Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი პოლონეთში "პეტრიოტის" რაკეტების წარმოების პერსპექტივაზე: ყურადღებით გაეცნონ ჩვენს სამხედრო დოქტრინას

სერგეი ლავროვი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას. 2026 წლის 26 სექტემბერი, ნიუ იორკი
სერგეი ლავროვი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას. 2026 წლის 26 სექტემბერი, ნიუ იორკი

"ამის თაობაზე ჩვენ გვაქვს სამხედრო დოქტრინა, რომლის ციტირებაც რუსეთის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა არაერთხელ მოახდინა. მოვუწოდებ ყურადღებით შეისწავლონ ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის შესაბამისი თავები", -

განაცხადა 29 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ჟურნალისტის მიერ პოლონეთში "პეტრიოტის" სისტემის გადამჭერი რაკეტების წარმოების პერსპექტივაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხად. შეკითხვა კი ასე დაისვა: "სად არის უკრაინის კონფლიქტში ევროპული ქვეყნების ჩართულობის ის ზღვარი, რომლის იქითაც რუსეთს გარდაუვლად მოუწევს პირდაპირი სამხედრო პასუხის გაცემა?"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 29 სექტემბერს მონაწილეობდა "ვალდაის სადისკუსიო კლუბის" ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც წელს, უსაფრთხოების გარემოებებიდან გამომდინარე, მოსკოვის ოლქში იმართება. ბოლო წლებში - 2025 წლის ჩათვლით, ეს ღონისძიება ყველაზე ხშირად სოჭში იმართებოდა.

სერგეი ლავროვმა აგრეთვე განაცხადა:

"უკრაინის კრიზისი დაკავშირებულია უამრავ საერთოევროპულ პრობლემასთან: ევროკავშირის მილიტარიზაცია, დაუსრულებელი „შელოცვები“, რომ ნატო გაფართოვდება და „თავისად მიიღებს“ უკრაინის რეჟიმს, რომ რუსეთი მარადიული მტერია, რომ „სამი წლის შემდეგ ჩვენ ვიომებთ“".

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, ჯერჯერობით არ ყოფილა კონტაქტები აშშ-სთან, როგორც ეს, მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან ნიუ იორკში შეხვედრაზე (23 სექტემბერს) შეთანხმდა:

"კონტაქტები ჯერჯერობით არ ყოფილა. აშშ-ის სახელმწიფო მდივან რუბიოსთან შევთანხმდით, რომ ეს მალე მოხდება. ექსპერტებმა უნდა შეათანხმონ ზუსტი ვადები და ადგილი.

ლაპარაკია იმაზე, როგორ მუშაობენ შესაბამისი დიპლომატიური მისიები: ჩვენი - აშშ-ში და ამერიკული - რუსეთის ფედერაციაში. იქ ბევრი საკითხია, რა თქმა უნდა, დიპლომატიური საკუთრების ჩათვლით. ამ თემაზე ამერიკელების მხრიდან უკვე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში არასდროს მოგვისმენია დამაიმედებელი კომენტარები".

ლავროვმა კომენტარები გააკეთა აშშ-ის პოლიტიკაზე:

"ახლა რაც ხდება აშშ-ის პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, ეს არის მისი ცალმხრივი ინტერესების გატარება. მაგრამ აშშ იძულებულია ეურთიერთოს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა რუსეთის ფედერაცია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ამ კონტაქტების დროს განიხილება ნაბიჯები, რომლებიც უპასუხებს როგორც ერთი, ისე მეორე მხარის ინტერესებს. სწორედ ეს არის ის გაგება, რომელსაც მე დავარქვი „ცხოვრება გაიძულებს“".

"თქვენ კეთილგანწყობილი შეკითხვით ხართ?", - მიმართა ლავროვმა ბი-ბი-სის ჟურნალისტს, რომელიც შეკითხვის დასასმელად ემზადებოდა:

"ნორმალური ჟურნალისტური შეკითხვით. ისმის რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთბრალდებები. დასავლეთი სულ უფრო ხშირად ადანაშაულებს რუსეთს იმაში, რომ ის ჰიბრიდულ ომს აწარმოებს ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ. ახალხან თქვენ დასავლეთი დაადანაშაულეთ იმაში, რომ ის უხეშ ძალას მიმართავს. აღიარებთ, რომ რუსეთი აწარმოებს ფარულ ჰიბრიდულ ომს ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ? თუ - კი, რა მიზნით?", - იკითხა ბრიტანელმა ჟურნალისტმა.

ლავროვის პასუხი: "გულისხმობთ იმას, რომ ჩვენ ვანადგურებთ დრონებსა და რაკეტებს, რომლებსაც ბრიტანეთი და კონტინენტური ევროპა აწვდიან უკრაინას, ისინი კი შემდეგ ჩვენ გვესვრიან? ამას გულისხმობთ?

თუკი აღიარებთ, რომ თქვენი იარაღით ჩვენ გვესვრიან, ჩვენ კი ამ იარაღს ვანადგურებთ, რაც გინდათ ის უწოდეთ, მაგრამ ის, რომ ეს არის ომი, რომელსაც ევროპა ჩვენს წინააღმდეგ აწარმოებს, ჩემში არანაირ ეჭვებს არ ტოვებს. ამაზე დიდი ხნის წინ ვამბობდით".

26 სექტემბერს პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ - მაგდალენა სობკოვიაკ-ცზარნეცკამ განაცხადა, რომ პოლონეთი გამოდის ინიციატივით საკუთარ ტერიტორიაზე განათავსოს ამერიკული "პეტრიოტის" სისტემის რაკეტების საწარმოს, თუკი უკრაინა აშშ-ისგან მიიღებს ამ ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზიას. მისი სიტყვებით, ასეთი წარმოების პოლონეთში განთავსების შემთხვევაში, ვარშავა უზრუნველყოფს მის დაცულობას. თავდაცვის მინისტრის მოადგილებ პოლონურ მედიასთან საუბრისას განმარტა, რომ ეს საკუთრივ პოლონეთის ინიციატივაა.

25 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინისთვის "პეტრიოტის" რაკეტების წარმოების ლიცენზიის მიცემაზე.

პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ აშშ-სა და უკრაინას შესთავაზა "პეტრიოტის" რაკეტების ერთობლივი წარმოება პოლონეთის ტერიტორიაზე.

რუსეთის მხრიდან რაკეტებითა და დრონებით მუდმივი თავდასხმების პირობებში, "პეტრიოტის" სისტემების რაკეტებით მომარაგება დღემდე რჩება უკრაინის უპირველეს და უმწვავეს საჭიროებად.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG