„ჩერმენი“ (1970, სსრკ-საქართველო, რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი)
კინოში, როგორც ოპერაში
როდესაც კრისტოფერ ნოლანმა, "ოდისეამდე" ჯერ კიდევ Oppenheimer-ის პრემიერისთვის კვლავ მიაპყრო კინომოყვარულთა ყურადღება IMAX 70-მილიმეტრიანი ფირისკენ, მან არა მარტო ძველი ტექნოლოგია აღადგინა, არამედ კინოს ნახვის სოციალურ საკითხსაც შეეხო. IMAX 70 mm ფორმატით კინოს ჩვენება დღეს ძვირადღირებული გამოცდილებაა. ასეთი პროექტორები მსოფლიოში ბევრი არ არის, ბილეთები კი ჩვეულებრივ სეანსებზე უფრო ძვირია. შედეგი კი ის არის, რომ ფილმის „ნამდვილი გამოცდილება“ (რასაც თავად რეჟისორი ურჩევდა მაყურებელს), ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი არ არის. კინო, რომელსაც ჩაპლინი „ერთი დოლარის სანახაობას“ უწოდებდა, რომელიც შეიქმნა, როგორც ყველაზე მასობრივი, ყველაზე იაფი ხელოვნება, IMAX 70 mm-ის სეანსებზე „იყიდება“ თითქმის „ოპერის ფასად“, ლამის მეტროპოლიტენ-ოპერის ბილეთის ფასად. ესაა სწორედ პარადოქსი - „ყველაზე მასობრივი ხელოვნება“ ციფრულ ეპოქაში ისევ ფიზიკური ფირის, იშვიათი ტექნიკისა და ძვირადღირებული ინფრასტრუქტურის გამო პრივილეგირებულ გამოცდილებად იქცა.
აქ აუცილებლად ჩნდება კითხვა - არის თუ არა ერთი და იგივე ფილმი, რომელსაც სხვადასხვანაირად უჩვენებენ?
ოღონდ ეს კითხვა კრისტოფერ ნოლანის ფილმების გამო არ გაჩენილა. ამ კითხვასაც თავისი „ისტორია“ აქვს.
2009 წელს ბერლინის კინოფესტივალზე კლასიკური 70-მილიმეტრიანი ფილმების დიდი რეტროსპექტივა გაიმართა უაღრესად გონებამახვილური სათაურით: 70 mm – Bigger than Life („70 მმ - სიცოცხლეზე უფრო დიდი“). ორგანიზატორებმა „გერმანიის სინემატიკის“ არქივიდან აირჩიეს 22 ფართოფორმატიანი ფილმი, რომლებიც თავიდანვე 70-მილიმეტრიან ფირზე იყო გადაღებული. აქვე დავაზუსტოთ, რომ კლასიკური 70-მილიმეტრიანი კინო იგივე არა, რაც IMAX 70 mm. კლასიკური ფართოფორმატიანი ფილმისთვის გადაღება მიმდინარეობდა 65-მილიმეტრიან ნეგატივზე, ამას ემატებოდა 5 მილიმეტრი ხმოვანი ტრეკებისთვის და იქმნებოდა ასლი, რომელშიც კადრი ვერტიკალურად მოძრაობდა... IMAX 70 კადრი უკვე ჰორიზონტალურად მოძრაობს და იკავებს სამჯერ მეტ პერფორაციას, ვიდრე კლასიკურ ფართოფორმატიან ფირზე, ამიტომ მნიშვნელოვნად უფრო მაღალი დეტალიზაცია აქვს.
სწორედ ბერლინის ფესტივალზე, ფართოფორმატიანი ფილმების რეტროსპექტივის გახსნაზე აგვიხსნეს, რომ 70-მილიმეტრიანი კინო, რომელიც თავიდან ტელევიზიასთან კონკურენციის პირობებში დაიბადა (ტელევიზიით ამ ფორმატის ფილმს ვერ უჩვენებდნენ), ორი მნიშვნელოვანი უპირატესობით გამოირჩეოდა - ეს იყო გიგანტური („მრუდე“) ეკრანი, რომელიც ყველა დეტალს განსაკუთრებით ცხადად აჩვენებდა, და ეს იყო ექვსარხიანი მაგნიტური სტერეო ხმა, იმ დროისთვის სრულიად რევოლუციური, თითქმის ისეთივე სივრცით ეფექტს რომ ქმნიდა, როგორც თანამედროვე „დოლბი“. სხვათა შორის, ბერლინის ამ ფესტივალზე „საპატიო ოქროს დათვი“ სიმბოლურად გადასცეს კომპოზიტორს, მორის ჟარს, რომლის მუსიკა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფორმატიან ფილმში, „ლოურენს არაბში“ ჟღერდა.
ბუნებრივია, რომ ხმის „სივრცობრივმა“ ჟღერადობამ, რაც ფართოფორმატიანი კინოსთვისაა დამახასიათებელი, პირველ რიგში მუსიკალური კინოს ენაზე იმოქმედა. ფრედ ცინემანის „ოკლაჰომა“ პირველი ფილმია, რომელიც Todd-AO 70 mm ფირზე გადაიღეს. 1943 წელს ბროდვეიზე დადგმული მიუზიკლის ეკრანიზაციის პრემიერა ცოტათი დაგვიანდა, რადგანაც საპრემიერო კინოთეატრების აშენების პროცესი უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ.
„ოკლაჰომას“ მოჰყვა „ვესტსაიდის ისტორია“, „მუსიკის ჰანგები“, „სასაცილო გოგონა“, „ჩემი მშვენიერი ლედი“, „ჰელო, დოლი“, „მევიოლინე სახურავზე“... განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა „ვესტსაიდის ისტორიამ“, რომელიც საბჭოთა კინოთეატრებისთვის მხოლოდ მაშინ შეიძინეს, როცა ფართოფორმატიან კინოზე მოდა გადავიდა. მაგრამ ჩვეულებრივ ეკრანზე დაიკარგა რობერტ უაიზის კინოს მთავარი ეფექტი - არა იმდენად მუსიკის „გაღრმავება“ და სივრცეში გაშლა, არამედ ქორეოგრაფიის სივრცობრიობა.
70-მილიმეტრიანმა კინომ შექმნა ზუსტად ის ეფექტი, რომელზეც ოცნებობდა, მაგალითად, დავით კაკაბაძე, როდესაც „უსათვალო სტერეოკინოს“ შესაძლებლობებს იკვლევდა. 70-მილიმეტრიანი კინო, ვფიქრობ, გაცილებით უფრო ძლიერად და ბუნებრივად ქმნიდა მაყურებელთან თანაარსებობის ეფექტს, ვიდრე სტერეო კინოფილმები (სათვალით!)... ფართოფორმატიანი ფილმები არასდროს აქცევდნენ კინოს უბრალო თამაშად, ატრაქციონად. „გაიმეორეთ“ ეს ფილმები და კომპიუტერის ეკრანზეც კი შეძლებთ წარმოიდგინოთ, როგორი იქნებოდა მათი ზემოქმედება უზარმაზარ ფართოფორმატიან კინოთეატრში. მე რამდენიმეს გირჩევდით:
- „ეს არის შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო“( 1963, რეჟისორი სტენლი კრამერი)
- „დიდი პრიზი“(1966, რეჟისორი ჯონ ფრანკენმეიერი)
- „2001 წელი: კოსმოსური ოდისეა“ (1968, რეჟისორი სტენლი კუბრიკი).
„იუტუბზე“ სრული სახით აღმოვაჩინე ერთ-ერთი გვიანდელი ფილმი, გადაღებული 70 მმ ფირზე (80-იან წლებში ეს ფორმატი თითქმის გაქრება) - ფრანგი რეჟისორის, ჟაკ ტატის „ჟამი გართობისა“.
ევროპაში 70 მმ ფირზე კინოს გადაღებას ყოველთვის ერიდებოდნენ - ასეთი კინოს წარმოება ძვირი ღირდა და არც კინოთეატრები იყო იმდენი, რომ ფართოფორმატიანი ფილმების მასობრივი ჩვენებები შესაძლებელი გამხდარიყო. თუმცა ჟაკ ტატის ეს ფილმი თავად საფრანგეთის ხელისუფლებამ დააფინანსა, როგორც… რეკლამა პარიზის ახლადგახსნილი აეროპორტისა “ორლი”. ეს არის კინოს ისტორიაში ხმისა და გამოსახულების ახლებური “შეჯახებებით” მოულოდნელი მხატვრული სახეების შექმნის იდეალური მაგალითი და, ამავე დროს, უცნაური ფილმი, რომელიც თითქოს რეკლამას უკეთებს ახალ ტექნოლოგიებს, თანაც დასცინის ყველანაირი ტექნიკური სიახლის გაკერპებას.
საბჭოთა პასუხი
ამ ისტორიას ხშირად ვიხსენებ ხოლმე.
