ის უარყოფს გავრცელებულ ცნობებს წყლის და სასმლის გადასხმის შესახებ და ამბობს, რომ არც ის და არც მისი თანმხლები ოთხი გოგო ვულგარულად არ იქცეოდნენ, ქორწილის სტუმრებთან დაპირისპირებაში თავად საერთოდ არ ყოფილა ჩართული და ოთახში იყო, ხოლო გიორგი ჭიღლაძე „სრულებით არაადეკვატურად“ მოიქცა.
- მეორე მხრივ, დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ქორწილის სტუმრებს სასტუმროში მყოფი გოგოების ჯგუფი მესამე სართულიდან სითხეს ასხამდა და აფურთხებდა;
- აღნიშნულზე მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა განაცხადა, რომ ასეთ შეურაცხმყოფელ პირობებში მუშაობის გაგრძელება არ შეეძლო და დატოვა იქაურობა.
იულია ნესტერიუკის ვიდეოკომენტარი მომხდართან დაკავშირებით 20 ივლისს გაავრცელა პრორუსული პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერმა, რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ, - მისი თქმით, ვიდეო ამ პარტიის წევრმა გიორგი ჯაბიშვილმა და ასევე ზაზა დავითაიამ („ასავალ-დასავლის“ ყოფილი ჟურნალისტი) ჩაწერეს. წინა დღეს ფიფიამ თქვა, რომ თავადაც ესაუბრა ინციდენტში მონაწილე ქალებს.
რას ამბობს ნესტერიუკი
მისი თქმით, დაახლოებით მერვედ იმყოფებოდა საქართველოში და „ასეთი პრობლემა“ არასოდეს შეჰქმნია. „მე თვითონაც არ ვარ პრობლემური ადამიანი. ასეთი ვითარება ჩემს ცხოვრებაში საერთოდ პირველია, ჩვენდამი, ჩემ მიმართ ასეთი დამოკიდებულება“.
„არ ვფიქრობ, რომ რაიმენაირად პროვოცირება მოვახდინეთ“, - ამბობს იგი და აღნიშნავს, რომ არ გაუკეთებიათ არაფერი იმის მსგავსი, რასაც „ინტერნეტში წერენ“. „არაფერი არ გადაგვიღვრია“, - ამბობს ის.
„ჩვენ ჩამოვედით, რომ აღგვენიშნა დაქალის დაბადების დღე, ხუთნი ვიყავით, მხოლოდ გოგოები, - კაცები არ ყოფილან“, - ხაზს უსვამს ის და ასევე დასძენს, რომ პირადად ოთახში იმყოფებოდა და არა აივანზე.
„ჩვენ [სასტუმროს ნომერში] შევსახლდით დაახლოებით 20:11-20:15 საათზე. ახალი შესულები ვიყავით. დავიწყეთ აღნიშვნა. ბოთლი შამპანური გვქონდა, გავხსენით. როგორც მეორე მხარე ამბობს, ბუნებრივია, შესაძლებელია წვეთები მოხვდათ, როგორც ისინი ამბობენ, როგორც მეორე მხარე ამბობს, მაგრამ რომ ნახოთ, ეს, პრინციპში, არარეალურია. იქ სახურავია, აივანი… არსად გავსულვართ, მხოლოდ ფანჯრიდან ვიყურებოდით, ამიტომ შეიძლება რაღაც გაუგებრობა იყო ორ მხარეს შორის, შეიძლება რაღაც სიტყვიერი პოლემიკა, მაგრამ, ერთმნიშვნელოვნად, 100 პროცენტით, ჩვენი მხარე, ჩვენი გოგოები ვულგარულად არ იქცეოდნენ, არ იგინებოდნენ [დედას]. მეორე მხარემ დაიწყო გინება, ეს ვიდეოზეც კი ჩანს, ჩვენი გოგოები არ შეურაცხყოფდნენ არავითარ შემთხვევაში არცერთ მხარეს, არცერთ ადამიანს, პიროვნებებზე არ გადავსულვართ 100 პროცენტით. მე მით უმეტეს, საერთოდ ოთახში ვიყავი, როცა ეს სიტუაცია მოხდა“, - ამბობს ის.
მისივე თქმით, ბრალდებული - გიორგი ჭიღლაძე (რომელსაც სახელით არ მოიხსენიებს), - „შემოვარდა ოთახში“ და მისმა მეგობრებმა „უბრალოდ გააღეს“ კარი, რადგან ეგონათ, რომ ის იყო მენეჯერი, - რომელიც მცირე ხნით ადრე, ერთხელ უკვე იყო ოთახში შესული დაცვის თანამშრომელთან ერთად.
„მას [მენეჯერს] ვთხოვეთ, დაერეგულირებინა კონფლიქტი. ის იყო ჩვენთან ოთახში [შემოსული] დაცვის [თანამშრომელთან] ერთად, ვთხოვეთ დარეგულირება, ვინაიდან ეს ვითარება ჩვენთვისაც მიუღებელია, ჩვენც სტუმრები ვართ, ჩვენც ჩამოვედით ამ ქვეყანაში ყველანაირი პატივისცემით და არა პირველად და ვიცით, როგორც უნდა მოვიქცეთ აქ“.
ის „სრულებით არაადეკვატურს“ უწოდებს ჭიღლაძეს და ამბობს: „ჩემი აზრით, იყო სრულებით არაადეკვატური. არაადეკვატური თვალები ჰქონდა და, დიახ, ჩვენ ყველას შეგვეშინდა“.
კითხვაზე, „ხელი ხომ არ შეუწყო ადმინისტრაციამ, რომ თქვენთან მოხვედრილიყო იგი“, პასუხობს, რომ ასე არ ფიქრობს, თუმცა ამბობს, რომ მათ „დიდი შეცდომები დაუშვეს“ და უთხრეს, „არ გაგვეხედა ფანჯრიდან“:
„ნუ გამოდიხართ, პირდაპირ ქუჩიდან ყვიროდნენ, ნუ იხედებით ფანჯრიდან, შედით უკან ოთახში, რაც არ არის სწორი ჩვენთან ურთიერთობაში, ვინაიდან ჩვენც სტუმრები ვართ, თანასწორ პირობებში, ისევე როგორც ის ხალხი, რომელიც ქორწილს იხდიდა, ჩვენც დაბადების დღეს აღვნიშნავდით. სასტუმრომ არანაირად არ დაგვიცვა მოცემული თავდასხმისგან, სასტუმრომ არც ბოდიში არ მოგვიხადა, არ გააკეთა არაფერი აუცილებელი კონფლიქტის დარეგულირებისთვის. ეს ჩემი აზრია“.
მისივე თქმით, პოლიციამ „მხოლოდ მომდევნო დღეს“ დაკითხა და „არაფერი ცუდი ჩემთან მიმართებით არ მიგრძნია, მეტიც - ნორმალურად, მშვიდად ცდილობდნენ აეხსნათ, რისი გაკეთება იყო საჭირო, რა იქნება შემდეგ და მთხოვეს, ვყოფილიყავი მართალი და გულახდილი“.
რას ჰყვება დაკავებული - ადვოკატის თანახმად
დაკავებული გიორგი ჭიღლაძის ადვოკატმა ლაშა კაპანაძემ წინა დღეს, 19 ივლისს, მოჰყვა, რა მოვლენები უსწრებდა სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს.
- ადვოკატი, რომელიც თავადაც იყო ამ ქორწილში დაპატიჟებული ერთ-ერთი სტუმარი, ამბობს, რომ ქალზე ხელის დარტყმის ამსახველი კადრების გადაღებამდე, უცხო ქვეყნის მოქალაქე გიორგი ჭიღლაძეს „სწვდა ყელში და მიაყენა დაზიანება“.
- ლაშა კაპანაძე ამბობს, რომ გიორგი ჭიღლაძე (სიძის ძმა) პროვოკაციის მსხვერპლია და თავადაც დაზარალებულია.
ლაშა კაპანაძის მონაყოლის მიხედვით, კონფლიქტური სიტუაცია სასტუმროს მესამე სართულზე მყოფმა რუსულად მოლაპარაკე უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუმრებმა შექმნეს, რომლებიც ახალდაქორწინებულ წყვილს მიმართავდნენ შეძახილით - Горька (კოცნა).
„ხალხმა არ მიაქცია ყურადღება, აღნიშნულზე გაღიზიანდნენ და დაიწყეს მე-3 სართულიდან სითხეების გადმოსხმა და ფურთხება ქორწილის სტუმრების მიმართულებით. გადმოსხმული სითხე ასევე ჩაისხა ვერანდაზე არსებულ მუსიკალურ აპარატში, რის შედეგადაც აპარატი გამოვიდა მწყობრიდან და მუსიკა შეწყდა“.
ადვოკატის თქმით, ვერანდიდან მესამე სართულზე მყოფ ადამიანებს მოუწოდეს, რომ შეეწყვიტათ ეს ქმედება და შესულიყვნენ შიგნით, დახმარება სთხოვეს სასტუმროს ადმინისტრაციასაც, რისი დაპირებაც მიიღეს:
„აგარანის მამული“ აცხადებს, რომ სიტუაციის დაძაბვისთანავე გამოიძახეს პოლიცია, ინციდენტის შემდეგ კი ქალის დასახმარებლად - სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელმაც ქალი კლინიკაში გადაიყვანა:
„Agarani Estate სიამოვნებით მასპინძლობს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და განსხვავებული კულტურული თუ ეროვნული წარმომავლობის მქონე ადამიანებს“.
„დაახლოებით 10-15 წუთში მე-3 სართულიდან კვლავ დაიწყეს სითხის გადმოსხმა და ფურთხება. აღნიშნულზე მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა განაცხადა, რომ ასეთ შეურაცხმყოფელ პირობებში მუშაობის გაგრძელება არ შეეძლო და დატოვა იქაურობა“.
ლაშა კაპანაძე იხსენებს, რომ სიძის ძმა გიორგი ჭიღლაძე ამის შემდეგ ავიდა მესამე სართულზე და მათ ინგლისურ ენაზე უთხრა, რომ „ასე მოქცევა არ შეიძლებოდა და მათ ფაქტობრივად ჩაშალეს მისი ძმის ქორწილი“. მისი სიტყვებით, ქალი რუსულ ენაზე კომუნიკაციას მოითხოვდა, ჭიღლაძე კი ამბობდა, რომ დაელაპარაკებოდა მხოლოდ ქართულად ან ინგლისურად.
„რაზეც ქალი გახდა უფრო მეტად აგრესიული, გიორგი ჭიღლაძეს სწვდა ყელში და მიაყენა დაზიანება. გიორგი ჭიღლაძემ ხელი გააშვებინა და მიაძახა You fucking wh**e (შე ბო*ო)“.
ადვოკატის თქმით, სწორედ ამის შემდეგ არის გადაღებული ის კადრები, რომლებიც სოციალური ქსელით გავრცელდა:
„ამასობაში ოთახში მყოფი სხვა ქალებიც გამოვიდნენ. ერთ-ერთს ტელეფონი ეკავა და თან ვიდეოს იღებდა...
წამიერად კვლავ გაგრძელდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც სასტუმროს ოთახში მყოფმა ქალმა ორივე ხელი მიარტყა გიორგი ჭიღლაძეს გულ-მკერდის არეში, რაზეც გიორგი ჭიღლაძემ განიცადა ტკივილი.
გიორგი ჭიღლაძემ მოგერიების მიზნით მოიქნია მარჯვენა ხელი და იმ ქალს იდაყვი მოარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ქალი დაეცა“.
- დაკავებულს ბრალს წაუყენებენ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებისთვის სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
- ამასთან, მეორე დღეს, 19 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ალექსანდრე მრელაშვილის წინააღმდეგ - ის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით გამოსაკითხად დაიბარეს, რადგან ის მღეროდა ქორწილში სასტუმრო „აგარანის მამულში“, სადაც ინციდენტი მოხდა.
ფორუმი