Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკში გაიმართა მაკრონის და ზელენსკის და ტრამპის და მაკრონის შეხვედრები

საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტები ემანუელ მაკრონი და ვოლოდიმირ ზელენსკი. ნიუ-იორკი, 2026 წლის 22 სექტემბერი
საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტები ემანუელ მაკრონი და ვოლოდიმირ ზელენსკი. ნიუ-იორკი, 2026 წლის 22 სექტემბერი

უკრაინა იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ნიუ-იორკში შეხვედრისას იმსჯელეს აშშ-ის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა. შეხვედრა 21 სექტემბერს გაიმართა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში.

ტრამპთან საუბრის შემდეგ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ გააერთიანებენ ძალისხმევას, რათა მიაღწიონ მორატორიუმს ენერგეტიკის ინფრასტრუქტურასა და უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებზე. მაკრონის განცხადებით, უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული უნდა იყოს და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყონ სერიოზული მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის პირობებზე.

აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საუბარი იყო უკრაინისთვის დამატებითი რაკეტების მიწოდებაზე რუსეთის საჰაერო შეტევებისგან თავის დასაცავად.

დონალდ ტრამპის შემდეგ ემანუელ მაკრონი ნიუ-იორკში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ის ნიუ-იორკში 21 სექტემბერს ჩავიდა.

შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ მან და მაკრონმა ისაუბრეს უსაფრთხოებასა და უკრაინის მხარდაჭერის ზამთრის პაკეტზე. უკრაინა მზად არის ევროკავშირის კრედიტის ფარგლებში მიღებული ფინანსური შესაძლებლობებით უზრუნველყოფილი იყოს საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემებით SAMP/T და მათი რაკეტებით.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, განაგრძობენ მუშაობას ამ სისტემების უკრაინაში წარმოების მიზნით და პარტნიორებთან ერთობლივ ანტიბალისტიკურ პროგრამაზე FREYJA. იმედი აქვთ, რომ პირველი შედეგები წელსვე იქნება.

22 სექტემბერს ნიუ-იორკში დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

აშშ-ის ერთ-ერთი, ჯერჯერობით უშედეგო ინიციატივა ეხება რუსეთის და უკრაინის მიერ ერთმანეთის ენერგოობიექტებზე შეტევების შეწყვეტას.

20 სექტემბერს, აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შემდეგ დასავლეთის მედიასაშუალებებმა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ ტრამპმა ზელენსკის ისევ სთხოვა, დიზელის საწვავის პრობლემების გამო თავი შეიკავონ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებისგან.

  • სექტემბრის შუა რიცხვებში პრეზიდენტმა ტრამპმა Truth Social-ში დაწერა, რომ დიზელზე მსოფლიო ფასების ზრდა დიდწილად რუსეთ-უკრაინის ომითაა გამოწვეული და არა ირანის.
  • ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციამ და ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეზღუდვამ მსოფლიო ბაზრისთვის საწვავის მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია.
  • დიზელის საწვავი მკვეთრად გაძვირდა აშშ-შიც, რაც ბევრი ანალიტიკოსის აზრით, ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ამცირებს კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების წარმატების შანსს. 2026 წლის ნოემბერში დაგეგმილი არჩევნები გადაწყვეტს, შეინარჩუნებს თუ არა პრეზიდენტ ტრამპის რესპუბლიკური პარტია უმრავლესობას.




ფორუმი

XS
SM
MD
LG