Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ძალებმა ბაჰრეინში, ქუვეითსა და იორდანიაში დაბომბა აშშ-ის ობიექტები

(საილუსტრაციო ფოტო) დანგრეული ხიდი ირანის სანჯანის პროვინციაში
(საილუსტრაციო ფოტო) დანგრეული ხიდი ირანის სანჯანის პროვინციაში

აშშ-ის ძალებმა ირანის სამხრეთი და დასავლეთი დაბომბეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანი ძვირად გადაიხდიდა ამერიკელი ჯარისკაცების სიკვდილისთვის, ხოლო ირანმა 21 ივლისს - სამშაბათს ბაჰრეინში, ქუვეითსა და იორდანიაში დაბომბა აშშ-ის ობიექტები და ტანკერი ჰორმუზის სრუტეში.
ეს ორმხრივი დარტყმები განხორციელდა ერთი დღის შემდეგ, რაც იემენის ირანთან მოკავშირე ჰუთებმა განაცხადეს, რომ ისინი საუდის არაბეთზე საზღვაო ბლოკადას დააწესებდნენ, რაც ამ ომში პოტენციურად ახალ ფრონტს გახსნის და საფრთხეს შეუქმნის მსოფლიო ენერგომომარაგებას და სპარსეთის ყურის მიღმა ვაჭრობას.

20 ივლისს საზღვაო გადაზიდვის კომპანიებისთვის გაგზავნილი და Reuters-ის მიერ ნანახი ელექტრონული ფოსტის თანახმად, საუდის არაბეთის ნავსადგურებში საზღვაო-სატრანსპორტო კომპანიების მიერ ტვირთის ჩატვირთვა ან გადმოტვირთვა შესაძლოა ჰუთების სამიზნე გახდეს „ნებისმიერ ადგილას“.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ მის მიერ განხორციელებული ბოლო დარტყმების დროს, ირანის სამხედრო სარდლობის ცენტრები, საზღვაო ობიექტები, რაკეტებისა და დრონების გამშვები პუნქტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები დაბომბა.

სახელმწიფო მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა სამხრეთ ირანში, ქალაქ შირაზში. თავდასხმის სამიზნე გახდნენ ასევე სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქები ქონარაქი და ჩაბაჰარი, ასევე დასავლეთში მდებარე ხორამაბადი და აბდანანის მახლობლად მდებარე სამოქალაქო პირთა საცხოვრებელი კომპლექსი.

რეგიონში საომარი მოქმედებების გავრცელების შედეგად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელებისთვის ახალი „მსოფლიო გაფრთხილება“ გამოსცა „ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის გაზრდის“ გამო.

ირანმა განაახლა თავდასხმები სპარსეთის ყურეში, სადაც გამტკნარების ობიექტებზე ბოლოდროინდელმა დარტყმებმა წყლის დეფიციტის შესახებ შეშფოთება გამოიწვია და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის მზარდ საფრთხე რეალური გახადა.

ირანის რევოლუციის გუშაგთა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ ბაჰრეინში ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Amazon-ის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურა დაბომბეს, რაც იყო შურისძიება აშშ-ის დარტყმისთვის ირანში დაგეგმილი დარხოვინის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის ძალებმა ასევე დაბომბეს საცხოვრებელი ობიექტები ბაჰრეინის შეიხ ისას საჰაერო ბაზაზე, რომლებსაც აშშ-ის სამხედრო პერსონალი იყენებდა. მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, რომელთა გადამოწმებაც Reuters-ს არ შეეძლო, აშშ-ის სამხედრო ძალების, ბაჰრეინის ან Amazon-ის მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა.

ირანის არმიამ განაცხადა, რომ სამშაბათს ქუვეითში აშშ-ის სამ სამხედრო ბაზაზე დრონებით თავდასხმა განახორციელა. იორდანიამ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ხუთი ირანული დრონი გადაიტაცეს და გაანადგურეს.

საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო UKMTO-მ სამშაბათს განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში ტანკერს უცნობი ჭურვი მოხვდა, რის გამოც მისი ეკიპაჟი იძულებული გახდა, გემი მიეტოვებინა და სამაშველო ნავში გადასულიყო/.

ასევე სამშაბათს, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ნავთობის ორ ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა აფეთქებების შემდეგ სრუტის სამხრეთის მარშრუტზე გადაადგილების მცდელობისას. ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდა ეს ინციდენტები.

Kpler-ის მონაცემებით, ორშაბათს სრუტე მხოლოდ ოთხმა სატვირთო გემმა გადაკვეთა, ძირითადად ირანის სანაპიროსთან ახლოს ჩრდილოეთის საზღვაო ზოლით, რაც უფრო ნაკლებია წინა დღის შვიდ გემთან შედარებით.

ირანი ჰუთებზე ზეწოლას ახდენდა, რომ დაეკეტათ წითელ ზღვაში გასასვლელი ბაბ ელ-მანდების კარიბჭე, თუ აშშ გააგრძელებდა თავდასხმას ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რითაც მსოფლიოს ორ უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ არტერიას შეექმნებოდა საფრთხე.

ბაბ ელ-მანდების სრულ დახურვას შეუძლია გლობალური ნავთობის მიწოდება 7%-ით შეამციროს, რადგან საუდის არაბეთის ნავთობის ექსპორტის უმეტესი ნაწილი ვერ შეძლებს რეგიონიდან გასვლას, რაც სპარსეთის ყურეში ომის გამო ნავთობის მიწოდების 10%-ით შემცირებას გამოიწვევს.

ორშაბათს, ირანის მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ თეირანმა შუამავლებისგან მიიღო წინადადება 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რათა გადაერჩინათ შუალედური შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს გზის გაკვალვას ხანგრძლივი შეთანხმებისთვის, რათა დასრულდეს ომი, რომელიც 28 თებერვალს ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმებით დაიწყო.

ისრაელი ირანზე დარტყმების ბოლო რაუნდს არ შეუერთდა. „ჩვენ არ გვაქვს სურვილი, ამაში ჩავერთოთ, მაგრამ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის“, - განაცხადა სამშაბათს ისრაელის ფინანსთა მინისტრმა, ბეზალელ სმოტრიჩმა.


ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა ესქანდარ მომენიმ პაკისტანს კონფლიქტში შუამავლის როლის აღდგენა სთხოვა. მოგვიანებით ის ისლამაბადში ჩავიდა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის.

საბრძოლო მოქმედებების ბოლო ფაზა აშშ-ის ძალებისთვის კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა. გასულ შაბათ-კვირას ამერიკელი ჯარისკაცებს შორის დაღუპვის შემთხვევები სულ 17-მდე გაიზარდა.
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე აშშ-ის ბოლო დარტყმები შურისძიება იყო ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების სიკვდილის გამო.

ომმა ათასობით ადამიანი იმსხვერპლა, ძირითადად ირანსა და ლიბანში. ლიბანის ნაწილები კვლავ ისრაელის ოკუპაციის ქვეშაა “ჰეზბოლის” მებრძოლების მიერ ისრაელზე თავდასხმების შემდეგ, რომლებიც აცხადებენ, რომ თეირანის მიმართ სოლიდარობას ავლენენ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG