ნაურუსა და ოკუპირებულ აფხაზეთს დიპლომატიური ურთიერთობა 2019 წლის დეკემბრიდან ჰქონდათ.
„აფხაზეთის რესპუბლიკასა და ნაურუს რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის განვითარება ყოველთვის აწყდებოდა წინააღმდეგობას საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ერთობლივი ინიციატივების პრაქტიკულ სფეროში გადასვლისთანავე, ნაურუს რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესიული გარე ზეწოლის კამპანია დაიწყო.
გამოყენებული იქნა დახრჩობისა და იძულების მიუღებელი მეთოდების მთელი არსენალი - უპრეცედენტო პოლიტიკური შანტაჟითა და უხეში დიპლომატიური ზეწოლით დაწყებული, ღია ფინანსურ-ეკონომიკური რეპრესიებითა და სადამსჯელო სასანქციო ზომებით დამთავრებული, რომლებიც ნაურუს რესპუბლიკის სუვერენული არჩევანის გადახედვას ისახავდა მიზნად“, - აცხადებენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში.
ამ განცხადების გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მიესალმა ნაურუს ამ გადაწყვეტილებას და „გამოთქვამს მზადყოფნას, დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას“.
უწყების ცნობით, გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემის დასტურია.
რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში, 2008 წლის 26 აგვისტოს, კრემლმა საქართველოს ორი რეგიონი "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" გამოაცხადა. ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“ აღიარა მხოლოდ 4-მა ქვეყანამ - ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ. ეს ნაბიჯი გადადგეს ვანუატუმ და ტუვალუმაც, მაგრამ მათ საბოლოოდ აღიარება უკან წაიღეს. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველო და მისი საერთაშორისო პარტნიორები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ.
ფორუმი