Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო სამინისტრო "წუხილს გამოხატავს“ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გამო

საილუსტრაციო ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
საილუსტრაციო ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა

საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და "გამოხატავს წუხილს" ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

2026 წლის 23 ივლისს ევროკავშირმა ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტში შეიტანა - თუმცა იმ დათქმით, რომ სანქციები მასზე მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ დაწესდება, თუკი პრაქტიკა არ შეიცვლება.

სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო სრულად იცავს ევროკავშირის სანქციებს და არ დაუშვია მათი გვერდის ავლა.

უწყების თანახმად, ევროკომისიას წარედგინა ყველა საჭირო მტკიცებულება, რომლებიც ადასტურებს, რომ ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეტანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.

საქართველო იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ექვსთვიან ვადაში გადაწყვეტილებას გადახედავს და მზად არის თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.

რას წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტრო 24 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ

  • ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა ეფუძნება გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპებს.
  • საქართველოს შესაბამისი უწყებები მუდმივად უზრუნველყოფენ ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციისა და განმარტების დროულად მიწოდებას.
  • დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.


იმის გათვალისწინებით, რომ "ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის მომზადების პროცესში, ქართულმა მხარემ ევროკომისიას წარუდგინა ამომწურავი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია", რომელიც, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, "ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანას არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არა აქვს",
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ევროკომისიის შესაბამისი სამსახურები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებით განსაზღვრული ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში იხელმძღვანელებენ სამართლიანობის პრინციპით და გადახედავენ გადაწყვეტილებას.

საქართველო კვლავაც მზად არის ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობისა და მათთვის ყველა საჭირო ინფორმაციის გაზიარებისათვის", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რა ხდება - ფართო კონტექსტი

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა 23 ივლისს საბოლოოდ შეათანხმეს სანქციების ახალი, 21-ე პაკეტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უკვე ამოქმედდა.

ახალი სანქციები ძალაში შევიდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების მიერ დამტკიცებისა და ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ, 23 ივლისსავე.

საქართველოს შემთხვევაში პაკეტში შეიტანეს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.

საუბარია ყულევის ქარხანაზე და არა ყულევის პორტზე, - რომელიც, თავის მხრივ, 2026 წლის პირველ ნახევარში უკვე გადაურჩა ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვედრას.

ამასთან, სანქციები დაუწესდათ 14 კრიპტოვალუტების სერვისის პლატფორმას, რომლებიც ფუნქციონირებდნენ საქართველოში, პანამაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მარშლის კუნძულებზე, ყირგიზეთსა და ბელარუსში.

  • ბრიუსელში რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, ეს კონკრეტული ზომა - ექვსთვიანი ვადის, ერთგვარი „დედლაინის“ დაწესება - ევროკავშირმა თავის პრაქტიკაში პირველად მიიღო;
  • ინფორმირებული წყაროს განმარტებით, ამის საფუძველი გახდა მზაობა, რომ [სასანქციო] მოთხოვნებს (შე)ასრულებდნენ. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის პერსპექტივიდან, თუკი ექვსი თვის განმავლობაში ქარხნის გარშემო არაფერი შეიცვლება, - ესე იგი, რუსული ნავთობის გადამუშავებას განაგრძობს, - სანქციები ამოქმედდება;
  • ასევე, ქარხანაზე მომდევნო პაკეტითაც გავრცელდება ტრანზაქციების შეზღუდვები. ამოქმედების თარიღად ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებულ დოკუმენტში 2027 წლის 25 იანვარია მითითებული.


რას ამბობს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი კომპანია

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მმართველი კომპანიის, „ბლექ სი პეტროლიუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვახტანგ ჩახნაშვილი ამბობს, რომ რუსული ნავთობის გადამუშავებას შეწყვეტენ „სექტემბრის დასაწყისიდან, აგვისტოს ბოლოდან“ მას შემდეგ, რაც შემოვა კონტრაქტით გათვალისწინებული მოცულობა.

„TV პირველის“ ჟურნალისტმა მას ჰკითხა ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტთან დაკავშირებით, რომელშიც ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა შეიყვანეს იმ დათქმით, რომ სანქციები მასზე მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ დაწესდება, თუკი პრაქტიკა არ შეიცვლება.

„ჩვენ ამის შესახებ განცხადება გავაკეთეთ, ვაპირებთ ევროპის ბაზრებზე გასვლას და ისედაც ვაპირებდით...

ეს არ არის არც სანქციები და არც გაფრთხილება, ეს არის მხოლოდ პრევენციული ზომები ევროკავშირის მხრიდან... არა მარტო ჩვენი კომპანია, ევროკავშირი პრევენციულ ღონისძიებებს იღებს ყველა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიმართ და ამით, ფაქტობრივად, ცდილობენ რუსული ნავთობის რეალიზაცია შეიზღუდოს“, - თქვა ჩახუნაშვილმა და დასძინა, რომ „მტკიცებულებები რომ ჰქონოდათ, აუცილებლად დაგვასანქცირებდნენ“.

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელი კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“ (BSP) 1 ივლისსაც აცხადებდა, რომ მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან საწარმო სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას დაიწყებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG