ირანი უკრაინის ერთ-ერთ პორტზე სარაკეტო დარტყმის შესაძლებლობას განიხილავდა, თუმცა ამ ეტაპზე გადაიფიქრა, რაც დიპლომატიური ძალისხმევის შედეგია. ამის შესახებ გამოცემა New York Times-მა დაწერა ირანის და დასავლეთის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
- ირანი უკრაინაზე დარტყმას გეგმავდა მას შემდეგ, რაც 25 ივლისს კიევი დაადანაშაულა კასპიის ზღვაში ირანულ სატვირთო გემზე შეტევასა და ერთი მეზღვაურის სიკვდილში.
- უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 ივლისს განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა კასპიის ზღვაში დაარტყეს გემებს, რომლებიც ჩართული იყვნენ ირანიდან სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირებაში.
გამოცემა New York Times-ის წყაროთა თანახმად, ირანმა უკრაინაზე საპასუხო დარტყმა გადაიფიქრა დეესკალაციის მიზნით დაწყებული აქტიური დიპლომატიური ძალისხმევისა და სიტუაციის სტაბილიზაციის შედეგად.
უკრაინის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების კონტაქტი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ 27 ივლისს განაცხადა, რომ კასპიის ზღვაში ირანულ გემზე უკრაინის თავდასხმას უპასუხებენ. მეორე დღეს, 28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ არაყჩის დაურეკა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი სიბიჰამ.
სატელეფონო საუბრის შემდეგ სიბიჰამ განაცხადა, რომ დიპლომატია პირდაპირი საუბარია, მაშინაც კი, როცა ეს რთულია. სიბიჰას ინფორმაციით, არაყჩის უთხრა, რომ მიზანი არასაჭირო ესკალაციის თავიდან აცილებაა, უკრაინის ყველა ქმედება მიმართულია რუსეთის აგრესიისგან ქვეყნის დაცვისკენ და არასდროს ყოფილა სამოქალაქო გემების, ან ადამიანების წინააღმდეგ.
სიბიჰას თანახმად, მან ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ესკალაციის გამომწვევი ნებისმიერი ნაბიჯისგან თავის შეკავება და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ნებისმიერი მხარდაჭერის შეწყვეტა.
თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ განაცხადა, რომ ანდრი სიბიჰამ დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმა წინასწარ განზრახული ქმედება არ ყოფილა და უკრაინას ესკალაცია არ სურს.
არაყჩის თანახმად, ესკალაციისკენ არც ირანი მიისწრაფის, მაგრამ სიბიჰას ნათლად უთხრა, რომ ირანის მოქალაქეებზე, ან ინტერესებზე თავდასხმა მიუღებელია და აუცილებელია ზარალის ანაზღაურება.
ფორუმი