ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ(CENTCOM) დაადასტურა ირანის სამხედრო ობიექტებზე მორიგი დარტყმა, რის შესახებაც მანამდე მედია წერდა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
12 ივლისს დღის ბოლოს CENTCOM-მა განაცხადა, რომ ირანში დაარტყეს ათეულობით სამიზნეს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, სანაპირო რადარებს და ნავებს, რათა შეზღუდონ ირანის შესაძლებლობა ჰორმუზის სრუტეში განაგრძოს თავდასხმები სატვირთო გემებზე.
ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, აფეთქებები იყო ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ პროვინციებში, სადაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.
13 ივლისს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატების დარტყმას უპასუხა შეტევით ამერიკულ ბაზებზე ქუვეითში, ბაჰრეინსა და იორდანიაში. ამ ქვეყნების ოფიციალური წყაროების თანახმად, შეტევის მოსაგერიებლად საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანზე დარტყმები გასულ კვირაში განაახლა მას შემდეგ, რაც თეირანი დაადანაშაულა ივნისში ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევასა და ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემზე მორიგ თავდასხმაში.
ირანმა, რომელიც მოითხოვს, რომ გემებმა მასთან შეთანხმებული მარშრუტით იმოძრაონ, განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მხრიდან დარტყმების განახლების გამო ჰორმუზის სრუტე ისევ დაკეტა. ვაშინგტონმა სრუტის დაკეტვა უარყო.
ფორუმი