Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის ქალაქ პენზაში დაარტყა „როსკოსმოსის“ ობიექტს

1 ივლისს დრონებით შეტევა იყო რუსეთის ქალაქ პენზაზე
1 ივლისს დრონებით შეტევა იყო რუსეთის ქალაქ პენზაზე

1 ივლისს აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ პენზაში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ განაცხადა. უკრაინის თანახმად, პენზაში სამხედრო დანიშნულების საწარმოს დაარტყეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირების ფარგლებში, პენზაში დაარტყეს „ფიზიკური გაზომვების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს“, რომელიც ამზადებს კომპონენტებს ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებისა და ავიაციის საბორტო სისტემებისთვის და სადაზვერვო თანამგზავრებს.

უკრაინის გენშტაბის თანახმად, დარტყმის შედეგად ობიექტზე დაფიქსირებულია დაკვამლიანება, ზიანის მასშტაბი კი დაზუსტების ეტაპზეა.

პენზაში მდებარე ამ საწარმოზე დარტყმის შესახებ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაწერა დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მაც.

  • პენზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ჰოლდინგ „რუსეთის კოსმოსური სისტემების“ ერთი-ერთი საწარმოა, თავად ჰოლდინგი კი სახელმწიფო კორპორაცია „როსკოსმოსის“ შემადგენლობაშია.

პენზის ოლქის გუბერნატორმა ოლეგ მელნიჩენკომ უკრაინული დრონებით შეტევა დაადასტურა, თუმცა კიევის მიერ დასახელებულ ობიექტზე არაფერი უთქვამს. მელნიჩენკოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დრონის ნამსხვრევებმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანეს.

რუსეთის პენზის ოლქში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტზე დარტყმის შესახებ 1 ივლისს სოციალურ ქსელებში დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. მისი ინფორმაციით, უკრაინულმა იარაღმა მიაღწია ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 600 კილომეტრში მდებარე სტრატეგიულ ობიექტამდე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული რუსული რაკეტების კომპონენტებს ამზადებს.

ზელენსკის თანახმად, რუსეთის მიერ ომის გაჭიანურების პასუხად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ისევ დაარტყეს ქალაქ უფაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასაც. კონკრეტულად რომელს, ზელენსკის არ უთქვამს.

  • რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ უფაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები აქვს კომპანია „ბაშნეფტს“. მის საწარმოებს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დრონებით დაარტყეს 2026 წლის აპრილსა და ივნისშიც.

1 ივლისს დილით ბაშკირეთის რესპუბლიკაში დრონებით შეტევის საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს და დროებით დახურეს უფის აეროპორტი. საფრთხის რეჟიმი დღის პირველ საათამდე მოქმედებდა. ადგილობრივ ხელისუფლებას შედეგების შესახებ არანაირი ცნობა არ გაუვრცელებია.

  • უკრაინის თავდაცვის ძალები ამ გაზაფხულიდან ინტენსიურად უტევენ სამხედრო ობიექტებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის ტერმინალებს და ტრანსპორტირების მარშრუტებს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში.
  • რუსეთის რეგიონებში ბენზინის და დიზელის საწვავის გაყიდვა შეზღუდეს, ანექსირებულ ყირიმში კი სრული დეფიციტი შეიქმნა.

უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს არის სამართლიანი პასუხი უკრაინის ქალაქებსა და რაიონებზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია რუსეთის სახელმწიფო სისტემის დაზიანება და მისთვის ომის გაგრძელების შესაძლებლობების შეზღუდვა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG