მოგვიანებით ექიმებმა მას ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა დაუდგინეს. ბიჭმა დედას უამბო, რომ უფროსი აღსაზრდელები მას სისტემატურად სცემდნენ, ხოლო ბანაკის ზრდასრული თანამშრომლები ძალადობას არათუ არ აჩერებდნენ, არამედ თავადაც იყენებდნენ ბავშვების მიმართ სასტიკ სასჯელს.
მას შემდეგ, რაც კირილის ამბავი გახმაურდა, მის ოჯახს „ბოგატირსკაია ზასტავას“ ყოფილი აღსაზრდელების ათზე მეტი მშობელი დაუკავშირდა. ორმა ოჯახმა Sibir.realii-ს უამბო, რომ მათმა შვილებმაც გაიარეს ცემა და ფიზიკური სასჯელი ამ ბანაკში ჯერ კიდევ 2024 და 2025 წლებში. ბავშვების მონათხრობში ერთი და იგივე დეტალები მეორდება: მკერდში მუშტის დარტყმა, რასაც ბანაკში „ფანერის განგრევას“ უწოდებდნენ, თხევადი საპნის პირში ჩასხმა დასჯის სახით, რაც პირღებინებას იწვევდა, ასევე მოზრდილი ბავშვების მხრიდან ძალადობა, რის შესახებაც, მშობლების თქმით, უფროსებმა იცოდნენ.
„ბოგატირსკაია ზასტავას“ ხელმძღვანელობენ ცოლ-ქმარი ჩეშეგოროვები - ელენა და ილია, რომელიც ამავე დროს „რუსკაია ობშჩინას“ ომსკის უჯრედის კოორდინატორია. ბანაკი თითქმის ორი ათწლეულია მოქმედებს, დაკავშირებულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ომსკის ეპარქიასთან და ბოლო წლებში სახელმწიფო მხარდაჭერას იღებს. 2026 წელს პროექტმა „ბოგატირი - მი!“ („დევგმირები ჩვენ ვართ!“), რომლის ფარგლებშიც მუშაობს „ბოგატირსკაია ზასტავა“, თითქმის 5 მილიონი რუბლი მიიღო საპრეზიდენტო გრანტების ფონდიდან.
„რუსკაია ობშჩინა“ არის ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური ორგანიზაცია, რომელიც რუსეთში 2020 წელს შეიქმნა. თავად იგი საკუთარ თავს უწოდებს რუსების გაერთიანებას „ურთიერთდახმარების პრინციპით“ და „რუსული ტრადიციების, კულტურისა და რწმენის“ დასაცავად გამოდის. დამოუკიდებელი მედიასაშუალებები მოძრაობის დამფუძნებლებად ასახელებენ ომსკის საქალაქო საბჭოს ყოფილ ვიცე-სპიკერს, ანდრეი ტკაჩუკს, აბორტის საწინააღმდეგო მოძრაობა „ზა ჟიზნ!“-ის ყოფილ კოორდინატორ ევგენი ჩესნოკოვსა და ჟურნალისტ ანდრეი აფანასიევს, რომელიც თანამშრომლობდა ტელეკომპანიებთან „სპასთან“ და „ცარგრადთან“.
ორგანიზაცია ფართოდ გახდა ცნობილი მიგრანტების საწინააღმდეგო აქციებითა და რეიდებით, რომელთა ნაწილს მისი მონაწილეები პოლიციასთან ერთად ატარებენ, ასევე დასმენებითა და მუსლიმური თემების წინააღმდეგ მიმართული კამპანიებით. მოძრაობა მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და თანამშრომლობს სახელმწიფო და საეკლესიო სტრუქტურებთან. 2025 წლის აგვისტოში მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველობამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებს მოუწოდა, კონტაქტები დაამყარონ „რუსკაია ობშჩინას“ რეგიონულ განყოფილებებთან.
„ჩემი შვილი საავადმყოფოშია გატეხილი ხერხემლით“
ცვლა, რომლის დროსაც კირილ ბელკო ბანაკში იმყოფებოდა, 12 დღეს გრძელდებოდა - 2026 წლის 16-დან 28 ივლისამდე. იგი მთელ სხეულზე ჩაქცევებითა და ჰემატომებით დაბრუნდა სახლში. ომსკის საბავშვო კლინიკურ საავადმყოფოში მას ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა დაუდგინეს. VKontakte-ში გამოქვეყნებულ პოსტში (რომელიც ამჟამად დაფარულია კონფიდენციალურობის პარამეტრებით) კირილის დედა, ოლგა ბელკო ცალკე აღნიშნავს, რომ „ბოგატირსკაია ზასტავაზე“ არჩევანი შეაჩერა იმის გამო, რომ მართლმადიდებელი სამხედრო-პატრიოტული კარვების ბანაკი „პოზიციონირებს როგორც პროექტი პრეზიდენტის გრანტით, იქ ჩადიოდნენ მიტროპოლიტი და მე-12 არხის გადამღები ჯგუფი“.
„როდესაც შვილი იქიდან წამოვიყვანე, მთელი სხეული დალურჯებული ჰქონდა - ხელები, ზურგი, მკერდი, წელი, დუნდულები. გვიამბო, რომ მას სისტემატურად, ყოველ მეორე ღამეს სცემდა სამი უფროსი ბიჭი. მას ეშინოდა ჩივილის, რადგან მას მერე, რაც პირველად განაცხადა ამის შესახებ, აგრესია გაძლიერდა. უფროსებს - მეთაურებს, მედიკოსებს - თავი ისე ეჭირათ, თითქოს ვერაფერს ამჩნევდნენ. ბავშვები შვილის რაზმიდან ყოველდღიურად დილაობით წელზევით შიშვლები დარბოდნენ მინდორში და ამის შემდეგ ბანაკის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ვერ ხედავდა ჩაქცევებს ან უბრალოდ არ სურდა შემჩნევა, - წერს დედა. - ბავშვი ამბობს, რომ არაერთხელ მივიდა სამედიცინო მუშაკთან და რაზმის მეთაურთან ზურგის ტკივილის ჩივილით. ამ ბანაკში არის მეთაურების საღამოს ტრადიცია, საღამოს რიტუალი „ფანერის განგრევა“ - როდესაც მუშტს ურტყამენ მზის წნულში“.
ბელკოს ოჯახის მეგობრის, არინას თქმით (რესპონდენტების სახელები უსაფრთხოების მოსაზრებით შეცვლილია), კირილს არ შეეძლო დედისთვის ან სხვა ნათესავებისთვის ეჩივლა წამოსვლამდე, ვინაიდან, „ბანაკის წესების თანახმად“, ბავშვებს ტელეფონებს ართმევდნენ. „ბოგატირსკაია ზასტავას“ ვებსაიტზე იმ ნივთებს შორის, რომელთა წაღებაც ცვლაში არ შეიძლება, მართლაც მითითებულია სმარტფონები და პაუერბანკები.
- ოლგა აღშფოთებულია, რომ აქამდე საქმე აღძრულია მხოლოდ მომხდარის ფაქტზე, ყოველგვარი პერსონალური პასუხისმგებლობის მინიშნების გარეშე, თუმცა აშკარაა, ვინ არიან დამნაშავეები - მან დაასახელა ვინაობა და აჩვენა ბიჭები, რომლებიც სცემდნენ. აჩვენა ბანაკის თანამშრომლები, რომლებთანაც დაიჩივლა, მაგრამ მათ არანაირად არ შეაჩერეს ძალადობა. აჩვენა მეთაურები - ასე, სამხედრო ყაიდაზე, უწოდებენ აღმზრდელებს, - რომლებიც თავად ექცეოდნენ ბავშვებს სადისტურად. ისინი მას პირში თხევად საპონს ასხამდნენ! იგი რამდენიმე საათი აღებინებდა, - ჰყვება არინა. - ერთ-ერთმა მეთაურმა, რომელიც ბავშვის ჩივილისგან „დაიღალა“, იგი მხარზე გაიდო. მეხუთეკლასელი ბიჭი ზრდასრული კაცის სიმაღლეზე აისროლა და მიწაზე დაანარცხა! სასწაულია, რომ მხოლოდ კომპრესიული მოტეხილობაა და კისერი არ მოიტეხა. ეს როგორ იმოქმედებს მასზე მომავალში ჯანმრთელობის მხრივ?! ჯერ არ ვიცით.
Sibir.realii არ ფლობს მონაცემებს, რომლებიც შესაძლებელს გახდიდა იმის დადგენას, კონკრეტულად რა გარემოებებში მიიღო კირილმა მოტეხილობა და უკავშირდება თუ არა იგი ნათესავის მიერ აღწერილ ეპიზოდს.
ამ ამბის გამოქვეყნების შემდეგ ომსკის ოლქის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა „არასრულწლოვანის მიმართ უკანონო ქმედებების“ ფაქტზე. კონკრეტული პირებისთვის ბრალის წაყენების შესახებ საგამოძიებო კომიტეტს არ განუცხადებია.
ჩეშეგოროვები 2024 წლის ინტერვიუში ამბობდნენ, რომ 17 წლის განმავლობაში ბანაკში 4,5 ათასზე მეტმა ბავშვმა გაიარა.
ახლა „ბოგატირსკაია ზასტავას“ ვებსაიტზე ირწმუნებიან, რომ 19 წლის განმავლობაში აქ უკვე 4800-ზე მეტი აღსაზრდელი იმყოფებოდა.
- ჩვენ ერთი წლის წინ ვიყავით, ჩვენი ტიომა (სახელი შეცვლილია) ამ ბიჭზე, კირილზე, ერთი წლით უფროსია. აღწერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მას კიდევ უფრო სასტიკადაც კი სცემდნენ. მე და ჩემი ქმარი სხვაგან ვიყავით გამგზავრებული, ვაჟი ამ „პატრიოტულ“ ბანაკში ივლისში გატარებული ცვლის შემდეგ პირდაპირ წავიდა სპორტულ შეკრებაზე და იქ მწვრთნელმა შეამჩნია უკვე გაფერმკრთალებული ჰემატომები, - ამბობს ომსკის მცხოვრები ელენა. - შვილმა უარი გვითხრა დეტალების მოყოლაზე. მას სადისტურად ექცეოდნენ და სასტიკად სცემდნენ, ჩემთან და ჩემს ქმართან გამოტყდომაზე უარი თქვა, მაგრამ ჩვენ ფსიქოლოგთან შეხვედრები მოვუწყვეთ. განცხადების შეტანა უკვე გვიანი იყო და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის აღება ვერ მოვასწარით. მაგრამ ფსიქოლოგის დაჟინებული რჩევით გამოვრიცხეთ ნებისმიერი ცვლა ამ ბანაკში. და ბავშვი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სამედიცინო გამოკვლევაზე მივიყვანეთ. დამნაშავეები არიან არა მხოლოდ უფროსი ბავშვები - მთელი ხელმძღვანელობა საქმის კურსში იყო, მთელი „აღმზრდელობითი პროცესი“ სისასტიკეზეა აგებული. შვილი დღემდე დადის ფსიქოლოგთან. დიდება უფალს, სპორტულ ბანაკში მას ყველაფერი წესრიგში აქვს, იქ სიარულს აგრძელებს.
კიდევ ერთი ბავშვი ომსკიდან, მშობლების თქმით, ორი წლით ადრე წააწყდა ძალადობას „ბოგატირსკაია ზასტავაში“.
- 2024 წლის ზაფხულში იქ ჩავიდნენ ჩვენი ვაჟი რომა (სახელი შეცვლილია), ის მაშინ 10 წლის იყო, და უმცროსი ქალიშვილი - უამბო ვერონიკამ Sibir.realii-ს. - შემდეგ ორივე დათრგუნული დაბრუნდა და რამდენიმე დღის შემდეგ შევამჩნიეთ, რომ რომას ჩაქცევები ჰქონდა. ზურგზე უზარმაზარი ჰემატომა ჰქონდა. გავიქეცით საავადმყოფოში. ბანაკზე ეჭვი თავიდან არ მიგვიტანია - ვფიქრობდით, რომ იგი ხიდან ან სახურავიდან ჩამოვარდა. მაგრამ გავცოფდით, რომ გამოგვეპარა და არ შეგვატყობინეს. ასაკი პატარაა, მაგრამ ჩვენი ვაჟი უკვე ერთი წელი დადიოდა სექციაში და უპრობლემოდ მონაწილეობდა შეკრებებში. პლუს ისინი [ჩეშეგოროვები] ყველგან რეკლამას უწევდნენ, რომ ისინი საპრეზიდენტო მხარდაჭერით მუშაობენ - მართალი გითხრათ, მეჩვენებოდა, რომ ეს თავისებური ამულეტი იყო: ე. ი. ასჯერ უნდა შეამოწმონ. როგორც აღმოჩნდა, არაფერი მსგავსი. ბიჭი მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ გამოტყდა, რომ მას სცემდნენ, როგორც ყველა ბიჭს. და ცნობისთვის, იქ რვა წლისებიც კი იყვნენ! მკერდში მუშტებს ურტყამდნენ - და ამას აკვირდებოდნენ მეთაურები! ანუ ისინი ასე გადასცემდნენ მათ „სამხედრო ტრადიციებს“. გაიზრდები, ჯარისკაცი იქნები - ჯარში ოფიცერიც ასე „გასწავლის“, შეეჩვიეო. გავჭაღარავდი, სანამ მას ვუვლიდი. ხოლო საპონს პირში ასხამდნენ არა მხოლოდ გინების გამო, როგორც მედიაში წერენ, არამედ უბრალოდ მაშინაც კი, როდესაც ბავშვები იმავე ცემაზე ჩიოდნენ: ვითომ, ენატანია არავის უყვარსო.
ვერონიკას თქმით, მაშინ ოჯახმა არ ისურვა ბანაკის წინააღმდეგ ჩივილი.
- ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ჯანმრთელობის შენარჩუნება, იმის შესახებ, რომ კიდევ სპეციალური ექსპერტიზა იყო საჭირო, მაშინ გავიგე, როდესაც ჰემატომები გაქრა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ახლა შედარებით კარგად არის საქმე, მაგრამ არის ფსიქოლოგიური მომენტები: რომა უარს ამბობს სახლიდან სადმე წასვლაზე, შვებულებაში სასტუმროში ან ბებიასთანაც კი. იგი ადრე დადიოდა სირბილის სექციაზე, უარი თქვა, - ამბობს ვერონიკა. - გულწრფელად რომ ვთქვა, ვშიშობდით, რომ მთლიანობაში არანაირი საჩივარი არ უშველიდა, რადგან ბოლო ორი წელია ეს ბანაკი ამაყობს საპრეზიდენტო გრანტებითა და ბავშვების „სამხედრო მომზადებით“. ახლა ხალხს სულ არაფრისთვის აბრალებენ არმიის დისკრედიტაციას, ხოლო თუ ამხანაგ ჩეშეგოროვებს კავშირები აქვთ „იქ“ - არაფერია საძებნი. იმედი მაქვს, კირილის დედა შეძლებს მიაღწიოს მათ დასჯას. მაგრამ თუ მართალს ვიტყვით - დიდად არ მჯერა.
„დიდება უფალს ყველაფრისთვის!“
ცოლ-ქმარი ჩეშეგოროვების პროექტი ომსკის ოლქში 2000-იანი წლებიდან არის ცნობილი, ხოლო 2024 წლიდან VKontakte-ს გვერდი რეგულარულად იუწყება ბანაკის მხარდაჭერის შესახებ საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მიერ. ბოლო რამდენიმე პოსტს თან ახლავს ჰეშტეგები #фондпрезидентскихгрантов და #говорюспасибо.
ჩეშეგოროვები თავიანთ პირად გვერდებზე ხშირად უხდიან მადლობას ომსკის ეპარქიასაც.
„აბალაკის ღვთისმშობლის წმინდა სასწაულმოქმედი ხატის შეხვედრა ომსკის ბანაკ „ბოგატირსკაია ზასტავას“ მე-3 ცვლაში. ომსკისა და ირტიშისპირეთის მიტროპოლიტი ციმბირის დიდ სიწმინდესთან ერთად ეწვია ცვლის მონაწილეებსა და მათ პედაგოგებს. და თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩამოვიდა ჩვენთან კურთხევით... დიდება უფალს ყველაფრისთვის!“ - დაწერა ელენა ჩეშეგოროვამ 24 ივლისს.
ეპარქიის წარმომადგენლები, სხვათა შორის, უბრალოდ კი არ სტუმრობენ ბანაკს. იმავე დღეს გამოქვეყნებულ ომსკის ეპარქიის პრესსამსახურის შეტყობინებაში ნათქვამია, რომ მრავალწლიან პროექტ „ბოგატირსკაია ზასტავას“ ახორციელებენ ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული სტუდია „სრეტენიეს“ გუნდი ცოლ-ქმარი ჩეშეგოროვების მეთაურობით და ომსკის ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება. ჯერ კიდევ 2022 წელს ეპარქია „ბოგატირსკაია ზასტავას“ უწოდებდა ეპარქიულ საბავშვო სამხედრო-პატრიოტულ ბანაკს, რომელიც მოქმედებს „ომსკის ეპარქიის ეგიდით“.
13 აგვისტოს, უკვე იმ რეზონანსის შემდეგ, რაც კირილის ამბავმა გამოიწვია, „ბოგატირსკაია ზასტავამ“ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც შეჯამებულია 2026 წლის სეზონის შედეგები. მასში ბანაკმა კვლავ გადაუხადა მადლობა საპრეზიდენტო გრანტების ფონდსა და ომსკის ეპარქიას.
„მეგობრებო, მინდა შეგატყობინოთ, რომ ჩვენი ყოველწლიური საზოგადოებრივი საქმიანობის მთავარმა ეტაპმა - მართლმადიდებელმა სამხედრო-პატრიოტულმა კარვების ბანაკმა „ბოგატირსკაია ზასტავამ“ უბრალოდ შესანიშნავად ჩაიარა! პროექტი ხორციელდება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გრანტის გამოყენებით, რომელიც მოწოდებულია საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მიერ.
მეთაურები ყურადღებით იყვნენ, პედაგოგები ახერხებდნენ ბავშვების ინტერესის აღძვრას არა მხოლოდ ცხენოსნობაზე, ბაიდარებზე, ტურიზმსა თუ სამხედრო მომზადებაზე, არამედ ეტიმოლოგიაზეც კი, რისი მეშვეობითაც ჩვენ განვუვითარეთ მონაწილეებს რუსული ენის სიყვარული და გაგება.
ჩვენი მედიკოსები, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ: პრობლემების მიმართ ყურადღებიანი და მოქმედებებში ფრთხილი. ამას ომსკის ოლქის საუკეთესო სპეციალისტები ყოველწლიურად გვასწავლიან სემინარზე, რომელსაც ორგანიზებას უწევს მშობლიური ჯანდაცვის სამინისტრო.
