Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი მე-9 წერილში დავითგარეჯაზე საუბრობს

ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი.

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მე-9 წერილი გამოაქვეყნა - ის საუბრობს 19 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მისი ხელმძღვანელობით თავდაცვის გაძლიერებასა და ასევე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ მიერ წამოწეულ დავითგარეჯის საკითხზე.

„ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს განვაახლეთ მუშაობა ამ მიმართულებით... ჩემი კოორდინაციით თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. აღვადგინეთ სრული სურათი, შევისწავლეთ წარსულში დაშვებული დანაშაულებრივი ქმედებები. გაირკვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის დროს მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე არასწორი რუკების გამოყენებით საქართველოს საზღვრის გამრუდებას ცდილობდნენ, კვლავ სახელმწიფო კომისიის წევრები იყვნენ“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

  • ის საუბრობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გააქტიურებულ დავითგარეჯის საკითხზე - არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, 7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. ამ დროს პროსახელისუფლებო მედიამ დაიწყო კამპანია „გარეჯი საქართველო“. ორივე მათგანი არჩევნების ჩატარებიდან რამდენიმე თვეში, იანვარში გირაოთი გაათავისუფლეს, სასამართლო განხილვები კი გაურკვეველი ვადით არის შეწყვეტილი.

ღარიბაშვილმა 20 ოქტომბერს გამოქვეყნებული წერილი გუშინ, 19 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე საუბრით დაიწყო. მისი თქმით, „ცილისწამებაზე აგებული საქმე და ამ აბსურდული საქმის დეტალების შესახებ საზოგადოება სრულ სიმართლეს პროცესის მიმდინარეობისას გაიგებს“.

ყოფილ პრემიერ-მინისტრს 24 აგვისტოს წაყენებული ახალი ბრალით ედავებიან გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენისგან, ზურაბ ტუკვაძისგან იმდროინდელი მინისტრისთვის, ჯუანშერ ბურჭულაძისთვის ქრთამად გადაცემული 1,5 მილიონი ლარიდან ნახევრის, 750 000 ლარის აღებას. ღარიბაშვილს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ყველაფერი საუკეთესო ჯარს!“ - ეს იყო ჩემი დევიზი, რომელსაც დავაფუძნე ჩემი ხედვა, პოლიტიკა და ყველა გადაწყვეტილება მინისტრად დანიშვნისთანავე... ჩემს გუნდთან და თავდაცვის ძალებთან ერთად დავიწყეთ მასშტაბური სამუშაოები სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით... თუ ვინმემ იცის, რა გავაკეთე ჩემი თავდაცვის მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის დროს ჯარისთვის, ეს, პირველ რიგში, ჩვენმა ჯარმა იცის...“ - აცხადებს ღარიბაშვილი და ასახელებს იმ პროექტებს, რომელიც მისი ხელმძღვანელობის დროს გაკეთდა.

გაკეთებული საქმეების დასტურად ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც გორის სამხედრო ჰოსპიტლისთვის განკუთვნილი სამედიცინო აღჭურვილობიდან კორუფციულად თანხის მიღება ედება ბრალად, სამხედრო უბნებზე ჩატარებულ არჩევნებში „ქართული ოცნების“ შედეგებს ასახელებს:

„2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა. მხოლოდ ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ჯარის დახურულ უბნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 85–90% მიიღო. ვფიქრობ, მხოლოდ ეს ფაქტიც კი ბევრ რამეზე მეტყველებს“.

  • გამოძიებასთან თანამშრომლობის მოტივით ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა: ბურჭულაძეს სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 3 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 2 წელი პირობითად ჩაეთვლება. მას ასევე დაეკისრა 1 მილიონი ლარის ჯარიმა - მისი ჩვენება საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა.
  • ღარიბაშვილმა ახალი ბრალის წაყენებამდე ერთი კვირით ადრე, 17 აგვისტოს საპატიმროდან წერილი გაავრცელა, რომლითაც გუნდს და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა - მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილის დავალებით“ მას გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მისთვის უცნობი კორუფციული დანაშაულის „აღიარება“ შესთავაზეს, რადგან პოლიტიკაში დაბრუნების 1%-იანი „რისკი“ გადაეზღვიათ.
  • 18 აგვისტოს გავრცელებულ წერილში მან თქვა, რომ წერილის გამგზავნი მამუკა მდინარაძე იყო - მდინარაძე სხვადასხვა დროს იკავებდა ვიცე-პრემიერის, მინისტრის, სუსის ხელმძღვანელის, საპარლამენტო ლიდერის თანამდებობებს. ამავე წერილში ღარიბაშვილმა თქვა, რომ ყველაფერი გააკეთა“ გუნდთან და ძვირფას ადამიანებთან „დაპირისპირების“ თავიდან ასაცილებლად. სწორედ ასე ახსნა მან კორუფციის შესახებ წაყენებული ბრალის აღიარება, რის გამოც საპროცესო შეთანხმებით 5-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მდინარაძის პრესსამსახურში მაშინ თქვეს, რომ „სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა“;
  • 27 აგვისტოს მოულოდნელად, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა და თანამდებობის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ამის შესახებ ესაუბრა პრემიერ ირაკლი კობახიძეს და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს: „მირჩევნია გავიწიო“, „ჩემთვის ასე სჯობდა“.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG