სააპელაციო სასამართლოში დღეს, 14 სექტემბერს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომელსაც აპრილში თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და დიდი ოდენობით „ფულის გათეთრებაში“ ბრალდებისთვის.
ამავე საქმეში ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად ბრალდებულები იყვნენ მისი ცოლისძმა, ვასილ მხეიძე, ასევე ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა. სააპელაციო სასამართლოში მათაც გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება.
საპროცესო შეთანხმების პირობები
ბურჭულაძე თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.
დამნაშავედ ცნო ვასილ მხეიძე - დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში დახმარებასა და ზეგავლენით ვაჭრობაში.
გიორგი ხაინდრავა სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში.
საპროცესო შეთანხმების თანახმად:
ჯუანშერ ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის საპატიმროში, 2 წელი კი ჩაეთვლება პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. მას ასევე დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა სხვადასხვა სახის ქონება.
ვასილ მხეიძეს 4 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მას ასევე დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევა ნივთმტკიცებად ამოღებული საგნები - რამდენიმე მილიონის ღირებულების უაქციზო სიგარეტი და მის დასამზადებლად არსებული მასალა, ასევე თუთუნი.
გიორგი ხაინდრავას მიესაჯა 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.
ვინ განიხილა საპროცესო შეთანხმების პირობები და რა საფუძვლით
საპროცესო შეთანხმების პირობებზე სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა კოლეგიამ იმსჯელა, მოსამართლე პაატა სილაგაძის თანათავმჯდომარეობით.
ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი მათ მიერ დანაშაულის აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა გახდა.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, პატიმრობაში მყოფმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენება მისცეს.
გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1,5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
რას ედავებოდნენ ჯუანშერ ბურჭულაძეს, რაზეც საპროცესო გაუფორმეს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში იყო ბრალდებული. ის 2025 წლის 11 სექტემბერს სუსის ანტიკორუფციულმა სამსახურმა დააკავა.
ბრალდების თანახმად, 2023 წელს ჯუანშერ ბურჭულაძემ თავისი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, ცოლისძმა ვასილ მხეიძისა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურის დახმარებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატურა 2 606 272 ლარის ნაცვლად 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
გამოძიების თანახმად, ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ბურჭულაძის ოჯახმა 2025 წლის იანვარში 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგის პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი.
სხვა ბრალდებულები
ვასილ მხეიძე (ცოლისძმა) ჯუანშერ ბურჭულაძეზე ადრე, 2025 წლის 27 ივლისს დააკავეს ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გიორგი ხაინდრავასთან და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან, ვლადიმერ ღუდუშაურთან ერთად.
ღუდუშაურისა და ხაინდრავასთვის წარდგენილი ბრალია „განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვა“, ხოლო ვასილ მხეიძის ბრალდება არის „გაფლანგვაში დახმარება“.
ამავე გადაწყვეტილების ფარგლებში საპროცესო შეთანხმება გაფორმდა თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილ უფროსთან, ვლადიმერ ღუდუშაურთან.
პირობა ასეთია: პირობითი მსჯავრი 4 წელი, 10 000-ლარიანი გირაო და ერთი წლით საჯარო სამსახურში დასაქმების აკრძალვა. ღუდუშაური მანამდეც გირაოს საფუძველზე იყო გათავისუფლებული.
გამოძიების ვერსიით, ბურჭულაძის ახლო ნათესავი თავდაცვის სამინისტროს შესყიდვაში მონაწილე წინასწარ შერჩეულ კომპანიებს „გარანტირებულ გამარჯვებას ჰპირდებოდა“.
თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა 12 მარტის სხდომაზე თქვა, რომ უკანონო დავალებები მინისტრისგან მიიღო. მას ედავებიან თავდაცვის სამინისტროს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას.
„ვნანობ, რომ ბიუჯეტს ზიანი მივაყენე... ყველაფერზე მინისტრი იყო ინფორმირებული“, - თქვა ღუდუშაურმა ერთ-ერთ სხდომაზე, როცა ხელმძღვანელი დანაშაულში ამხილა.
კიდეც ერთი საპროცესო შეთანხმება
ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის ცოლისძმას, ვასილ მხეიძეს, საპროცესო შეთანხმება გაფორმებული აქვთ პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდებაზე, რომლითაც მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებასა და ქრთამის აღებაში დახმარებას ედავებოდნენ.
ამ საპროცესო შეთანხმებით, ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით.
ვასილ მხეიძეს 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.
ამ სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სასჯელი და საბოლოოდ, სამივე მსჯავრდადებულს მეორე ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დარჩა ძალაში.
შესაბამისად, არსებული შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა საპატიმროს სექტემბრის ბოლოს დატოვებენ, ჯუანშერ ბუჭულაძე კი - 2 წელში.
ფორუმი