„ჩვენ გვინდა, რომ უფრო ჰორიზონტალური ტიპის მმართველობაზე გადავიდეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყრილობა მიიღებს გადაწყვეტილებას, პარტიას ამ გარდამავალ ეტაპზე ვინ ეყოლება თავმჯდომარე, ვინ წარუძღვება...“ - თქვა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა მედიასთან.
„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი ლიდერი ანი წითლიძე ამბობს, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში პარტია მოემზადება თავმჯდომარის არჩევნებისთვის. ამ პერიოდში კი იმუშავებს რეფორმების ჯგუფი, რომელსაც ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს:
„პარტია უნდა მოემზადოს ძირეული რეფორმებისთვის და ექვსი თვის თავზე ჩაინიშნოს პარტიის თავმჯდომარის არჩევნები, სადაც კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ, დარეგისტრირდნენ და მიიღონ მონაწილეობა“.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თინა ბოკუჩავა, რომელიც პარტიას ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, პოლიტსაბჭოს სხდომას არ დასწრებია. პარტიის ლიდერების ინფორმაციით, ის დედაქალაქში არ იმყოფება.
ბოლო მოვლენები "ნაციონალურ მოძრაობაში"
- "ნაციონალურ მოძრაობაში" ცვლილებები მიხეილ სააკაშვილმა 10 ივნისს დააანონსა. მან დაწერა, რომ „ნანუკას [ჟორჟოლიანს] აქვს ჩემი სრული ნდობა და მანდატი ჩვენს მრავალრიცხოვან წევრებთან და პარტიის თავმჯდომარე თიკა ბოკუჩავასთან ერთად ცვლილებების განსახორციელებლად“;
- 11 ივნისს ჟორჟოლიანმა თქვა, რომ სააკაშვილი მას პარტიის თავმჯდომარეობას სთავაზობდა, რასაც არ დათანხმდა - „თუ ჩვენ შევთანხმდებით მთავარ საკითხებზე, თანათავმჯდომარის თანამდებობა არის სრულიად საკმარისი, რომ მე ეს ცვლილებები განვახორციელო“;
- ბოკუჩავამ თქვა, რომ არ იზიარებდა აზრს პარტიაში „ორხელისუფლებიანობასთან“ დაკავშირებით. მან 16 ივნისს პოლიტიკური ჭორაობა უწოდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი ჟორჟოლიანს მის თანამდებობას სთავაზობდა;
- 17 ივნისს მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი პოსტი, რომელშიც ეწერა: „ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი, მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს“;
- ამ განცხადების შეფასებისას, ბოკუჩავამ თქვა: „სიმართლე გითხრათ, ის პოსტი, რომელიც მე სულ რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგამდე გზაში წავიკითხე, მოულოდნელი იყო. ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა. ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ"...
- 30 ივნისს „TV პირველის“ ეთერში გავიდა მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ, რომლიდანაც გაირკვა, რომ ორი წლის წინ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ლევან ხაბეიშვილს ჯანმრთელობის მიზეზით არ დაუტოვებია: „რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს. მისი არჩევნების წინ შეცვლა იყო ჩვენი რეაგირება იმაზე, რომ მთელი „სვეცკი ბაბლი“ დაირაზმა ლევანის წინააღმდეგ, ჩვენ კი ვერ ვასწრებდით მის სწორად წარმოჩენას. უწუნებდნენ ინგლისურის არცოდნას, ჩვეულებრივ ადამიანის ენით საუბარს, ხან რას, ხან - რას“.
- 2 ივლისს ამის გამო ბოდიში მოიხადა თინა ბოკუჩავამაც, რომელიც ხაბეიშვილის შემდეგ აირჩიეს თავმჯდომარედ.
ფორუმი