Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ თავს დაესხნენ აშშ-ის ბაზებს ბაჰრეინში, იორდანიასა და ქუვეითში

ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმის შემდეგ. 25 მარტი, 2026 წელი (საილუსტრაციო ფოტო)
ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმის შემდეგ. 25 მარტი, 2026 წელი (საილუსტრაციო ფოტო)

ირანის სამხედრო ძალებმა 24 ივლისს განაცხადეს, რომ განახორციელეს დრონებით თავდასხმა რამდენიმე ამერიკულ სამხედრო ობიექტსა და ბაზაზე ბაჰრეინში, იორდანიასა და ქუვეითში, ისლამურ რესპუბლიკაზე აშშ-ის ბოლო თავდასხმების საპასუხოდ.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ მათ ბაჰრეინში Amazon-ის კუთვნილ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში, თუმცა არც ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტს და არც ბაჰრეინს ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

„დღეს დილით ბაჰრეინში, Isa-ს საჰაერო ბაზაზე, საწვავის ავზები, დიდი აღჭურვილობის საწყობები და ბუნკერები, ასევე აშშ-ის ტერორისტული არმიის ძალების ყაზარმები Arash-ის ტიპის “თვითმკვლელი” დრონების სამიზნე გახდა“, - ნათქვამია არმიის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა.

ბაჰრეინში მყოფმა AFP-ს ჟურნალისტმა პარასკევს გაავრცელა ცნობა აფეთქების და გამაფრთხილებელი განგაშის ხმის ჩართვის შესახებ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ერთმანეთთან კავშირში ეს ორი მოვლენა.

თავის ობიექტებზე ან პერსონალზე თავდასხმის ფაქტი აშშ-ს მხრიდან არ დადასტურებულა.

მოგვიანებით ბაჰრეინმა განაცხადა, რომ მოიგერია „ირანის არაერთი საჰაერო თავდასხმა“ და თეირანი მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეში ამოღებაში დაადანაშაულა.

ირანის არმიამ ასევე განაცხადა იორდანიაზე დრონებით თავდასხმაზე, რომლის სამიზნეც იყო „თვითმფრინავების ანგარები, ავიაციის ტექნიკური მომსახურების ანგარები და ყაზარმები“ ალ-აზრაკის ბაზაზე.

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში იორდანიას არანაირი დარტყმის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ცალკე განცხადებაში ირანის არმია იუწყებოდა, რომ დრონები გაუშვა აშშ-ის აღჭურვილობის საწყობების მიმართულებით ბანაკ უდაირში და ამერიკელი სამხედროების განთავსების ადგილას ბანაკ დოჰასა და ბანაკ არიფჯანში, ქუვეითში.

ირანის რევოლუციის გუშაგებმა, სამხედროების იდეოლოგიურმა შტომ, განაცხადეს, რომ ქუვეითში, ალი ალ-სალემის საჰაერო ბაზაზე თავდასხმა განახორციელეს და გაანადგურეს საბრძოლო მასალის საწყობი, რამაც ამერიკელ პერსონალს შორის მსხვერპლი გამოიწვია.

მათ ასევე განაცხადეს თავდასხმაზე აღჭურვილობის საწყობებზე ქუვეითში, ბანაკ უდაირში და აშშ-ის მეხუთე ფლოტის საგუშაგო კოშკზე ბაჰრეინში.

თეირანი ამტკიცებს, რომ შურისძიების კანონიერ სამიზნედ ითვლება ახლო აღმოსავლეთში ნებისმიერი ობიექტი ან ბაზა, რომლებსაც აშშ-ის სამხედროები ირანზე თავდასხმებისთვის იყენებენ.

ირანზე აშშ-ის და ისრაელის თავდასხმის შემდეგ, თებერვლის ბოლოს, დაიწყო ირანის ომი, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დროებით შეჩერდა აპრილში.

მას შემდეგ მოჰყვა აშშ-სა და ირანს შორის პაკისტანის შუამავლობით მიღწეულ მემორანდუმზე ხელმოწერა, რასაც ომის საბოლოო დასრულებისთვის უნდა მიეცა ბიძგი. ბოლო ხანს საომარი მოქმედებები განახლდა და აშშ-ის საპასუხოდ, ირანის თანახმად, ის ესხმის თავს სპარსეთის ყურის ქვეყნებს, ასევე ამ ქვეყნებში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG