„თითქოს იგივე ამბავში ვარ, რაც შვიდი წლის წინ ხდებოდა, როცა ვიტალი მოკლეს“, - ამბობს ჩვენთან ინტერვიუში მარინა ალანაკიანი, 2018 წელს მოკლული, 25 წლის ვიტალი საფაროვის დედა.
„ხელმეორედ გავიარე იგივე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ზურა ისაევი, 2024 წლის ზაფხულში ვარკეთილში ცემით მოკლული 19 წლის შაკო ისაევის მამაც.
ვიტალი საფაროვის დედისთვისაც და შაკო ისაევის მამისთვისაც ყველაზე ძნელი იმ ვიდეოების ნახვა გახდა, რომლებშიც ახალგაზრდები თანატოლებს დაუნდობლად სცემენ და ძალადობას ტელეფონით იღებენ. ეს კადრები პროკურატურამ გაავრცელა და ავალიანის მკვლელობის გამო ბრალდებულ არასრულწოვანებს ჯგუფური ძალადობის სხვა ეპიზოდებში მონაწილეობაშიც დასდო ბრალი.
გამოძიებამ თქვა, რომ ადგენს, რამდენად აქვთ კავშირი ბრალდებულებს ე.წ. „ნეონაცისტურ იდეოლოგიასთან“.
როგორც მშობლებს, მათ აწუხებთ კითხვა: რა უბიძგებს ამ ახალგაზრდებს, მათ შორის არასრულწლოვანებს, გაერთიანდნენ დანაშაულებრივ ჯგუფებში, რა ახალისებს ასეთი ჯგუფების არსებობას?
ან რას აკეთებს სახელმწიფო, ოჯახი, სკოლა, საზოგადოება იმისთვის, რომ ძალადობა დროულად დაინახოს და შეაჩეროს? და ფრთხილ ეჭვსაც გამოთქვამენ - „ხომ არ აწყობს ასეთი ჯგუფების არსებობა სისტემას“?
„იქნებ თავის დროზე რომ გამოეძიებინათ ეს ამბავი, როცა ვამბობდით, რომ არსებობდა რაღაც ჯგუფები, სადაც ბავშვებიც იყვნენ გაერთიანებული და ამ ჯგუფებში ფაშისტური თუ ნეონაცისტური იდეები ვრცელდებოდა, ასეთი რეალობა აღარ გვქონოდა? იქნებ ვიტალი ბოლო მსხვერპლი ყოფილიყო?“ - გვეუბნება მარინა ალანაკიანი, რომელსაც შვილის მკვლელობიდან ორი წლის შემდეგაც უგზავნიდნენ სიძულვილის შემცველ მუქარებს.
მაშინ ვიტალის დედამ პოლიციასაც მიმართა, თუმცა პასუხი არავის არაფერზე უგია.
ამ ვიდეოინტერვიუში, ვიტალი საფაროვის დედა შვილის მკვლელობიდან შვიდი წლის შემდეგ გვიყვება იმ განცდებზე, რომლებიც გიგა ავალიანის მკვლელობამ გაუახლა, გვიზიარებს თავის ეჭვებსაც კრიმინალურ დაჯგუფებებზე, რომლებიც არსად გამქრალან და ეძებს გამოსავალსაც იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ხვალ, შესაძლოა, ასეთივე ბანდებში აღმოჩნდნენ.
ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეს შსს თავიდან იძიებდა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თუმცა ოჯახის წევრები და უფლებადამცველები მკვლელობის დღიდან მოითხოვდნენ საქმის კვალიფიკაციის შეცვლას. მოგვიანებით ბრალი მართლაც გადაკვალიფიცირდა - რასობრივი, რელიგიური და ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო განზრახ მკვლელობის ჩადენის მუხლით, თუმცა, საბოლოოდ, სასამართლოს არცერთმა ინსტანციამ საქართველოში მკვლელობის მოტივად რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობა არ დაადგინა. 25 წლის უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს თბილისში, დიუმას ქუჩაზე მდებარე ბარ „ვარშავასთან“ მომხდარი ჩხუბის დროს მოკლეს.
შაკო ისაევის მამას შვილის მკვლელობის მერე დღემდე აწუხებს კითხვა: რატომ არავინ ჩაერია ახალგაზრდების გასაშველებლად, რატომ არავინ დარეკა პოლიციაში, რატომ გაჩუმდა საზოგადოება?
მას არც იმაზე არ აქვს პასუხი, რატომ უნდა სჭირდებოდეს მოკლული შვილის მშობელს ქუჩაში ხმამაღლა ყვირილი და საპროტესტო აქციებით სამართლის აღსრულება მაშინ, როცა ის გლოვობს.
შაკო ისაევის ოჯახი აღარ ცხოვრობს ვარკეთილში. მომხდარის შემდეგ ისინი თბილისიდან გადავიდნენ: “არ შემეძლო იმ ადგილებისთვის მეყურებინა, სადაც ჩემი შვილი გაიზარდა და თამაშობდა”.
შაკო ისაევის მკვლელობაში მსჯავრდადებულებს, რომელთაგანაც ორი 19 და 20 წლისანი არიან, განაჩენი სააპელაციო სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული ბრალის შემსუბუქების მოთხოვნით.
19 წლის შაკო ისაევი 2024 წლის ივნისში ვარკეთილში გამეტებით სცემეს. ერთი კვირის შემდეგ ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ცემიდან მალევე, პოლიციამ სამი ახალგაზრდა კაცი (მათგან ორი - 19 და 20 წლისანი) დააკავა - ისინი ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით გაასამართლეს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ეს დანაშაული სასჯელად 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარს, სავარაუდოდ, არაერთი თვითმხილველი ჰყავდა - იმ ადგილს, სადაც შაკო სცემეს, საცხოვრებელი კორპუსი ზევიდან გადაჰყურებს. იქვეა ავტობუსის გაჩერებაც. კორპუსის ქვეშ, შემთხვევის ადგილიდან 15-20 მეტრში, სასურსათო მაღაზიაა, თუმცა მაშინ ყველა ამბობდა, რომ არავის არაფერი დაუნახავს. მკვლელობის დღეებში, შაკო ისაევის მამამ რადიო თავისუფლებას უამბო, როგორ წამოაძახა მის შვილს ცემისას ჩხუბის ერთმა მონაწილემ, „აქაურობის (ვარკეთილის) "მაყურებელი" ვარ და რასაც მინდა, იმას გიზამო“.
„მორალური გათიშულობა“ - როგორ მიდიან მოზარდები დანაშაულამდე?
მოზარდების ძალადობას არა აქვს მხოლოდ ერთი მიზეზი. ჯიპას ასისტენტ პროფესორი, ფსიქოლოგი თიკო ბანძელაძე, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან მუშაობდა, მათ შორის ქუჩასთან დაკავშირებულ მოზარდებთან, გვეუბნება, რომ ამის ცოდნა სახელმწიფოს მიახვედრებდა, რომ მარტივი გამოსავალი - აკრძალვა და დასჯა - პრობლემას ვერ აგვარებს.
ამ ვიდეოინტერვიუში ის ლაპარაკობს:
- მიზეზებზე, რომელთა გამოც მოზარდები ძალადობენ;
- იმაზე, თუ როდის და როგორ ჩნდება პრობლემა, როდის უნდა ჩაირთოს განგაშის სიგნალი;
- ხსნის, რატომ არის მოზარდობის ასაკი განსაკუთრებულად საშიში პერიოდი;
- რატომ ხდება, რომ საზოგადოება მხოლოდ რეაგირებს და არცთუ იშვიათად, დანაშაულის წამქეზებლის როლშია;
- როგორ ეძებს ჯგუფებში გაერთიანებული მოზარდი დაცულობას, ძალაუფლებას, გავლენას ან როგორ თიშავს მორალურ ბარიერს დანაშაულის ჩადენის წინ.
"განსაკუთრებით პოლიტიკურ სუბკულტურებზე დაფუძნებულ ჯგუფებში გაერთიანებულებს აქვთ „მზა რეცეპტები“, რომ „ვიღაცები საერთოდ არ არიან ადამიანები“ და რომ „მათი არარსებობაც არ დააკლდება სამყაროს, - შენიშნავს თიკო ბანძელაძე, - ეს წინასწარი, მორალური ბარიერის გადამლახველი აზრები კი დანაშაულებრივ ქცევას უფრო ამარტივებს".
როგორია არასრულწლოვანთა დანაშაულის სტატისტიკა?
პროკურატურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ 5 თვეში, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 335 არასრულწლოვანის მიმართ. ისინი ბრალდებული არიან ქურდობაში, ძარცვაში, ყაჩაღობაში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან მსუბუქ დაზიანებაში, განზრახ მკვლელობის მცდელობაში.
საქართველოს პროკურატურის ბოლო, 2024 წლის ანგარიშში თავმოყრილი მონაცემებით კი, 2024 წელს სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი გამოიყენეს 1084 მსჯავრდადებულის მიმართ - მათგან 674 (62%) იყო არასრულწლოვანი.
განრიდებულ და ბრალდებულ არასრულწლოვანთა ჯამური რაოდენობა 1164-ია.
მათგან განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩაერთო 674 არასრულწლოვანი (58%) - ეს მაჩვენებელი 2023 წელთან შედარებით გაზრდილია.
განრიდება სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმია, რომელიც არასრულწლოვანებსა და 21 წლამდე ახალგაზრდებს ეხებათ და დანაშაულის ჩადენის შემდეგ პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ეფუძნება.
2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი 3%-ით არის მომატებული, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე და გაზრდილია არასრულწლოვანთა დაპატიმრების მოთხოვნის მაჩვენებლებიც.
კიდევ რა ახალისებს მოზარდებს დანაშაული ჩაიდინონ?
ფსიქოლოგი მაია ცირამუაც, რომელსაც მოზარდებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ მოზარდები ხედავენ, რას მოაქვს ძალაუფლება და პატივისცემა - არა განათლებას ან შრომას, არამედ ძალადობასა და კრიმინალურ იერარქიას.
ისინი მოწმენი არიან, რომ კრიმინალურ ავტორიტეტებს „წესრიგის“ დასამყარებლად იყენებენ. ხოლო სახელმწიფო არ სჯის „თავისიანებს“ ძალადობისთვის. ეს მათთვის წახალისებად აღიქმება და აღარ ეშინიათ.
როდესაც წამყვანი პოლიტიკა ეფუძნება პრინციპს - „ვინც ჩვენთან არ არის, მტერია“ და თუ ადამიანი „მტერია“, მასზე ძალადობა მორალურად გამართლებული (ან სულაც საჭირო) ხდება. ეს ათავისუფლებს მოძალადეს დანაშაულის გრძნობისგან.
სკოლაში ბულინგის მსხვერპლს ამუნათებენ, თავის დაცვა როგორ არ შეგიძლიაო.
ამ ფაქტორების ჩამონათვალი გრძელია, როგორც ფსიქოლოგი ამბობს:
"ასე ყალიბდება „ძალადობის ნორმალიზების“ გარემო. ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა, არამედ სისტემური პროცესია".
ხედავს, მაგრამ ვერ ხედავს? სახელმწიფო და მოზარდთა დანაშაულებრივი ჯგუფები
ნინო ტყეშელაშვილი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მსჯავრდადებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა (2025 წლის ბოლოს, ის, ასობით საჯარო მოხელესთან ერთად, გაათავისუფლეს), რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არსებობდა არასრულწლოვანებთან და კონკრეტულად მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილ ბავშვებთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა, რომელსაც მიჰყვებოდა ყველა უწყება - განათლების სამინისტროდან დაწყებული, მუნიციპალიტეტებით დამთავრებული:
„ექვს თვეში ერთხელ ამ თემაზე მომუშავე ადამიანები იკრიბებოდნენ, ერთმანეთს უზიარებდნენ ინფორმაციას და მომდევნო ნაბიჯებზე ფიქრობდნენ - ეს სამოქმედო გეგმა 2020 წლიდან აღარ არსებობს. „შეკრებები შეწყდა - იმ უწყებებს შორის კი, ვისაც ამ ბავშვებზე მუდმივად განახლებული ინფორმაცია უნდა ჰქონოდა, კოორდინაცია გაქრა“, - ამბობს ნინო ტყეშელაშვილი.
დაიხურა, სულ ცოტა, 15 წლის განმავლობაში მოქმედი, ევროკავშირის ის პროექტიც, რომელიც წლების განმავლობაში აძლიერებდა საქართველოში მართლმსაჯულების სისტემას - როგორც პოლიტიკური დოკუმენტების შექმნის, ისე სპეციალისტების გადამზადების კუთხით.
ნინოს დაკვირვებით, ადრეც და ახლაც, სახელმწიფო დასჯაზე ორიენტირებულ მიდგომას ირჩევდა და „ყოველთვის მიაჩნდა, რომ ფსიქოლოგების როლი, ვისაც მართლა აღელვებს კანონთან კონფლიქტში მყოფი ამ ბავშვების ბედი, მეათეხარისხოვანი იყო“ და ეს იმ დროს, შენიშნავს ნინო ტყეშელაშვილი, როცა:
"მაგალითად, სკოლაში ბავშვისგან რაიმე საგანგაშო ქცევის შემჩნევისას, სახელმწიფომ ფსიქოლოგი და სოცმუშაკი უნდა ჩართოს პროცესში და არა დასჯის მექანიზმი“.
სახელმწიფოს, გვეუბნება ნინო, პირდაპირ ევალება პასუხისმგებლობა აიღოს ამ ბავშვებზე მანამ, სანამ ისინი დანაშაულს ჩაიდენენ. თუმცა ის ამას ვერ აკეთებს. მისი აზრით, დღეს, როცა სისტემას, რომელსაც ყველა კუთხეში სათვალთვალო კამერები აქვს დაყენებული და ყველა ადამიანის ამოცნობა მარტივად შეუძლია, გამორიცხულია არ იცოდეს ასეთი ჯგუფების შესახებ - როგორც ქუჩაში, ისე ინტერნეტში.
„ხედავს, მაგრამ ვითომ ვერ ხედავს, რადგან მას ასე აწყობს. ვიცით, რამდენი ასეთი ბავშვი დაიბარეს? ჩართეს რომელიმე მათგანი მედიაცია-განრიდების პროგრამაში? არ ვიცით. კითხვაც გაჩნდა, თუ საზოგადოება ხედავს დანაშაულს, რატომ დუმს ყველა? ეს დუმილიც უნდობლობამ გააჩინა, ე.წ. შერჩევითმა სამართალმა, ან პირდაპირ ვთქვათ - უსამართლობამ“, - უთხრა ნინო ტყეშელაშვილმა რადიო თავისუფლებას.
საქართველოში რომ ისევ არ არსებობს ბავშვთა დანაშაულის ჩადენის პრევენციის ეფექტიანი მექანიზმი, ამას თავის ბოლო წლიურ ანგარიშში საქართველოს სახალხო დამცველიც უთითებს და წერს, რომ დღეს ქვეყანაში არც ოჯახების გაძლიერებაზე მიმართული სერვისი არ არსებობს, არც მშობელთა მხარდაჭერასა თუ უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული სამსახური და არც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით რამე სტრატეგია ან სამოქმედო გეგმა.