როცა “კლეოპატრა” გამოვიდა ჩვენს ეკრანებზე (დაგვიანებით), სკოლას ვამთავრებდი. კინო “რუსთაველში” უჩვენებდნენ. ის-ის იყო ბილეთი ვიყიდე და კინოში შესვლა დავაპირე, დავინახე წინა სეანსიდან გამოსული ნაცნობი გოგონა, მამაჩემის მეგობრის შვილი. კარგი ფილმია-მეთქი, ვკითხე. თვალები ზევით აწია და რაღაცნაირად, “სიმღერით” მითხრა: “რა სიმდიდრეა!”
1963 წელს გადაღებული ჯოზეფ მანკევიჩის “კლეოპატრა” იყო ერთ-ერთი პირველი ძვირადღირებული კინოეპოსი, რომელშიც ფართოფორმატიანი კინო მდიდრული კოსტიუმებით და დეკორაციებით ცდილობდა, მოგება მოეტანა ჰოლივუდისთვის.
იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით საბჭოთა ფართოფორმატიან კინოზე, რომელიც უფრო პროპაგანდის „მასშტაბური“ საშუალება გახდა, ვიდრე, უბრალოდ, სანახაობა.
სხვათა შორის, საინტერესოა, რომ პირველი საბჭოთა ფართოფორმატიანი ფილმი უკრაინელი კლასიკოსის, ალექსანდ დოვჟენკოს ცოლმა, იულია სოლნცევამ გადაიღო. მისი ფილმი „ცეცხლოვანი დღეების ამბავი“ 1961 წელს გამოვიდა. ამ პერიოდში საბჭოთა კავშირში შემუშავდა Sovscope-70 ტექნიკა, რომელიც განსხვავებული იყო ჰოლივუდის სისტემისგან - აქ კინოს იღებდნენ პირდაპირ 70-მილიმეტრიან ფირზე, კადრის ზომა კი თითქმის ოთხჯერ ჭარბობდა ფართოეკრანიანი კადრის სივრცეს. 60-იანი წლების დასაწყისში გამოიცა სპეციალური ბრძანებულება, რომელიც ავალდებულებდა საბჭოთა რესპუბლიკებს, აეშენებინათ ან გადაეკეთებინათ კინოთეატრები ფართოფორმატიანი სეანსებისთვის. თბილისში ასეთი ტექნიკისთვის ორი კინოთეატრი გაარემონტეს: “ოქტომბერი” (“აპოლო”) ახლანდელ აღმაშენებლის გამზირზე და “რუსთაველი”. არცერთი ეს დარბაზი დღეს აღარ ფუნქციონირებს, როგორც კინოთეატრი… თითქმის ასეთივე ბედი ეწიათ ფართოფორმატიან კინოთეატრებს ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებში. 90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კინოფირის, “სვემას” წარმოება სრულიად გაჩერდა, კინოთეატრების უმრავლესობა კი საკონცერტო დარბაზებად ან დიდ სუპერმარკეტებად გადაკეთდა. ფართოფორმატიან ფირზე გადაღებული საბჭოთა ფილმებიც მალევე გადაიყვანეს ჩვეულებრივ ფორმატზე.
ყველაზე ცნობილი საბჭოთა ფართოფორმატიანი ფილმებია:
- „ომი და მშვიდობა“ (1965-67, რეჟისორი სერგეი ბონდარჩუკი)
- „განთავისუფლება“ (1970, რეჟისორი იური ოზეროვი)
- "ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება“(1976, რეჟისორი ემილ ლოტიანუ)
- „ეკიპაჟი“ (1979, რეჟისორი ალექსანდრ მიტა).
დღევანდელი გადასახედიდან ამ ფილმების პრემიერები პირადად მე იმ აჟიოტაჟს მახსენებს, რაც ნოლანის „ოდისეის“ გარშემო შეიქმნა. თუკი ფართოფორმატიანი კინოთეატრის აშენება და შენახვა, ასევე 70-მილიმეტრიან ფირზე ფილმის გადაღება ძვირი ჯდებოდა, რატომ უნდა გადაეხადა მაყურებელს ასეთი კინოს სანახავად იმდენი, რამდენიც ჩვეულებრივ კინოსეანსებზე? ფართოფორმატიანმა კინომ უმალვე გააძვირა ბილეთები დიდ კინოთეატრებში. თუკი ჩვეულებრივ კინოში ბილეთის ფასი 35 კაპიკიდან 50 კაპიკამდე ღირდა (საბავშვო სეანსებზე 10 კაპიკი), ფართოფორმატიან კინოთეატრში ბილეთის ფასი 70 კაპიკამდე გაძვირდა... და რადგანაც 70-მილიმეტრიან ფირზე გადაღებული „სანახაობრივი“ ფილმების აბსოლუტური უმრავლესობა ორი სერიისგან შედგებოდა, მაყურებელი იძულებული იყო, ბილეთი ორჯერ უფრო ძვირად ეყიდა.
