რუსეთის ჯარებმა უკრაინის ოდესის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა მიიტანეს 14 ივლისსაც.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაზიანებულია ორი საწარმო. ერთი მათგანის ტერიტორიაზე ხანძარი გაუჩნდა მზესუმზირის ზეთის რეზერვუარებს. მსხვერპლი არ არის. ოდესის ოლქის ადმინისტრაციას არ დაუკონკრეტებია, რა საწარმოებია ეს და რომელ რაიონში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ოდესის ოლქში დაარტყეს პორტ „იუჟნის“ ინფრასტრუქტურას, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი საწვავის შესანახად და ტრანსპორტირებისთვის იყენებდნენ.
- რუსეთის ჯარებმა ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას დაარტყეს 13 ივლისსაც. უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, შეტევის შედეგად დაზიანდა უცხოური სატვირთო გემიც, დაიღუპა ეკიპაჟის ხუთი წევრი.
13-დან 14 ივლისის ღამით რუსეთის ჯარებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, გოლოსეევის რაიონში დარტყმა იყო საწყობებზე, სადაც ხანძრები გაჩნდა. რა საწყობებია ეს, კლიჩკოს არ დაუკონკრეტებია.
დილის ცხრა საათისთვის უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ კიევში ხანძრები ლიკვიდირებულია, მსხვერპლი არ არის.
რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა თავდაცვის სამინისტროს მოკლე, ზოგადი ცნობა, რომ კიევში დაარტყეს სამხედრო მრეწველობის საწარმოებს.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 14 ივლისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 8 ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერი“, 2 მართვადი საავიაციო რაკეტით და 135 დრონით.
დილის ცხრა საათისთვის დადასტურებული იყო 5 ბალისტიკური რაკეტის, ორივე მართვადი საავიაციო რაკეტის და 108 დრონის მოგერიება და ერთი ბალისტიკური რაკეტით და 25 დრონით პირდაპირი დარტყმა 17 ადგილზე. დაუზუსტებელი იყო ინფორმაცია კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტის შესახებ.
14 ივლისს უკრაინული დრონებით შეტევა იყო რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე. სამიზნეებს შორის იყო კრასნოდარის მხარის დაბა აფიპსკისა და ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სალავატში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 14 რეგიონში, ანექსირებულ ყირიმში და აზოვის და შავი ზღვების თავზე 288 უკრაინული დრონი მოიგერიეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.
ფორუმი