუშაობენ", თუმცა არც ეს ადგილები დაუსახელებია და არც შედეგები.
განახლება: 30 ივნისს დღისით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა დაარტყეს რუსეთის კოსმოსური კავშირის ცენტრ „დუბნას“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მოკლე ინფორმაციით, 29 ივნისის საღამოს რვიდან 30 ივნისის დილის შვიდ საათამდე რუსეთის თვრამეტ ოლქში, მათ შორის მოსკოვის რეგიონში და ასევე, ყირიმში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 419 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.
29 ივნისს, უკრაინაზე რუსეთის მორიგი, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გამომწვევი შეტევის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ყველა დარტყმას კვლავაც „სრულიად სამართლიანად“ უპასუხებენ და ამას აკეთებენ ისე, რომ დაზარალდეს პირველ ყოვლისა, რუსეთის სახელმწიფო სისტემა და მის მიერ ომის გაგრძელების შესაძლებლობები.
ფორუმი