Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენმა ღარიბაშვილი მოინახულა - პენიტენციური იოსელიანს პასუხობს

ლევან იოსელიანი და ირაკლი ღარიბაშვილი (ფოტოკოლაჟი)
ლევან იოსელიანი და ირაკლი ღარიბაშვილი (ფოტოკოლაჟი)

სახალხო დამცველი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღარიბაშვილის ციხეში ყოფნის პირობებს გაეცნო, მათ შორის დაინტერესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

იოსელიანმა ღარიბაშვილთან და ციხის ადმინისტრაციასთან განიხილა „გაუქმებული პაემნის“ საკითხიც.

ღარიბაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ 26 აგვისტოს ჩანიშნული იყო ექს-პრემიერის გრძელვადიანი პაემანი ოჯახთან და მას „უნდა ენახა თავისი შვილები, რომლებიც სამი თვის განმავლობაში არ უნახავს“, თუმცა პაემანი გაუქმდა. პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, რომ პაემანი არც ყოფილა დაგეგმილი და, შესაბამისად, არც გაუქმებულა.

„რემონტი მიმდინარეობდა კონკრეტულ პერიოდში“

ლევან იოსელიანმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „პაემანი იყო წამახალისებელი ხასიათის და ბატონი ირაკლის განცხადებით, ეს პაემანი გაუქმდა“.

იოსელიანის თქმით, ციხის ადმინისტრაციას „არ აქვს რაიმე ტიპის განწყობა, რომელიც გულისხმობდეს ბატონი ირაკლის მიმართ იმ პოლიტიკის ცვლილებას, რაც აქამდე ჰქონდათ“.

„პერიოდულად ის იღებდა წამახალისებელი პაემნების შესაძლებლობას და ეს ამბავი, რაც მოხდა, მათი განცხადებით, დაკავშირებულია რაღაც ინფრასტრუქტურულ საკითხთან. რემონტი მიმდინარეობდა კონკრეტულ პერიოდში და ამიტომ ვერ მოხერხდა, მათი განცხადებით, ამ პაემნის ჩანიშვნა. თუმცა სამომავლოდ რაიმე ტიპის უარი იმასთან დაკავშირებით, რომ მას მიეცეს პაემნის შესაძლებლობა, ციხის ადმინისტრაციას არ დაუფიქსირებია“, - უთხრა იოსელიანმა ტვ „პირველს“.

სახალხო დამცველის განცხადებითვე, ღარიბაშვილთან გამოქვეყნებული წერილების შინაარსი არ განუხილავს.

ამასთან, ღარიბაშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე „განსაკუთრებული პრეტენზია“ არ გამოუთქვამს. იოსელიანის თქმით, ღარიბაშვილი ციხის დირექტორს „ნამდვილად ემადლიერება“ და ამბობს, რომ „ეს ადამიანი მის მიმართ ძალიან კარგად არის განწყობილი“.

პენიტენციური სამსახურის პასუხი

უწყება ლევან იოსელიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „წამახალისებელი პაემანი“ ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა.

„ცალსახად და დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ არანაირი პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და, შესაბამისად, ვერც გაუქმდებოდა“, - აღნიშნავს პენიტენციური სამსახური.

უწყებაში გაიმეორეს 31 აგვისტოს გაკეთებული განმარტება, რომლის მიხედვითაც „მსჯავრდებულ ღარიბაშვილს აქვს წელიწადში ორი ხანგრძლივი და თვეში ორი ხანმოკლე პაემნის გამოყენების უფლება და ეს ლიმიტები მას სრულად აქვს ათვისებული“:

„რაც შეეხება წახალისების ფორმით თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის დამატებითი პაემნის დანიშვნას, ეს ხდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის განკარგულებით, რაც მსჯავრდებულ ღარიბაშვილის შემთხვევაში არ მომხდარა. ამდენად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში პერიოდულად ხორციელდება, არაფერ შუაშია. პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა“.

  • 17 აგვისტოს „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც კორუფციული ბრალდება აღიარა და 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა საპროცესო შეთანხმებით, გუნდს და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა;
  • მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილის დავალებით“ მას გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მისთვის უცნობი კორუფციული დანაშაულის „აღიარება“ შესთავაზეს, რადგან პოლიტიკაში დაბრუნების 1%-იანი „რისკი“ გადაეზღვიათ;
  • 18 აგვისტოს გავრცელებულ წერილში მან თქვა, რომ წერილის გამგზავნი მამუკა მდინარაძე იყო - მდინარაძე სხვადასხვა დროს იკავებდა ვიცე-პრემიერის, მინისტრის, სუსის ხელმძღვანელის, საპარლამენტო ლიდერის თანამდებობებს;
  • ამავე წერილში ღარიბაშვილმა თქვა, რომ ყველაფერი გააკეთა“ გუნდთან და ძვირფას ადამიანებთან „დაპირისპირების“ თავიდან ასაცილებლად. სწორედ ასე ახსნა მან მისთვის კორუფციის შესახებ წაყენებული ბრალის აღიარება, რის გამოც მას საპროცესო შეთანხმებით 5-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი;
  • 24 აგვისტოს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი, კორუფციის შესახებ ბრალდება პირადად წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - გამოძიების თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კორუფციისთვის მსჯავრდადებული ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებით, - მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენისგან, ზურაბ ტუკვაძისგან ქრთამად მიღებული 1,5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ პირადად გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს;
  • 27 აგვისტოს, მოულოდნელად, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა და თანამდებობის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ამის შესახებ ესაუბრა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს: „მირჩევნია გავიწიო“, „ჩემთვის ასე სჯობდა“;
  • ამავე დღეს მან ჟურნალისტების კითხვის პასუხად უარყო ღარიბაშვილის გავრცელებული ინფორმაცია წერილის გაგზავნასთან დაკავშირებით: „არავისთვის არასდროს გამიგზავნია წერილი. პირდაპირ გეუბნებით, მსგავსი საკითხებით მე არასდროს ვყოფილვარ დაკავებული“;
  • 31 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ის სამინისტრო, რომელშიც მინისტრის თანამდებობას ის მანამდე იკავებდა და ასევე, აღარ შეიქმნებოდა უწყება, რომლის ხელმძღვანელიც ის უნდა გამხდარიყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG