Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ვიცით 300 არაგველზე?

„ან გამარჯვება მტერზე და ან სიკვდილი ბრძოლის ველზე“ - ისტორიული ცნობები და ფოლკლორში შემორჩენილი გადმოცემები კრწანისის ომში გმირულად დაღუპულ 300 არაგველზე
„ან გამარჯვება მტერზე და ან სიკვდილი ბრძოლის ველზე“ - ისტორიული ცნობები და ფოლკლორში შემორჩენილი გადმოცემები კრწანისის ომში გმირულად დაღუპულ 300 არაგველზე

კრწანისის ომში დაღუპული სამასი არაგველის შესახებ რამდენიმე ისტორიული ცნობა და უამრავი ლეგენდაა შემონახული. ვინ იყვნენ ისინი და საიდან?

1795 წლის 11 სექტემბრის დილას ისე წვიმდა და ისეთი ნისლი იდგა, რომ სპარსელები თავიდან ვერც კი მიხვდნენ, რამდენად მცირერიცხოვანი იყო ერეკლე მეორის ლაშქარი. გული მხოლოდ მაშინ მიეცათ, როდესაც მზემ გამოანათა და ყველაფერი კარგად გამოჩნდა - 30-35 ათასი სპარსელი 5-7 ათასი ქართველის წინააღმდეგ.

„მაშინ სპარსელების მთელი ჯარი დიდი ყვირილით დაიძრა წინ და როგორც ჩალის მცირე ღეროს აიტაცებს ქარიშხალი, მოედვა ქართველების ჯარს, გადააგდო ის სიმაგრეებიდან (ხანდაკებიდან) და შევარდა ქალაქში“, - წერს სომეხი ისტორიკოსი ტერ-ოჰანეს ვოსკრეჩიანცი.

არაგვი მთაში ერთი არ არის, ამიტომ ისტორიკოსები ბოლომდე ვერ თანხმდებიან, კონკრეტულად რომელი არაგვის ნაპირებზე გაიზარდა ის სამასი მებრძოლი, რომელიც კრწანისის ომში მონაწილეობდა.

არაგველები ომში წაიყვანა არაგვის მპყრობელმა, ერეკლე მეორის შვილმა ვახტანგ ბატონიშვილმა. ისტორიკოსი ვახტანგ ითონიშვილი მიიჩნევს, რომ ისინი საარაგვოს საუფლისწულოდან უნდა ყოფილიყვნენ, ანუ: მთიულები, გუდამაყრელები (ბაკურხეველ ხევსურებთან ერთად), ხანდოელები, ჭართლელები; ასევე მოხევეებისა და არაგვის ხეობის ბარის მკვიდრი მოსახლეობა. ეს სამასი კაცი მოგვიანებით ფშავ-ხევსურეთის ლაშქარს შეუერთდება.

300 არაგველზე ცნობები შემოგვინახა თეიმურაზ ბატონიშვილმა, რომელიც მაშინ მხოლოდ 13 წლის იყო, მაგრამ კრწანისის ბრძოლას მაინც ესწრებოდა.

„აღირჩივნეს კაცნი მამაცნი ქიზიყელნი, არაგველნი და ფშავ-ხევსურნი... შეუხდეს სპარსთა მხედრობასა მაღალთა მათ კლდიერთა გორათა და მთათა ზედა და ჰბრძოდეს სივლტოლვრად... და შეუერთდა გუნდიცა ესე გუნდსა მას ფშავ-ხევსურთა, არაგველთა და ქიზიყელთასა და ჰყვეს მათ ატაკა მტერთა მიმართ და მიიწივნეს ვიდრე დროშებამდე აღა-მაჰმად-ხანისა და მოსტაცეს დროშანი რაოდენნიმე მხედართა აღა-მაჰმად-ხანისათა და მრავალნი სპარსთაგანნი მოსწყვიტეს წინაშე მისსა. იხილა-რა აღა-მაჰმად-ხანმან სიმხნე ესე ვითარი ქართველთა მხედრობისა, განუკვირდა ფრიად და იტყოდა: „სიყრმითგან ჩემით, ვიდრე აქამომდე, დამიყოფიეს ბრძოლასა შინა და არა-სადა მინახავს მე წინააღმდეგნი, ვითარ ესე კაცნი ჩემდა მიმართ ჰყოფენ ბრძოლასა“.

მოგვიანებით, სამას არაგველზე დაწერა იაკობ გოგებაშვილმა:

„ქართველ ჯარში ერია ერთი რაზმი, რომელიც შესდგებოდა სამასი ფშავ-ხევსურის და არაგვისპირელი გლეხისაგან.

ომის დაწყების წინ ამ რაზმის მეომართ შეჰფიცეს ერთმანეთს:

„თუ ბედმა გვიღალატა და ვერ დავძლიეთ მტრის ძალა, შერცხვენილი იყოს, ვინც ჩვენგანი ცოცხალი თავით შინ დაბრუნდესო; ან გამარჯვება მტერზე და ან სიკვდილი ბრძოლის ველზეო“.

ეს ვაჟკაცური ფიცი ვაჟკაცურადვე შეასრულეს ჩვენმა რაზმელებმა.

როცა აუარება სპარსელებმა სძლიეს პატარა ქართველ ჯარს, არცერთმა რაზმელმა მტერს ზურგი არ უჩვენა, არცერთი არ შეუშინდა სიკვდილსა, ყველანი ებრძოდნენ მტერს უკანასკნელის სისხლის წვეთამდის და თავისი გმირული სული ყველამ ბრძოლის ველზე დალია, თბილისის ქვემოთ, კრწანისის ველზე“.

ისინი ნახსენები არიან გრიგოლ ორბელიანის ლექსში „სადღეგრძელო“: „...აი სამასნი გმირები დუშეთით თბილისს მოსულნი

მეფის შეწევნად, და მის წინ, მისთვისვე შეფიცებულნი“...

„ქალაქს რომ დაემუქრა თათარი“

თუმცა სამასმა არაგველმა გაცილებით დიდი კვალი დატოვა ფოლკლორში. მათზე არაერთი ლექსი და ლეგენდაა შემონახული. ვახტანგ ითონიშვილს მოჰყავს მთაში ჩაწერილი ერთ-ერთი გადმოცემა:

„როცა თბილისს მოადგა ხოჯა და ჩვენი ნეფე რომ დაჩაგრა, მაშინ ერეკლეს თურმე ძალიან დასჭირვებია ჯარი. ნეფე ძალიან თურმე ენდობოდა მთიულეთს, არაგვის ხალხს... ომი რომ ჰქონდა საქართველოს, არაგვს შეუკვეთავდნენ პირველად, ამდენი და ამდენი კაცი გვინდაო. აქედან შეიკრიფებოდა ხალხი და წავიდოდა. დედაკაცები თვითონ გაჰყრიდნენ ქმრებს და შვილებს: „წადით უშველეს საქართველოსაო“... ჰოდა, ქალაქს რომ დაემუქრა თათარი, არაგველებს მოსვლიათ მაცნე. ვახტანგ ბატონიშვილისგან ყოფილა გამოგზავნილი. არაგვიდან გახვეტილა ხალხი. აზვირთებულან სოფლებრივ, ვისაც კი ომი შეეძლო და წასულან ქალაქისკენ. სულ დარჩეული ბიჭები წასულან საომრად. ცხენოსნები, მთიულეთიდან, გუდამაყრიდან, ხანდოდან, ჭართალიდან. ძირითადად მთასაქათი ხალხი ყოფილან. მთასიქითლებიც ერივნენ ცოტანი, მოხევეები. ამათგან შემდგარა სამასამდე კაცის ლაშქარი. მერე ამ ჯარს ფშავ-ხევსურებიც მიმატებიან და ერთად გადაუხდიათ დიდი ბრძოლა. ამ სამასი არაგველისაგან არც ერთს ზურგში ტყვია არ ჰქონდა თურმე. სუყველას მკერდში ჰქონიყო მოხვედრილი. მხოლოდ რამდენიმე კაცი გადარჩენილა ცოცხალი. ხოჯასაც გაჰკვირვებიყო - ესეთი ომის მნახველი ჯერ არ ვყოფილვარო. რახან ესე ისახელეს თავი არაგველებმა, ერეკლეს მთიულებისათვის ოქროს ჯვარი უჩუქებია. ომის შემდეგ ლომისაში დიდი სამხთო გადაუხდიათ თურმე. სამასი საკლავიც დაუკლავთ სამასი არაგველის სახელზე“.

Quiz - რამდენად კარგად გახსოვთ კრწანისის ბრძოლა?

Quiz - რამდენად კარგად გახსოვთ კრწანისის ბრძოლა?

დაიწყე ვიქტორინა

ასევე შემორჩენილია წარწერა ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიისთვის შეწირული თასიდან. თასი ტაძრისთვის შეუწირავს ვახტანგ ბატონიშვილს კრწანისის ომიდან ორი წლის შემდეგ, 1797 წელს.

„...შეიწირე მსგავსად მეუფისა შენისა და იოხენ მათთვის, რომელნიც არაგველნი აღამამად ხანის ომში მოისრნენ, რათა საუკუნოსა ცხოვრებასა ღირს იქმნენ“.

ისტორიკოსი სარგის კაკაბაძე თეიმურაზ ბატონიშვილზე დაყრდნობით წერს, რომ კრწანისის ბრძოლაში დაიღუპა ქართლ-კახელების ჯარის უმეტესობა, დაახლოებით 1800 კაცი მაინც, ამასთან განსაკუთრებით დაზარალდნენ არაგველები. ერთი ცნობით, მარტო იმერეთის თავად-აზნაურთაგან მოკლული იყო ორასამდე, სულ კი დაახლოებით 500–600 კაცი. ტყვედ წაასხეს 150-მდე არტილერისტი.

ვახტანგ ითონიშვილი წერს, რომ 300 არაგველი ხანდახან ერევათ ხევსურების რაზმში, რომლებიც უკვე კრწანისის ომის შემდეგ ჟინვალთან შეებრძოლნენ სპარსებს. ერეკლე მეორის ერთგულმა ქვეშევრდომმა ალი სულთან შამშადილელმა თავისი მეომრებითურთ არაგვის ხეობას შეაფარა თავი, სადაც მას სპარსელების მარბიელი ლაშქარი დაეწია. ბატონიშვილი წერს, რომ ამ ბრძოლაში ხუთასმა ხევსურმა ოთხი ათასამდე სპარსი დაამარცხა.

2008 წელს საქართველოს ეკლესიამ 300 არაგველი, ისევე როგორც კრწანისის ომში დაღუპული სხვა საერო და სასულიერო პირები წმინდანებად შერაცხა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG