საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობა აღკვეთის ღონისძიების განხილვისას და სასჯელის შეფარდების დროს, როგორც წესი, შემამსუბუქებელი გარემოებაა - ნიკო ხურცილავა თავდასხმიდან მალევე თავად გამოცხადდა პოლიციაში. შესაძლოა, ეს იყოს სტრატეგიის ნაწილი: „ის რომ გამოცხადდა, მე უკვე განყოფილებაში ვიყავი“.
რადიო თავისუფლება: დანაშაულის ჩადენის მოტივი რა იყო?
ადვოკატი: ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა იცნო. გამოელაპარაკა - შენ ონისე არ ხარ, დუმბაძეს რომ აგინეო?! ეს იყო მოტივი.
- როცა თქვა „აგინა“, კონკრეტულად რა ტექსტი მოისმინა, რატომ აღიქვა, რომ იყო გინება? - ეს იყო მისი ინტერპრეტაცია თუ ფაქტი?
- ვიდეო არ შემისწავლია. არც ონისეს პოდკასტზე მსმენია რამე გუშინდელ დღემდე... ვიდეოზე სანამ სიღრმისეულად არ ჩავეძიები, დასკვნებისგან თავს ვიკავებ ხოლმე. თვითონ რამდენად სიღრმისეულად ჩაეძია, მაგაზე [პასუხი არ მაქვს]. ეს კითხვები არ დამისვამს.
ეს გინება იყო თუ მისი ინტერპრეტაცია ნაკლებად მნიშვნელოვანია, როცა ფიზიკური დაპირისპირებაა სახეზე.
- როგორ მოხვდა იმ ადგილზე, სადაც ონისე ცხოვრობს?
- იქვე იმყოფებოდა.
- რას აკეთებდა?
- არ ვიცი ეს დეტალი. ეს რაღაცები არ მიკითხავს, ფიზიკურად დრო არ მქონდა...
- ვინ იყო მასთან ერთად იმ დროს?
- ბევრი პირი იყო, მაგრამ კონკრეტულად ვინ იყო, ამას ვერ ასახელებს.
- ვინ დაარტყა ხელი კიდევ, მან არ იცის?
- მან დაარტყა. ერთი ადამიანია დაკავებული. როგორც თვითონ ამბობს, მხოლოდ თვითონ დაარტყა.
- საიდან გაიგო, რომ ონისეს მსგავსი რამ ჰქონდა ნათქვამი?
- სოციალური ქსელიდან, რა...
- კონკრეტულად რა ნაწილი ნახა, რა მოისმინა?
- არ ვიცი, რა ნაწილი ნახა. უბრალოდ, ვიცი, რომ ონისეს ნათქვამი კონკრეტული ფრაზა გაიგო ნოდარ დუმბაძესთან დაკავშირებით.
- წაუკითხავს ნოდარ დუმბაძის რაიმე ნაწარმოები?
- არ ვიცი. ნამდვილად არ ჩავძიებივარ, წაკითხული აქვს თუ არა ნოდარ დუმბაძე. ვეკითხებოდი ჩადენილ ფაქტთან დაკავშირებით.
- მაშინ რამ აღაშფოთა?
- არ ვიცი, ნამდვილად ვერ გეტყვით. მასთან ეს დეტალები არ გამივლია.
- 10-ზე მეტი კითხვა დაგისვით. თქვენ უმრავლესობაზე პასუხად თქვით, რომ „არ იცით“, „არ ჩაეძიეთ“ ან „არ გიკითხავთ“. რაზე ესაუბრეთ?
- რა მოლოდინი აქვს - ეს ჯერ არ იცის. და ასევე, ოჯახს რა გადავცე.
ფორუმი