„პროკურატურის მიერ დაცვის მხარისთვის მიწოდებული ინფორმაციით, საქმე ეხება სასამართლოში დაკითხული მოწმის მიმართ გამოხატულ უპატივცემულობას...
სავარაუდოდ, ბრალდების მხარე სწორედ სასამართლოში მოწმე პოლიციელის ჩვენების სიცრუეში მხილებას თარგმნის სასამართლოს უპატივცემულობად და ელისაშვილის ბრალს კიდევ უფრო ამძიმებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიზანმიმართულ, უსამართლო და უკანონო დევნას“, - ამბობენ პარტიაში.
მათივე ცნობით, პოლიტიკოსთან ბრალის წასაყენებლად პროკურორი პენიტენციურ დაწესებულებაში ხვალ შევა - სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით „სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მონაწილის შეურაცხყოფით“ ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
ალეკო ელისაშვილს 13 წელი აქვს მისჯილი
მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 10 ივლისს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი დამნაშავედ ცნეს ტერორიზმის მცდელობაში და 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
განაჩენის გამოცხადებას ალეკო ელისაშვილი არ ესწრებოდა, რადგან მანამდე მოსამართლემ ის დარბაზიდან გააძევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და მინისტრ მამუკა მდინარაძის გინების გამო.
„პოლიტიკაში ბევრი შეცდომა დამიშვია, ჩემი შეცდომა ის იყო, რომ პარლამენტში კონსტრუქციული ოპონირების კულტურა შემექმნა. რა კულტურა?! - ვნანობ, ყოველდღე რომ არ ვურტყამდი მდინარაძე- პაპუაშვილს… ისე უნდა მელაპარაკა, როგორც იმსახურებდნენ…
ჩემთვის მთავარია მამაჩემი და ჩემი შვილები ამაყობდნენ ჩემით და კობახიძის და მდინარაძის დედაც მოვ**ნ“, - თქვა ალეკო ელისაშვილმა გაძევებამდე.
მის ამ სიტყვებს დარბაზში შეძახილები მოჰყვა - „ბრავო“.
„სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი“
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, რომელიც ალეკო ელისაშვილის მეგობარია, წლების წინ კი თანაგუნდელებიც იყვნენ, მიანიშნა, რომ 13-წლიანი სასჯელი არასამართლიანი იყო. ამის საილუსტრაციოდ მან მოიყვანა ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის მისჯილი პატიმრობის ვადები.
„შედარება დავწერე იმის გამო, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი. სამართლიანობაში ვგულისხმობ იმას, რომ ის უნდა ასახავდეს იმ რეალობას [თანაზომადი უნდა იყოს] იმ ქმედების მიმართ, რაც ადამიანმა ჩაიდინა.
მე ხომ არ ვსაუბრობ ალეკოს უდანაშაულობაზე?! - ამაზე, მე მგონი, არავინ არ საუბრობს, ხო?! - სასჯელი უნდა იყოს იმის შესაბამისი, რაც მან ჩაიდინა. მე ვფიქრობ, რომ 13 წელი არ არის ის სასჯელი, რაც შეიძლებოდა მის მიმართ გამოტანილიყო. შეიძლებოდა უფრო დაბალი ყოფილიყო ეს სასჯელი“, - თქვა ლევან იოსელიანმა.
„სასამართლოში ხანძრის გაჩენის კიდევ ერთი მცდელობა“
30 მარტს საქართველოს პროკურატურამ მეორე ეპიზოდზე წარუდგინა ბრალი ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარეს, ალეკო ელისაშვილს. საგამოძიებო უწყებაში ამტკიცებენ, რომ მან თბილისის სასამართლოს შენობაში ცეცხლის გაჩენა 2025 წლის 4 მაისსაც სცადა.
„ბრალდებული სავენტილაციო მილზე ავიდა და სცადა ფანჯრის გაღება, რაც ვერ შეძლო. შემდგომ ჩავიდა კიბეებზე და სარკმლის გამოყენებით არქივის ოთახში შეაგდო ნავთობპროდუქტის შემცველი აალებული ნივთიერება, რის შედეგადაც ოთახში გაჩნდა ხანძარი. შემდგომ კვლავ დაბრუნდა ფანჯარასთან, რომელიც მეორე არქივის ოთახის მიმდებარედ იყო განთავსებული და სავენტილაციო მილზე ასვლისთანავე ცეცხლი წაუკიდა ფანჯარას და სადენებს“, - ასეა აღწერილი პოლიტიკოსისთვის წაყენებული ბრალის შინაარსი.
ფორუმი