„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არ არის ჩემი პოლიტიკაში მოსვლა კარიერის, თანამდებობის ან პირადი ინტერესების გამო. მე არ ვეძებ ძალაუფლებას და არც პოლიტიკური სტატუსი ყოფილა ოდესმე ჩემი მიზანი.
ამ გადაწყვეტილების უკან დგას მხოლოდ ერთი მოტივი - საქართველოს სიყვარული და პასუხისმგებლობის განცდა საკუთარი ქვეყნის წინაშე“, - ასე ახსნა ნადარეიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირდება უახლესი ისტორიის არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. ამ კონტექსტში ახსენა მან საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ასევე პატიმრობაშია:
„ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ბრძოლაში გავატარე - სიმართლისთვის, ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის. ამიტომაც დღესაც საკუთარ თავს პოლიტიკოსად კი არა, ამ ქვეყნის რიგით მოქალაქედ, პატრიოტად და მებრძოლად მივიჩნევ, რომელსაც არ შეუძლია გულგრილად უყუროს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას“.
ბაჩო ახალაია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში რამდენიმე თანამდებობას იკავებდა:
- 2005-2008 წლებში - იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი;
- 2008-2009 წლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილე,
- 2009-2012 წლებში - თავდაცვის მინისტრი.
- 2012 წელს, რამდენიმე თვით - შინაგან საქმეთა მინისტრი.
ახალაია გასული წლის 25 დეკემბერს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში რამდენიმეწლიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ დააკავეს. სუსის განცხადების თანახმად, თავდაპირველად დააკავეს მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილიც, შემდეგ კი გამოუშვეს.
იმავე დღეს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ „საქართველოში [4 ოქტომბრის მოვლენების] მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია“.
მისი საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება. მას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილია. ამ დანაშაულისთვის 9 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
ამ დახურულ სასამართლო სხდომებზე გაკეთებული განცხადების გამო ბაჩო ახალაიას 27 მარტს კიდევ ერთი ბრალი წაუყენეს.
„მე ვთვლი, რომ [ბიძინა] ივანიშვილი არის დასამხობი ყველა შესაძლო გზით“, - ფრაზის გამო 6 ივლისს მას პატიმრობა მიუსაჯეს 2 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბაჩო ახალაია ერთხელ უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში. მას სხვადასხვა საქმეზე, მათ შორის წამებისა და წამების ჯგუფურად ორგანიზებაში, ჯამში 9 წელი ჰქონდა მისჯილი - ახალაიამ საპატიმრო 2022 წლის 1 მარტს დატოვა.
ფორუმი