Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა კამბოლოვს ცხინვალის "არჩევნებში" გამარჯვება მიულოცა

მარატ კამბოლოვი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი. 2026 წლის 13 ივლისი. კრემლი
მარატ კამბოლოვი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი. 2026 წლის 13 ივლისი. კრემლი

მოკლედ

  • ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, რიგგარეშე „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მარატ კამბოლოვი 85,12 %-ით იმარჯვებს.
  • ხმის მიცემის უფლება 32 083 მოქალაქემ გამოიყენა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 77,91%-ს შეადგენს - ამბობს ოკუპირებული ცხინვალის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
  • კამბოლოვს გამარჯვება უკვე მიულოცეს რუსეთის პრეზიდენტმა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

"არჩევნებში ასეთმა დამაჯერებელმა გამარჯვებამ დაადასტურა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მხრიდან თქვენ მიმართ არსებული მაღალი ნდობა", - ნათქვამია პუტინის მისალოც ტექსტში, რომელსაც კრემლის ვებსაიტი აქვეყნებს. აქვეა გამოთქმული იმედი "რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების" შესახებ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პუტინი კამბოლოვს ტელეფონითაც ესაუბრა და გამარჯვება მიულოცა.

19 სექტემბრის დღის ორ საათზე ოკუპირებული ცხინვალის საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები ასეთია:

  • მარატ კამბოლოვი - 85,12%
  • მურატ ვალიევი - 3,75%
  • ყაზბეკ კოდოევი - 2,40%
  • ზურაბ კოკოევი - 1,35%
  • ყველა კანდიდატის წინააღმდეგ მისცა ხმა - 5%-მა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დაგმო. უწყების განცხადებით, კენჭისყრა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და „ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს“. სამინისტრომ ასევე დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა.

ცხინვალში არჩევნებს არ აღიარებს არც ევროკავშირი და საერთაშორისო თანამეგობრობა.

61 წლის მარატ კამბოლოვი ჩრდილოეთ ოსეთიდანაა და ცხინვალის რეგიონში არ უცხოვრია. ის ვლადიკავკაზის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კურსდამთავრებული და რუსეთის „კურჩატოვის ინსტიტუტის“ ყოფილი ხელმძღვანელია.

მას რუსეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ეკავა თანამდებობები, მათ შორის ფედერალურ ანტიმონოპოლიურ სამსახურში; მრეწველობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროში. 2006 წლიდან კამბოლოვი რუსეთის მეცნიერებისა და ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 2010-2014 წლებში რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.

კამბოლოვს რუსეთის სახელმწიფო სამსახურის უმაღლესი, პირველი კლასის მოქმედი სახელმწიფო მრჩევლის ჩინი აქვს.

მისი მთავარი დაპირებებიც რუსეთთან კიდევ უფრო დაახლოებასა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას უკავშირდება.

ოკუპირებულ ცხინვალში ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნა მას შემდეგ, რაც 2026 წლის 23 ივნისს დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი გადადგა. ოფიციალურ მიზეზად გამოცხადდა მისი გადაყვანა რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად. დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ მარატ კამბოლოვს დაევალა.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG