საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House შეშფოთებულია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის გამოტანილი ორკვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობის განაჩენით.
Freedom House საქართველოს მმართველი პარტიის კრიტიკის შემცველი ფეისბუკ-პოსტის გამო სანაიას დაპატიმრებას აფასებს მისი გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევად.
საერთაშორისო ორგანიზაცია სოციალურ ქსელებში წერს, რომ სანაიას დაპატიმრება ბოლო ფაქტია მთავრობის მიერ თავისი კრიტიკოსების გაჩუმების შემაშფოთებელი მცდელობების სერიიდან.
Freedom House-ის მოწოდებაა ვახო სანაიას დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლება.
ტელეკომპანია „ფორმულის“ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 22 ივლისს შეუფარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ.
მან ვახო სანაია სამართალდამრღვევად ცნო პარლამენტის სპიკერ შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტისთვის.
პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის სასამართლოს შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.
სანაიას ორი კვირით დაპატიმრებას წინ უძღოდა მისი დაჯარიმება. 10 ივლისს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ვახო სანაია 6000 ლარით დააჯარიმა ფეისბუკზე გამოქვეყნებული ტექსტის გამო, რომ „ლადო ბოჟაძეს სიტყვა გაექცა ლევან მურუსიძეზე და ეგრევე გადააწნეს სახრე ზურგზე. იმედია, სუ *ლე არ ეძახეს, რადგან აკრძალულია კანონით ლადოსთვის *ლის დაძახება... აქვე მინდა, მოგიწოდოთ, ნურც თქვენ უწოდებთ ლადოს *ლეს“.
ორკვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოჰყვა ვახო სანაიას მიერ დაჯარიმების შემდეგ გამოქვეყნებულ პოსტს: „სტატუსი დავწერე, პაპუაშვილსა და ბოჟაძეს *ლეს ნუ ეძახით-მეთქი და 6 ათასი ლარით დამაჯარიმეს. რა ვიცი მაშინ აბა, ეძახეთ“.
პირველი ივნისიდან, მას შემდეგ, რაც შსს-ს ახალი, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ინსპექტორები, როგორც თავად უწოდებენ, სოციალური ქსელების „მონიტორინგს“ შეუდგნენ, არაერთი ადამიანია დაჯარიმებული 1 500-დან 6 000-ს ლარამდე თანხით.
ჟურნალისტი ვახო სანაია პირველია, ვისაც პატიმრობა შეუფარდეს.
ფორუმი