70-მილიმეტრიანმა კინომ განსაკუთრებით დაჩაგრა რეგიონები, სადაც ფართოფორმატიანი კინოთეატრები არ არსებობდა. როდესაც დღეს ვამბობთ, რომ ქართული კინოგაქირავების ისტორიული რეკორდი დაამყარა რობერტ უაიზის ფილმმა „მუსიკის ჰანგები“ (ფილმი თითქმის ერთი წლის განმავლობაში არ მოხსნილა კინოთეატრ „ოქტომბრის“ რეპერტუარიდან), ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ამ ამერიკულ მიუზიკლს სხვა კინოთეატრები ვერ უჩვენებდნენ, სანამ 70-მილიმეტრიან ფირს ჩვეულებრივ, 35 მილიმეტრიან ფორმატზე არ გადაიყვანდნენ.
ერთადერთი ქართული 70 mm - ოს ისტორიულ გმირზე
კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ ამბობდნენ, თუკი გვინდა სტუდიამ წლიური გეგმა შეასრულოს, წელიწადში ერთი ფილმი აუცილებლად ნიკოლოზ სანიშვილმა უნდა გადაიღოსო... კინოდარბაზები ყოველთვის ივსებოდა მის ფილმებზე: „აბეზარა“, „შეხვედრა მთაში“, „თოჯინები იცინიან“, „ჩარი რამა“.
60-იანი წლების დასაწყისში სტუდიას გამოუყვეს სოლიდური თანხა 70-მილიმეტრიან ფირზე ფილმის გადასაღებად. ოღონდ ერთი პირობით - ფილმში უნდა ასახულიყო „საბჭოთა ხალხის მეგობრობა“ ანდა აფხაზი თუ ოსი ხალხის „კულტურული იდენტობა“. ნიკოლოზ სანიშვილმა, რომელსაც პროექტის განხორციელება დაავალეს, ოსეთი აირჩია - ოსი პოეტის, გრიგორ პლიევის ლექსად დაწერილი ტრაგედია „ჩერმენი“. ამ ნაწარმოების გმირი მე-17 საუკუნის სახალხო გმირი ჩერმენ ტულატოვია, რომელიც თანასოფლელებთან ერთად იწყებს ბრძოლას ადგილობრივი ფეოდალების წინააღმდეგ.
ეკრანებზე გამოსვლის წინ „ჩერმენი“ შეფასდა, როგორც ქართულ-ოსური ერთობლივი ფილმი, თუმცა, ამავე დროს, რეცენზენტები მუდმივად აკონკრეტებდნენ, რომ „ჩერმენი“ საქართველოს და ჩრდილოეთ ოსეთის(!) ფილმია. მართლაც, მთავარი როლის შემსრულებელი ბიმბოლატ ვატაევი ჩრდილოეთ ოსეთის სახალხო არტისტი იყო, ისევე როგორც ვლადისლავ თხაფსაევი, რომელიც უხუცესის როლს ასრულებს „ჩერმენში“... აქვეა „უხუცესი ქართველიც“, რომელიც კონსტანტინე დაუშვილმა ითამაშა. აი, ჩერმენის დედას კი ვერიკო ანჯაფარიძე ასრულებს - ოს სახალხო ლიდერს ქართველი დედა უნდა ჰყოლოდა...ფილმში კიდევ ერთ საინტერესო ნიუანსს შენიშნავთ. ჩერმენი მარჯვე ჭაბუკია, მაგრამ უხუცესი ხაჯი წინააღმდეგია, მიათხოვოს თავისი ქალიშვილი, რადგანაც ჩერმენი უკანონოდაა შობილი და აქაური ადათის თანახმად, არ შეიძლება გვარის გამგრძელებელი იყოს. თუმცა მთიელი კაცი სიტყვას ვერ გატეხს - ეს უფრო მნიშვნელოვანია, როგორც „ადათი“...
„პერესტროიკის“ ეპოქაში, როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა და ქართულ-ოსური კონფლიქტი ჯერ არ იყო წაქეზებული, ოსებისგან გამიგია, რომ სანიშვილის ფილმში მნიშვნელოვნად შეიცვალა აქცენტები. უფრო სწორად, შეიცვალა ჯერ კიდევ სცენარში, რომელშიც ყურადღება გადატანილია სოციალურ უთანასწორობაზე, ხოლო ჩერმენისგან შექმნილია ოსი რობინ ჰუდის სახე. სინამდვილეში, ჩერმენი არ იყო ისეთი ღარიბი, როგორც სანიშვილის ფილმში... ის იყო სოფლის გავლენიანი კაცის უკანონო შვილი. კონფლიქტი კი წარმოიშვა არა სოციალური უსამართლობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ნათესავებმა უარი თქვეს მისთვის მიწის გამოყოფაზე მამის გარდაცვალების შემდეგ... მაგრამ ასეთი კინო არ დაუკვეთიათ მოსკოვიდან - ნიკოლოზ სანიშვილს სოციალური უსამართლობისთვის ბრძოლისთვის „სანახაობის ფორმა“ უნდა მიენიჭებინა. მაშინაც კი, როცა ამბავი ტრაგიკულად შეიძლებოდა დასრულებულიყო.
რატომ გადაიხდიდა მაყურებელი 70 კაპიკს ფართოფორმატიანი „ჩერმენის“ სანახავად?
პირველ რიგში, კავკასიური ნატურა უნდა გამოხატულიყო, როგორც „ლამაზი პეიზაჟი“, როგორც სურათი, რომელსაც ფართო ფორმატი საფოსტო ბარათის ფერადოვნებას მიანიჭებდა.
გარდა ამისა, „ჩერმენში“ ცხენოსნობის ტრიუკებისა და საბრძოლო სცენების გადაღება უნიკალური და უკიდურესად სახიფათო ტექნიკური გამოწვევა იყო. უზარმაზარი ფართოფორმატიანი კამერა, რომელიც 100 კგ-ზე მეტს იწონიდა, სერიოზულად ზღუდავდა ოპერატორ დუდარ მარგიევს, ამიტომ გადამღებ ჯგუფს ახალი ტექნიკის გამოგონება ჩრდილოეთ ოსეთის მთებში, ადგილზე მოუწია. მოიწვიეს კასკადიორებიც, რომლებიც ურთულეს ტრიუკებს ასრულებენ. გარდა ამისა, საბრძოლო სცენების გადაღებაში ასობით ადგილობრივი ოსი მცხოვრები მონაწილეობდა საკუთარი ცხენებით. მათი ცხენები არ იყვნენ გაწვრთნილი პიროტექნიკური აფეთქებების მართვაში, რაც რეგულარულად იწვევდა ქაოსს გადასაღებ მოედანზე და მსახიობებს გადაღებების დროს შეშინებული ცხენების შეკავება უწევდათ.
შედეგი შესაბამისი იყო - მიუხედავად 70 mm ფორმატისა და, შესაბამისად, შეზღუდული კინოგაქირავებისა, „ჩერმენი“ ხუთმა მილიონმა მაყურებელმა ნახა.
2010 წელს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ლაშა ბაქრაძემ გვითხრა, რომ ახალი ფორმატები, რომლებიც იქმნება კინოში, ემსახურება არა თანაარსებობის ეფექტს, არამედ უფრო იმ თაობისთვისაა განსაზღვრული, რომელიც კომპიუტერულ თამაშებზე აღიზარდა.
შესაძლებელია, ფართოფორმატიან კინოთეატრში ნაჩვენები ისტორიულ-რევოლუციური „ბოევიკი“ სწორედ კომპიუტერული თამაშის ეფექტს ქმნიდა იმ ეპოქაში, როცა კომპიუტერული თამაში ბუნებაში არ არსებობდა. მაგრამ დღეს ეს ქართულ-ოსური ფილმი (ოსებთან ერთად ჩვენს კინოსტუდიაში კიდევ ერთი ფილმია გადაღებული, „ფატიმა“) დაკარგული თანაცხოვრების, საერთო კულტურული სივრცის თავისებურ დოკუმენტად აღიქმება და, სხვათა შორის, აღიქმება ფილმად, რომლის შინაარსმა სრულიად ახალი, ტრაგიკული მნიშვნელობა შეიძინა.
„ჩერმენის“ სრული ლინკი, რუსული დუბლაჟით (ფილმი რუსულ ენაზე გამოვიდა ეკრანებზე) შეგიძლიათ იხილოთ აქ:
ფორუმი