ირანის საინფორმაციო სააგენტოებმა 16 ივლისს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა სპარსეთის ყურის კუნძულ ყეშმზე, ჰორმუზის სრუტის მახლობლად, საჰაერო დარტყმები განახორციელა, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის საომარი მოქმედებები განახლდა.
საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება „ამერიკული სარაკეტო დარტყმის შესახებ ყეშმის მიმდებარე ტერიტორიაზე“, ხოლო საინფორმაციო სააგენტო „თასნიმის“ კორესპონდენტმა დაადასტურა ცნობა. ყეშმი სპარსეთის ყურის უდიდესი კუნძულია და თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსი აქვს.
მოლაპარაკებების განახლებაზე შუამავლის, პაკისტანის მოწოდების მიუხედავად, საომარი დაპირისპირება გაგრძელდა.
განახლებული საომარი მოქმედებები დაიწყო ერთ თვეში წინასწარი შეთანხმების ხელმოწერიდან, რომელიც მიზნად ისახავდა კონფლიქტის დასრულებას. კონფლიქტი თებერვლის ბოლოს ირანზე აშშ-სა და ისრაელის მასშტაბური დარტყმებით დაიწყო.
ხუთშაბათს თეირანმა გაავრცელა გაფრთხილება, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში ელექტროსადგურებსა და ხიდებზე თავდასხმის მუქარას შეასრულებს, ის მთელი რეგიონის ინფრასტრუქტურაზე მიიტანს იერიშს.
ეს მოჰყვა ორ ქვეყანას შორის ახალ დარტყმებს, რის შემდეგაც ირანის “რევოლუციური გვარდიის გუშაგებმა” განაცხადა, რომ ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა იორდანიაში მდებარე აშშ-ის საჰაერო ბაზას, როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, ისლამურ რესპუბლიკაში ბავშვთა ონკოლოგიური საავადმყოფოს სიახლოვეს ამერიკული თავდასხმის საპასუხოდ.
სახელმწიფო მედიის ცნობით, სამხრეთ-დასავლეთით მდებარე აჰვაზის საავადმყოფო ევაკუირებული იქნა აშშ-ის საჰაერო დარტყმების შემდეგ, ხოლო პაციენტები სხვა სამედიცინო ცენტრებში გადაიყვანეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაეილ ბაქაეიმ თავდასხმას „ბარბაროსული“ უწოდა.
აშშ-ის სამხედრო ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ირანის სამხედრო სამიზნეები რამდენიმე ადგილას, მათ შორის ბანდარ-აბასის სანაპირო ზოლში, დაბომბეს, რათა „დააქვეითონ ირანის უნარი, საფრთხე შეუქმნას უდანაშაულო მეზღვაურებს“ ჰორმუზის სრუტეში.
CENTCOM-მა დასძინა, რომ ადრე განხორციელებული დარტყმების სამიზნე იყო სანაპირო თავდაცვისა და ფრთოსანი რაკეტების განლაგების ობიექტები სპარსეთის ყურეში, დიდი თუნბის კუნძულზე.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ჭურვი ჩრდილოეთში მდებარე სემნანის აეროპორტის ნაწილს მოხვდა, თუმცა არავინ დაშავებულა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია აფეთქებების შესახებ ქვეყნის სხვა ადგილებში, მათ შორის დასავლეთში მდებარე ლორესთანში, ხოლო თეირანის ზოგიერთ ნაწილში საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა.
მალევე აშშ-ის მოკავშირეებმა სპარსეთის ყურეში თავდასხმებზე რეაგირება დაიწყეს. ქუვეითმა განაცხადა, რომ ირანული დრონები გადაიტაცა, ხოლო ბაჰრეინმა საჰაერო თავდასხმის საგანგაშო სისტემა აამოქმედა.
ჰორმუზის სრუტე ბოლო დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში იყო. სრუტე მსოფლიოს ბაზარზე ნავთობის გატანისთვის უმნიშვნელოვანესი გზაა.
ირანმა ომის დაწყების შემდეგ ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა და თვეების განმავლობაში მტრების წინააღმდეგ ზეწოლის ბერკეტად იყენებდა.
ის ივნისში, აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების შემდეგ, დროებით ხელახლა გაიხსნა, თუმცა თეირანმა გასულ კვირას განაცხადა, რომ სრუტე კვლავ დაიხურება, „სანამ აშშ არ დაასრულებს თავის აგრესიას“.
შეერთებულმა შტატებმა ასევე განაახლა ირანის ნავსადგურების ბლოკადა.
პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ტაჰირ ანდრაბიმ განაცხადა, რომ ისლამაბადი „განაგრძობს ყველა მხარის წახალისებას ძალადობის დასრულებისა და ტექნიკური დონის მოლაპარაკებების განახლებისთვის“ იმ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, რომლის შუამავლობასაც ხელს უწყობდა გასულ თვეში.
თუმცა ირანის მთავარმა წარმომადგენელმა მოლაპარაკებაზე, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა, გაფრთხილება გამოთქვა, რომ შეთანხმებას „მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც მისი პუნქტები ძალაშია და სრულდება“.
„თუ ირანი ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს ურთიერთგაგების მემორანდუმიდან, ჩვენ არ გვაქვს მიზეზი, დავიცვათ იგი“, - თქვა მან.
ტრამპი დაიმუქრა, რომ დაარტყამს ირანის ელექტროსადგურებსა და ხიდებს, თუ თეირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაბრუნდება.
„მომავალი კვირა მათთვის ძალიან ცუდი იქნება“, - განუცხადა მან Fox News-ს.
ხუთშაბათს ირანის სამხედრო შტაბის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თუ აშშ თავის მუქარას შეასრულებს, „რეგიონის ყველა ინფრასტრუქტურა“ ირანის შეიარაღებული ძალების „ფოლადის დარტყმებით განადგურდება“.
გასული კვირიდან მოყოლებული, აშშ-ის განახლებულმა თავდასხმებმა ირანში, სულ მცირე, 30 ადამიანი იმსხვერპლა, განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა ფათემე მოჰაჯერანიმ.
ფორუმი