რუსეთის ჯარებმა მორიგი სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე.
შეტევა 13-დან 14 ივლისის ღამით დაიწყო. გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები თავშესაფრებში უნდა გადავიდნენ.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, გოლოსეევის რაიონში დარტყმა იყო საწყობებზე, სადაც ხანძრები გაჩნდა. რა საწყობებია ეს, კლიჩკოს არ დაუკონკრეტებია. კიევის დარნიცის რაიონში დარტყმა იყო ერთ-ერთი სკოლის მახლობლად.
განახლება: დილის ცხრა საათისთვის უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ კიევში ხანძრები ლიკვიდირებულია, მსხვერპლი არ არის.
რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა თავდაცვის სამინისტროს მოკლე, ზოგადი ცნობა, რომ კიევში დაარტყეს სამხედრო მრეწველობის საწარმოებს.
ივლისის დასაწყისიდან რუსეთის ჯარებმა კიევზე რაკეტებით და დრონებით რამდენჯერმე მიიტანეს მასირებული შეტევა, რასაც დიდი მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა.
უკრაინის ხელისუფლება კიევის და სხვა ქალაქების დასაცავად დიდი ხანია პარტნიორი სახელმწიფოებისგან ითხოვს დახმარებას საჰაერო თავდაცვის სისტემის გასაძლიერებლად. პირველ ყოვლისა, საუბარია ამერიკულ სისტემებზე Patriot-ი, რომლებსაც ბალისტიკური რაკეტების მოგერიება შეუძლიათ.
8 ივლისს ანკარაში, ნატოს სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არიან, უკრაინას მისცენ Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზია.
13 ივლისს პარიზში, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ საჰაერო თავდაცვის საკმარისი საშუალებები ექნებათ, რუსეთს ომის ზამთრამდე გაჭიანურების გაცილებით ნაკლები საფუძველი ექნება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა, რომ უკრაინა საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად მიიღებს ახალი თაობის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს SAMP/T. გარდა ამისა, საფრანგეთმა უკრაინას მისცა ლიცენზია ზოგიერთი სახეობის იარაღის წარმოებისთვის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტების Aster.
13 ივლისს პარიზში ათმა ქვეყანამ გამოაცხადა, რომ ევროპის ანტიბალისტიკური პოტენციალის გასაძლიერებლად ქმნიან ანტიბალისტიკური თავდაცვის კოალიციას. ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს უკრაინის, საფრანგეთის, დანიის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდის, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა.
ფორუმი