მეთაურების თანაშემწეები სწავლობდნენ გუნდთან მუშაობას, ავლენდნენ ლიდერის თვისებებს. ზოგჯერ იღლებოდნენ - და მათ, რა თქმა უნდა, ეხმარებოდნენ უფროსები. ჩვენ არ გვაქვს მანკიერი ჩვევა, რომ ვინმე თავის პრობლემებთან მარტო დავტოვოთ. ხოლო საღამოობით თითოეული რთული შემთხვევა თითოეული რაზმიდან ერთად ირჩეოდა თათბირზე, - რათა არ დაგროვილიყო გადაუჭრელი სიტუაციები...
...მადლობას ვუხდით საპრეზიდენტო გრანტების ფონდს, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენს პროექტს „ბოგატირი - მი!“ და გამოყო სახსრები დაუცველი სოციალური ჯგუფების ბავშვებისთვის შეღავათიანი საგზურების უზრუნველსაყოფად. პროექტი განხორციელდება 2027 წლის ბოლომდე და ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო რამ გვაქვს მომზადებული! მათ შორის შეღავათიანი საგზურები ბავშვთა სახლების, მიმღები ოჯახების ბავშვებისთვის და მათთვის, ვისაც აქვს გარკვეული დაძაბულობა კანონთან მიმართებით“.
იმავე პოსტში ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მესამე ცვლაში ბანაკმა მიიღო ათი ბავშვი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან (დნრ) - რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქის ნაწილიდან, მადლობა გადაუხადა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოსა და ეპარქიას, ასევე უამბო, რომ ცვლებში 13 ადამიანი მოინათლა, ხოლო მესამე ცვლის 98 მონაწილე ეზიარა.
სოციალურად დაუცველი ჯგუფების ბავშვებისთვის განკუთვნილი საგზურების შესახებ მტკიცება დასტურდება ოფიციალური პუბლიკაციებითაც. 15 ივლისს ომსკის ეპარქია იუწყებოდა, რომ პროექტის „ბოგატირი - მი!“ წყალობით „ბოგატირსკაია ზასტავას“ მეორე ცვლაში მონაწილეობდნენ №4 ბავშვთა სახლის აღსაზრდელები, ხოლო გრანტი იძლეოდა საშუალებას, მომდევნო ცვლაში უფასოდ მიეღოთ ბავშვები ე.წ. დნრ-დან.
ბავშვების მშობლები, რომლებიც ძალადობაზე ჰყვებოდნენ, მედიკოსებისა და ბანაკის მეთაურებისთვის გადახდილ მადლობას დაცინვას უწოდებენ.
- ეს საშინელებაა. იმის ნაცვლად, რომ საჯაროდ მოუხადონ ბოდიში ოჯახს, ისინი შეფარვით ადანაშაულებენ მათ ცილისწამებაში - ვითომ, ბიჭი „მოტეხილობით“ არის ცვლის ბოლო ფოტოსურათზე. თუმცა დედამისი მაშინვე წერდა, რომ ის კომპრესიულია. ხოლო ჩვენი კრიტიკული კომენტარები და სხვა დაზარალებულების კომენტარები ბოლო პოსტის ქვეშ წაშალეს, თანაც უწოდეს „უცხოეთის აგენტების“ ინტრიგები. მშობლები ცნობის შემდეგ წავიდნენ თავიანთი ძველი „ლაიკების“ მოსაშორებლად. ხოლო მათ ამას უწოდეს „ბოტების შეტევა“ პატარა კერძო ბანაკზე. თუმცა აშკარაა, რომ ეს შეუძლებელია - ბოტებით მეტი მოწონების მომატება შეიძლება, ხოლო წაშლა - არა, - ამბობს ვერონიკა. - მეჩვენება, რომ ისინი შეტევაზე გადადიან და კიდევ ცოტაც - დაიწყებენ საწყალი დედის დადანაშაულებას სამხედროების დისკრედიტაციაში.
„რუსკაია ობშჩინა“, რომლის ერთ-ერთი ომსკელი კოორდინატორია ილია ჩეშეგოროვი, ასევე საჯაროდ გამოექომაგა ბანაკის ორგანიზატორებს. მომხდარის შესახებ პუბლიკაციებს მის ფედერალურ ტელეგრამის არხზე უწოდეს „სისტემური ზახოხლების შეტევა“ (ანუ უკრაინის მხარდამჭერების - რ. თ.), ხოლო კირილს აგრესიული და პროვოკაციული ქცევა დააბრალეს. ამ ვერსიის გამოჩენის შემდეგ ბიჭის დედა ჰყვებოდა დევნაზე სოციალურ ქსელებში.
- ოლგამ უკვე თითქმის შეწყვიტა სოციალური ქსელებით სარგებლობა, რადგან მას შემდეგ, რაც საქმე აღძრეს, მას სრულიად უცნობმა ადამიანებმა მასობრივად დაუწყეს სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ცუდი კომენტარის წერა, მას შეურაცხყოფდნენ, უწოდებდნენ მატყუარას, ითხოვდნენ განცხადებების გამოტანას საგამოძიებო კომიტეტიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ამის გაკეთებას იგი არ აპირებს, - ამბობს არინა.
თითქმის ხუთი მილიონი „დევგმირებზე“
საპრეზიდენტო გრანტების ფონდი სულ მცირე 2018 წლიდან უჭერს მხარს „ბოგატირსკაია ზასტავასთან“ დაკავშირებულ პროექტებს. მაშინ საქველმოქმედო ფონდმა „მოლოდიოჟნაია ინიციატივამ“ მიიღო 2,95 მილიონი რუბლი პროექტისთვის „მართლმადიდებელი სამხედრო-პატრიოტული ფოლკლორული კლუბი „ბოგატირსკაია ზასტავა“. სხვათა შორის, ის ითვალისწინებდა საზაფხულო ბანაკის სამი ცვლის ჩატარებას.
2023 წელს იმავე ფონდმა მიიღო კიდევ თითქმის 3 მილიონი რუბლი პროექტისთვის „ბოგატირიამი ნავსეგდა“ („დევგმირები - სამუდამოდ„), რომელიც გათვლილი იყო 2024 წლის ივლისამდე. იმ პერიოდის ინტერვიუში ჩეშეგოროვები ჰყვებოდნენ, რომ სახელმწიფო მხარდაჭერის წყალობით შეძლეს ბანაკისთვის შეეძინათ საკუთარი დიდი კარვები, რომლებსაც ადრე სამხედროებისგან იღებდნენ, და ბაიდარები.
2026 წელს საპრეზიდენტო გრანტების ფონდმა „მოლოდიოჟნაია ინიციატივას“ უკვე 4 979 892 რუბლი გამოუყო ახალი პროექტისთვის „ბოგატირი - მი!“. პროექტის საერთო გამოცხადებული ღირებულება თანადაფინანსების გათვალისწინებით შეადგენს 21,6 მილიონ რუბლს. პროგრამა გათვლილია 2026–2027 წლებზე და მოიცავს „ბოგატირსკაია ზასტავას“ მუშაობას, მათ შორის რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში მყოფი ოჯახების ბავშვებთან, ბავშვთა სახლების აღსაზრდელებსა და აღრიცხვაზე მყოფ არასრულწლოვანებთან.
ბანაკის სახელმწიფო მხარდაჭერა არ შემოიფარგლება საპრეზიდენტო გრანტებით. „ბოგატირსკაია ზასტავას“ ვებსაიტზე იუწყებიან, რომ ომსკის ოლქის გუბერნატორის განკარგულებით ბანაკი ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომის მოქმედი მონაწილეების ბავშვების დასვენების სუბსიდირების პროგრამაში: ცვლის დასრულების შემდეგ ოჯახს შესაძლოა აუნაზღაურონ 20 ათას რუბლამდე. იქვე ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ ბანაკის ტერიტორია „სადღეღამისოდ დაცულია ომსკის რაიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილების ხელშეწყობით“, ბავშვები იმყოფებიან „აღმზრდელების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ“, მათთან მუშაობს ფსიქოლოგი.
„მეთაურების ამოცანა არაა შეცოდება“
სამხედრო კომპონენტი „ბოგატირსკაია ზასტავაში“ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდეც არსებობდა. თუმცა ბანაკის შესახებ უფრო ადრეულ მასალებში ორგანიზატორები შესამჩნევად მეტს ჰყვებოდნენ ტურისტულ მომზადებაზე, ცხენოსნობაზე, ბაიდარებით ნიჩბოსნობაზე, პირველადი დახმარების საფუძვლებზე, ტყეში თავის გატანაზე, ფოლკლორსა და ხელოსნობაზე. მაგალითად, სწორედ ამაზე კეთდებოდა აქცენტი ომსკის მე-12 არხის ძველ სიუჟეტში.
2024 წელს ინტერვიუში ჩეშეგოროვები ბანაკის პროგრამის ძირითად ნაწილს უკვე უწოდებდნენ ფიზიკურ და დაწყებით სამხედრო მომზადებას.
„შარშან იყო პროგრამირება კომპიუტერის გარეშე, წელს დაგეგმილია ჭადრაკი, თეორიული ფიზიკა და მათემატიკა. რა თქმა უნდა, მთავარი - ეს არის ფიზიკური და დაწყებითი სამხედრო მომზადება. ფოლკლორი - ეს დასვენებაა, მას თავს არ ვახვევთ“, - ჰყვებოდა ელენა ჩეშეგოროვა.
იმავე ინტერვიუში ბანაკის დამფუძნებლები დაწვრილებით ჰყვებოდნენ აღზრდის თავიანთ მოდელზე. ელენას თქმით, გოგოებს აქ განუმარტავენ, „ვინ არის სინამდვილეში გოგო“, რაში მდგომარეობს მისი დანიშნულება და რატომ არის მისთვის აუცილებელი, რომ „მამაკაცებისთვის ზურგი იყოს“.
ილია ჩეშეგოროვი ამბობდა, რომ „ბოგატირსკაია ზასტავაში“ ხვდებოდნენ „რთული მოზარდებიც“, რომლებსაც იქ არასრულწლოვანთა საქმეების სამსახურები გზავნიდნენ ომსკის მიტროპოლიის სასულიერო პირების მეშვეობით. თვითონ ბანაკს იგი უწოდებდა „საკმაოდ მკაცრს“.
ჩეშეგოროვები აღიარებდნენ იმასაც, რომ ბავშვები ბანაკში ხშირად ტირიან.
- ეს დაკავშირებულია ადაპტაციასთან, დედის გარეშე ცხოვრების უნარის არქონასთან, რაც უნდა გასაკვირი იყოს, და არა მამის გარეშე! მამებთან ხომ ჩვეულებრივად ვერ განებივრდები. აი, დედის არყოფნა კი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია შეცოდება, რა თქმა უნდა, ბავშვებს ძალიან ძაბავს, - ამბობდა ილია ჩეშეგოროვი.
მისი თქმით, ბავშვის შეცოდება შეეძლოთ ქალ პედაგოგებს.
- იმიტომ, რომ მეთაურებს - მამაკაცებს - ასეთი ამოცანა არა აქვთ, ეს არასწორი იქნებოდა - მათი შეცოდება და მოფერება, განსაკუთრებით მაშინ, როცა იქ ქალები არიან. მაგრამ ბავშვები მაინც ტირიან. და ხდება, რომ დიდხანს, შეიძლება კვირამდეც დასჭირდეთ ადაპტაცია. მაგრამ არიან ისეთი ბიჭებიც - მე მათ სიყვარულით „ბანდიტებს“ ვუწოდებ, - რომლებსაც პირდაპირ ყველაფერი მოსწონთ, ისინი მაშინვე ისე არიან, როგორც თევზი წყალში. მაგრამ ასეთი ბავშვები 30%-ზე მეტს არ შეადგენენ.
„ბოგატირსკაია ზასტავას“ ამჟამინდელი პროგრამა კიდევ უფრო ორიენტირებული გახდა სამხედრო მომზადებაზე. ბანაკის ვებსაიტზე შესაბამის განყოფილებაში ჩამოთვლილია ხელჩართული ბრძოლა, დანების სროლა, თანამედროვე იარაღის შესწავლა, რადიოკავშირი, შენიღბვა, მობილურ სასროლ სამიზნეებთან მუშაობა, უპილოტო საფრენი აპარატების მართვა, მარშ-ნახტომები და დაბრკოლებათა ზოლი.
„ვზრდით მომავალ მეომარს - სამშობლოს დამცველს; სკოლის მოსწავლეებს ვამზადებთ ჯარში სამსახურის გავლის რეალიებისთვის“, - განმარტავენ ამ მეცადინეობების მიზანს ორგანიზატორები.
ამასთან, ბანაკის მონაწილეთა ასაკი 8-დან 18 წლამდეა. „ბოგატირსკაია ზასტავა“ ხაზს უსვამს, რომ ყოფილი აღსაზრდელები დროთა განმავლობაში თავად ხდებიან აღმზრდელები და პედაგოგები ახალი ცვლებისთვის. ამას ადასტურებენ მშობლებიც, რომლებსაც Sibir.realii ესაუბრა. ისინი ამბობენ, რომ „მეთაურების“ ნაწილი - არა პროფესიონალი მეთაურები, არამედ წამოზრდილი ბანაკის აღსაზრდელები არიან.
მოტეხილობა 2010-ში და ბანაკის დახურვა 2016-ში
კირილის ამბამდე 16 წლით ადრე „ბოგატირსკაია ზასტავა“ უკვე აღმოჩნდა სკანდალის ცენტრში, რომელიც ბავშვების უსაფრთხოებას უკავშირდებოდა. 2010 წლის ზაფხულში ბანაკში მძიმე ტრავმა მიიღო 14 წლის მოზარდმა. კლდეზე ცოცვის სიმულატორიდან სავარჯიშო დაშვების დროს გაწყდა დამცავი რგოლი, ბავშვი ჩამოვარდა და მიიღო ხუთი მალის კომპრესიული მოტეხილობა და კუდუსუნის დაჟეჟილობა. როგორც სასამართლომ დაადგინა მოგვიანებით, ბანაკის თანამშრომლებმა მას დროული სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს: საავადმყოფოში მოზარდი მხოლოდ ღამით მიიყვანეს, მას შემდეგ, რაც მან თავად აცნობა მომხდარის შესახებ დედას. შემთხვევის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე მოგვიანებით შეწყდა ბანაკის თანამშრომელთა ქმედებებში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, თუმცა 2012 წელს სასამართლომ 300 ათასი რუბლის ოდენობის მორალური ზიანის კომპენსაცია დააკისრა ორგანიზაცია „პერესვეტს“, რომელიც ახდენდა მაშინ „ბოგატირსკაია ზასტავას“ ორგანიზებას.
