Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პუტინის პარტიას" დუმაში ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება - წინასწარი ოფიციალური შედეგები

რუსეთის სახელმწიფო დუმის 2026 წლის სექტემბრის არჩევნებისთვის გახსნილი ერთ-ერთი საარჩევნო უბანი მოსკოვის ოლქში
რუსეთის სახელმწიფო დუმის 2026 წლის სექტემბრის არჩევნებისთვის გახსნილი ერთ-ერთი საარჩევნო უბანი მოსკოვის ოლქში

რუსეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პუტინის მხარდამჭერ პარტია „ედინაია როსიას“(ერთიანი რუსეთი) სახელმწიფო დუმაში ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ოქმების 90%-ზე მეტის მონაცემთა შეჯამებით, „ედინაია როსიას“ 57,86% აქვს.

რუსეთის სახელმწიფო დუმის 450 წევრს შერეული სისტემით ირჩევენ - პარტიული სიებით და ერთმანდატიან ოლქებში წარდგენილ კანდიდატებს.

წინასწარი ოფიციალური შედეგებით, „ედინაია როსიას“ კანდიდატები ლიდერობენ 225-დან 200-ზე მეტ ერთმანდატიან ოლქში. საერთო ჯამში, ორივე სისტემით, პარტიას დუმაში 300-ზე მეტი წევრი ეყოლება.

არჩევნები 18-20 სექტემბერს ჩატარდა.

სხვა პარტიები

დუმის არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, მეორე ადგილზე კომუნისტური პარტიაა ხმების 13%-ზე მეტით. მას მოსდევენ ლიბერალ-დემოკრატიული პარტია(8,9%) და „ახალი ხალხი“(7,94%).

ამ სამ პარტიასა და „ედინაია როსიასთან“(საკონსტიტუციო უმრავლესობა) ერთად რუსეთის წინა, მერვე მოწვევის დუმაში წარმოდგენილი იყო პარტია „სპრავედლივაია როსიაც“ (სამართლიანი რუსეთი), რომელიც ამჯერად, შესაძლოა, პარლამენტს მიღმა დარჩეს. წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, პარტიის შედეგი ჯერჯერობით 5%-იან საარჩევნო ბარიერს ქვემოთაა (4,95%).

რუსეთის მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნებში მონაწილეობდა კიდევ ხუთი პარტია. მათ საარჩევნო სიებით 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

განახლება: რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პამფილოვამ 21 სექტემბერს დღის თორმეტი საათისთვის გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ოქმების 95,18%-ის შეჯამებით მიღებული წინასწარი შედეგებით, „ედინაია როსიას“ დუმაში ეყოლება 355 დეპუტატი, კომუნისტურ პარტიას - 40, ლიბერალ-დემოკრატებს - 25 და პარტიას „ახალი ხალხი“ - 20. ოთხ ერთმანდატიან ოლქში გაიმარჯვეს „სპრავედლივაია როსიას“ კანდიდატებმა, ოთხში - დამოუკიდებელმა კანდიდატებმა და ერთში - პარტია „როდინას" კანდიდატმა.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი" წერს, რომ 2003 წლიდან, როცა პარტია „ედინაია როსია“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს, სახელმწიფო დუმაში ამდენი დეპუტატი(355) არასდროს ჰყოლია. ყველაზე მეტი, 343 ჰყავდა მეშვიდე მოწვევის დუმაში(2016-2021წწ.)

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა უკრაინის წინააღმდეგ ომის, რუსეთის ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ სისტემაზე კონტროლისა და რეპრესიების გაძლიერების, ოპონენტების კიდევ უფრო შეზღუდვისა და ქვეყანაში რეალური პოლიტიკური კონკურენციის არარსებობის პირობებში.

უკრაინაში ომის მოწინააღმდეგე ერთადერთ პარტიას, „იაბლოკოს" 2026 წლის აგვისტოში გაუუქმეს საარჩევნო სიის რეგისტრაცია და არჩევნებზე არც მაჟორიტარი კანდიდატების უმეტესობა დაუშვეს.

სახელმწიფო დუმის არჩევნების მიმდინარეობისას „იაბლოკო“ და კომუნისტური პარტია აცხადებდნენ, რომ მათ ასეულობით დამკვირვებელს ხელს უშლიდნენ მოვალეობის შესრულებაში, უბნებიდან გაძევებას ცდილობდნენ და ხმების დათვლის პროცესზე წვდომას უზღუდავდნენ. დამკვირვებლებისგან იყო შეტყობინებები ე.წ. კარუსელებისა და სხვა დარღვევების შესახებ.

რუსეთის ხელისუფლებამ დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და საერთაშორისო სამართლის დარღვევით სახელმწიფო დუმის არჩევნები ჩაატარა საქართველოსა და უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.

საქართველოს ტერიტორიაზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადგილობრივ მცხოვრებთა დიდ ნაწილს რუსეთის მოქალაქეობაც აქვს.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG