უკრაინამ დაადასტურა დრონებით შეტევა რუსეთის სტავროპოლის და კრასნოდარის მხარეებში მდებარე ნავთობის საცავსა და პორტზე.
13 ივლისს დილით ამ ობიექტებზე უკრაინული დრონებით დარტყმის შესახებ წერდნენ რუსული და უკრაინული მედიასაშუალებები.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 13 ივლისს დღისით განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შესამცირებლად კრასნოდარის მხარეში, პორტ „კავკაზის“ ტერიტორიაზე დაარტყეს ნავთობპროდუქტების სამ რეზერვუარს, პორტის სარკინიგზო-სატვირთო სადგურის საწყობს და ორ საავტომობილო ბორანს, ხოლო სტავროპოლის მხარეში - დასახლება ვიაზნიკის ნავთობის ბაზის რეზერვურების პარკს.
- პორტი „კავკაზი“, რომელიც რუსეთის კრასნოდარის მხარის ტემრიუკის რაიონში, ქერჩის სრუტეში მდებარეობს, ადრეც არაერთხელ იყო უკრაინის თავდაცვის ძალების სამიზნე
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, 12-დან 13 ივლისის ღამით შავ ზღვაში დრონებით დაარტყეს რუსეთის ორ საპატრულო კატერსაც, ანექსირებულ ყირიმში მდებარე რუსული საავიაციო ბაზის, „ბაგეროვოს“ ანგარებს, სამ სტაციონარულ რადიოლოკაციურ სადგურს და ორ საავტომობილო ბორანს.
უკრაინის მიერ დასახელებულ ამ ობიექტებზე შეტევის შესახებ რუსეთის ხელისუფლებას არაფერი უთქვამს.
- უკრაინის თავდაცვის ძალები ინტენსიურად უტევენ სამხედრო ობიექტებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის ტერმინალებს და ტრანსპორტირების მარშრუტებს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში.
- რუსეთის ხელისუფლება ამ შეტევებს „ტერორისტულს“ უწოდებს.
- უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს არის სამართლიანი პასუხი უკრაინის ქალაქებსა და რაიონებზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია რუსეთის სახელმწიფო სისტემა დააზიანონ, ომის გაგრძელების შესაძლებლობები შეუზღუდონ და ომის შეწყვეტა აიძულონ.
ფორუმი