Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაცისტური იდეოლოგიის დაჯგუფების კიდევ 8 წევრს“ მიუსაჯეს პატიმრობა

რვა მსჯავრდადებულს შორის ხუთი არასრულწლოვანია. ფოტო არქივიდან.
რვა მსჯავრდადებულს შორის ხუთი არასრულწლოვანია. ფოტო არქივიდან.

პროკურატურის მიერ 15 ივლისს გავრცელებული ცნობის თანახმად, სასამართლომ „ფაშისტური-ნაცისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრებს“ - რვა ბრალდებულს, რომელთაგან ხუთი არასრულწლოვანია - ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

ისინი დამნაშავედ ცნეს „შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებულ წამებაში, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში, მასში მონაწილეობასა და ჯგუფურად ძარცვაში“.

რას ედავებოდნენ მათ

ბრალდებულის მხარის მტკიცებით, - რაც სასამართლომ გაიზიარა, - ბრალდებულები:

  • „იდეოლოგიიდან გამომდინარე“, მათთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ, ძალადობას უწევდნენ ორგანიზებას;
  • ისინი „მათგან განსხვავებული შეხედულებების მქონე პირთა გამოვლენისა და დასჯის მიზნით, შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს“;
  • „ამცირებდნენ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მათზე და აწამებდნენ“;
  • „ასევე, ხშირ შემთხვევაში, ძალადობის ამსახველ ვიდეოებს იღებდნენ და ჩანაწერებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და დახურულ ჯგუფებში ავრცელებდნენ“;
  • „რიგ შემთხვევაში მსხვერპლებს ასევე ართმევდნენ პირად ნივთებს“.

სხვა დეტალებს - მათ შორის ბრალდებულთა ვინაობას - პროკურატურა ამ განცხადებაში არ აკონკრეტებს.

მათ სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს. კერძოდ:

  • ორ სრულწლოვან ბრალდებულს მიუსაჯეს 14-14 წლით პატიმრობა,
  • ერთ სრულწლოვანს - 8 წლით პატიმრობა;


რაც შეეხება არასრულწლოვან ბრალდებულებს, - მათ სტანდარტული სასჯელები შეუმცირდათ, - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით, - და საბოლოოდ:

  • ერთ არასრულწლოვანს - 10 წლითა და 6 თვით;
  • ორ არასრულწლოვანს - 9 წლითა და 4 თვით;
  • ერთ არასრულწლოვანს - 6 წლით;
  • კიდევ ერთ არასრულწლოვანს კი - 5 წლითა და 4 თვით პატიმრობა მიესაჯა.

შსს შიგადაშიგ აცხადებს ხოლმე, რომ „ნეონაცისტური“ თუ „ფაშისტური“ დაჯგუფებების წევრებს აკავებს. მაგალითად, 2026 წლის 30 მარტს 13 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 7 არასრულწლოვანი.

გამოძიების თანახმად, ისინი „განსაკუთრებული სისასტიკით“ ესხმოდნენ თავს სხვადასხვა ასაკის ადამიანებს, მათ შორის არასრულწლოვანებს.

მანამდე, 2026 წლის 16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ დააკავა 16 ადამიანი, მათ შორის 10 არასრულწლოვანი.

კიდევ უფრო ადრე, 2025 წლის ივლისში, სხვა პირებმა იძალადეს 15 წლის ბიჭზე; მათ - 9 ბრალდებულს, მათ შორის 6 არასრულწლოვანს - 2025 წლის 30 დეკემბერს პატიმრობა მიუსაჯეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG