საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი "სრულიად სამარცხვინოს" უწოდებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" იმის გამო, რომ არ შეიყვანეს ორგანიზაციის მიერ "პოლიტპატიმრებად" მიჩნეულ 91-კაციან სიაში.
სია ორგანიზაციამ გუშინ, 21 ივლისს, გამოაქვეყნა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1900 (2012) რეზოლუციით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე და როგორც განმარტეს, მასში შეტანილი "ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც უკვე მსჯავრდებულია, პატიმრობაში იმყოფება სიტყვისა და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობის და პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გამო".
"TI-საქართველოს" განმარტებით, "საქართველოში არსებობენ სხვა პოლიტიკური პატიმრებიც", მაგრამ ამჯერად ყურადღებას ამახვილებენ "2024-2025 წლებში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ პირებზე".
რას წერს სააკაშვილი
"სრულიად სამარცხვინოდ "ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს, არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის სახელით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტში.
იგი წერს, რომ არ გაჰკვირვებია მსგავსი მოქმედება, ვინაიდან მიაჩნია, რომ "სწორედ ქართულმა არასამთავრობო სექტორმა შეიტანა დიდი წვლილი" მისი "რეფორმატორული მთავრობის დისკრედიტაციაში და ივანიშვილის მოყვანაში და ამდენი წელი, ეს მოღვაწეები, სრულიად ურცხვად არ იღებენ არანაირი პასუხისმგებლობას ამაზე, უფრო მეტიც დღემდე მე მაბრალებენ ივანიშვილის მოყვანას".
მიხეილ სააკაშვილი საყვედურობს არასამთავრობო ორგანიზაციას და წერს, რომ "სწორედ ამიტომ არანაირი ავტორიტეტი ხალხში თქვენ არ გაქვთ, ხალხი თქვენ გთვლით არაგულწრფელ, არაეფექტურ გრანტიჭამიებად".
"კარგი, დავუშვათ ამდენი წელი თვალს იბრმავებდით და ვერ ხვდებოდით, რომ რუსული რეჟიმი მოიყვანეთ. ნუთუ ბოლო ორი წელი არ იყო საკმარისი რომ გათავისუფლებულიყავით სააკაშვილის კომპლექსისგან და თუნდაც ახლა მაინც აღიარებდეთ, რომ მთავარი პოლიტპატიმარი და რეჟიმისთვის და რუსეთისთვის მთავარი პრობლემა ვარ სწორედ მე?"
ის მოუწოდებს "ყველა სამართლიან ადამიანს საკადრისი პასუხი გასცეს ამ ცრუ "გამჭვირვალობას", სირცხვილი მათ!"
"PS.
თრანსფარენსმა გააკეთა ახალი განმარტება რომ პოლიტპატიმრის სიაში შევიყვანეთ მხოლოდ ის, ვინც გამონათქვამების და აქციების გამო ზისო.
აქაც იტყუებიან, მე ახლა სწორედ ჩემი გამონათქვამისთვის და აქციებზე გამოსვლის მოწოდებისთვის მასამართლებენ "საბოტაჟის საქმეზე", მაგრამ ეს მათ შეგნებულად გამორჩათ. იმედია გამოჩნდებიან პატიოსანი არასამთავრობოებიც რომლებიც ამ უსამართლობაზე ხმას ამოიღებენ", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილი ოთხ საქმეზე იხდის სასჯელს
საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოდან წასული მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის პოლიციამ არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს, დააკავა.
- მის წინააღმდეგ პირველი განაჩენი 2018 წლის 6 იანვარს დადგა - თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა სამწლიანი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე (მსჯავრდადებული პირების შეწყალებისა და მათთვის სასჯელის განახევრებისთვის), სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით;
- 2018 წლის ივნისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას კვლავ დაუსწრებლად მიუსაჯა 6-წლიანი პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილს 2005 წელს თავს დაესხნენ და სცემეს. სწორედ ამ საქმეში, სააკაშვილს ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში ედებოდა ბრალი;
- 2025 წლის 12 მარტს მას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. პიჯაკების საქმე) 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს;
- ბოლო განაჩენი 2025 წლის 17 მარტს დადგა. ის საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთისთვის დამნაშავედ ცნეს და ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა. იმის გამო, რომ ქართულ სასამართლოებს მიხეილ სააკაშვილისთვის ჯამში 9-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პატიმრობაში 12 წელი და 6 თვე უნდა გაატაროს.
ის ასევე ბრალდებულია რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ მიმდინარე „საბოტაჟის საქმეზე“. მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების (317-ე - 3 წლამდე პატიმრობა) მუხლით.
"TI-საქართველოს" 91-კაციანი სია
"TI-საქართველოს" თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტერიუმებით, საქართველოში "91 პოლიტპატიმარია".
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერის, სანდრო ბარამიძის განცხადებით, სია შეადგინეს არსებული საქმის მასალების საფუძველზე, რომლებიც შეეხებოდა აქციებთან დაკავშირებით დაკავებულ, ბრალდებულ და მსჯავრდადებულ პირებს.
მისი განმარტებით, სიაში, შესაბამისად, არ მოხვდა მიხეილ სააკაშვილისა და ტერორიზმის მცდელობისთვის მსჯავრდადებული პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის საქმეები.
"ახლა მიმდინარეობს რვა პოლიტიკური ლიდერის მიმართ სასამართლო განხილვები... უნდა ველოდოთ ამ რვა პოლიტიკური ლიდერის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასაც. მათ შორის არის სააკაშვილიც და იმ რვა კაცს მერე დავამატებთ, თუ დადგება ასეთი გამამტყუნებელი განაჩენი", - თქვა სანდრო ბარამიძემ.
რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის საქმეს, ვინაიდან საქმის განაჩენთან დაკავშირებით მოსამართლის დასაბუთება არ გამოქვეყნებულა, არ იცნობენ დეტალებს.
"თუ აღმოჩნდება, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად გადააკვალიფიცირა ქმედება და ელისაშვილს მიაწერა ტერორისტული მიზნით მოქმედება, მიუხედავად ასეთი მიზნის არარსებობისა, მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდების მიზნით, იარსებებს საფუძველი მისი ამ სიაში შეყვანისთვისაც“.
რა კრიტერიუმებით შეაფასეს საქმეები
ორგანიზაციის მიერ შედგენილი დოკუმენტის მიხედვით, თითოეული საქმე შეფასებულია ინდივიდუალურად:
- საქმის გარემოებების;
- სასამართლო გადაწყვეტილებებისა და
- ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე.
ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, სია ეყრდნობა არა პოლიტიკურ შეფასებებს, არამედ ევროპის საბჭოს მიერ დამკვიდრებულ სამართლებრივ ტესტს, რომლის მიხედვითაც, პირი შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად, თუ მისი თავისუფლების აღკვეთა დაკავშირებულია:
ა) ფუნდამენტური უფლებების დარღვევასთან;
ბ) პოლიტიკური მოტივებით დაკავებასთან, როდესაც ჩადენილ ქმედებას სამართალდარღვევასთან კავშირი არა აქვს;
გ) აშკარად არაპროპორციულ სასჯელთან;
დ) დისკრიმინაციულ მოპყრობასთან; ან
ე) ისეთი სამართალწარმოების შედეგთან, რომელიც შეუთავსებელია სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებთან.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" დოკუმენტში თითოეული პატიმრის მიმართ მითითებულია, კონკრეტულად რომელი კრიტერიუმ(ებ)ი მიიჩნევა დაკმაყოფილებულად.
"პოლიტიკური პატიმრების ესოდენ დიდი რაოდენობა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების არსებობასა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუარესებაზე", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
მმართველი პარტიის პოზიცია
მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" პოზიციით, საქართველოში ადამიანები პატიმრობაში იმყოფებიან მხოლოდ კონკრეტული სისხლისსამართლებრივი დანაშაულებისთვის და არა მათი პოლიტიკური ნიშნის, შეხედულებებისა თუ საქმიანობის გამო.
მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყენებულ ტერმინს, „პოლიტპატიმარს“, მიიჩნევენ პოლიტიკურ სპეკულაციად და მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობად.
ევროპარლამენტი, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები Feedom House და სხვა საქართველოს ხელისუფლებას ხშირად მოუწოდებენ პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შეწყვეტისა და დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების გათავისუფლებისკენ.
ფორუმი