2016 წლის ივლისში ომსკის რაიონულმა სასამართლომ ათი დღით შეაჩერა ბანაკის მუშაობა რეგიონული „როსპოტრებნადზორის“ მიერ შემოწმების შემდეგ. მაშინ ინსპექტორებმა აღმოაჩინეს სანიტარიული მოთხოვნების მრავალრიცხოვანი დარღვევები: პირად ჰიგიენასთან, სასმელი რეჟიმის ორგანიზებასთან, კვებასა და ბავშვთა სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით.
პრეტენზიების სია ბევრად უფრო ფართო იყო. „ომსკ-ინფორმის“ მონაცემებით, შემმოწმებლებმა დაადგინეს, რომ რაზმები ფორმირდებოდა ბავშვების დასაშვები რაოდენობის გადაჭარბებით, სასმელი წყლის ტუმბო არ გადიოდა რეგულარულ დეზინფექციას, თეთრეულს დროულად არ ცვლიდნენ, ხოლო აბანოს დღეების ჩატარების შესახებ დოკუმენტები არ არსებობდა. სპორტული ღონისძიებები, შემოწმების მასალების თანახმად, ტარდებოდა ბავშვების ფიზიკური მომზადებულობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუთვალისწინებლად, ხოლო მედიკამენტები ინახებოდა დარღვევებით. რამდენიმე აღსაზრდელს ტემპერატურამ აუწია.
ცვლა მაშინ ვადაზე ადრე დაასრულეს, 75 ბავშვი სახლში გაუშვეს.
ელენა ჩეშეგოროვა დარღვევების ნაწილს ხსნიდა ძლიერი წვიმისა და შტორმის შედეგებით. მისი თქმით, შენიშვნების უმეტესობა ორგანიზატორებმა კომისიის მოსვლისთანავე გამოასწორეს, ხოლო ახალგაზრდობის საქმეთა რეგიონული სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც ასევე დაათვალიერეს ბანაკი, „კმაყოფილნი დარჩნენ მდგომარეობითა და პროგრამით“.
მნიშვნელოვანია, რომ ბანაკი უკვე მაშინ არ იყო ექსკლუზიურად ჩეშეგოროვების ოჯახის კერძო ინიციატივა. 2016 წლის პუბლიკაციის მონაცემებით, მის ორგანიზებას ეწეოდა საოლქო საბიუჯეტო დაწესებულება „ახალგაზრდობის პატრიოტული აღზრდის ცენტრი“, ხოლო თავად „ბოგატირსკაია ზასტავა“ მოქმედებდა ომსკის ეპარქიის ეგიდით.
„ჯერჯერობით ეს არის და ეს“
ილია და ელენა ჩეშეგოროვებმა Sibir.realii-ის კითხვები სოციალურ ქსელ VKontakte-ში წაიკითხეს, მაგრამ არ უპასუხეს.
არ უპასუხეს რედაქციის შეკითხვებს ომსკის ოლქის განათლების სამინისტროშიც, სადაც იჩივლა კირილის დედამ, ოლგა ბელკომ.
- მან იჩივლა ომსკის ოლქის გუბერნატორ ვიტალი ხოცენკოსთან, არა მხოლოდ ოლქის, არამედ ომსკის განათლების დეპარტამენტში, ოლქის პროკურატურაში, ომსკის ოლქის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოსა და საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელ ბასტრიკინთან პერსონალურად, - ამბობს არინა, ბელკოს მეგობარი. - ჯერჯერობით რელიზების გზით უპასუხა მხოლოდ საგამოძიებო კომიტეტმა. ჯერჯერობით ეს არის და ეს.
თვითონ „ბოგატირსკაია ზასტავას“ გვერდზე 13 აგვისტოს 2026 წლის სეზონს უწოდეს ისეთი, რომელმაც ჩაიარა „უბრალოდ შესანიშნავად“. მიღებული საპრეზიდენტო გრანტი გათვლილია 2027 წლის ბოლომდე.
„კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო რამ გვაქვს შემონახული“, - დაწერა ბანაკის დირექტორმა ელენა ჩეშეგოროვამ. ხოლო აურზაური, რომელიც ატყდა დაზარალებული ბავშვების მშობლების საჩივრების გარშემო, ბანაკის ხელმძღვანელობამ შემდეგნაირად განმარტა: „დიახ, ბევრი ბავშვი იღებს ნათლობას ბანაკში. ბევრი პირველად ეზიარება აქ. საკუთარ თავს პედაგოგებთან ერთად ცხოვრებისეულ მთავარ კითხვებს უსვამენ და იღებენ პროფორიენტაციას.
ბევრი - სწორედ სამხედროს. ამიტომ ჩვენ ამჟამად ძვალივით ყელზე დავადექით რუსეთის მტრებს“.