ფინეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ცნობით, ჰელსინკიდან გამართული საუბრის ინიციატორები იყვნენ ფინეთის პრეზიდენტი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, რათა განეხილათ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და დიპლომატიური ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ომის შეწყვეტისა და ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისკენ.
ფინეთის პრეზიდენტის ოფისის თანახმად, პუტინთან საუბარი უკრაინასთან კონსულტაციით გაიმართა და ოსლოში 20 ოქტომბერს გამართული შეხვედრის გაგრძელება იყო.
- 20 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან და ფინეთის პრეზიდენტთან ერთად ოსლოში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს სტივენ უიტკოფს.
- მოლაპარაკებაში, რომელზეც განიხილებოდა უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებული წინადადებები, ონლაინ მონაწილეობდა პრეზიდენტ ტრამპის კიდევ ერთი წარმომადგენელი, მისი სიძე ჯარედ კუშნერი.
- ოსლოდან უიტკოფი გაემგზავრა სანქტ-პეტერბურგში, სადაც რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შეხვდა.
- ოსლოსა და პეტერბურგში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამოცხადდა, რომ სავარაუდოდ, ნოემბრიდან განახლდება აშშ-უკრაინა-რუსეთის სამმხრივი შეხვედრები
პუტინთან ზარის მიზანი
რუსეთთან მოსაზღვრე ფინეთი და ნორვეგია აცხადებენ, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას და ამ მხარდაჭერას გააგრძელებენ.
ფინეთის პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებული ცნობით, რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის მიზანი იყო მისთვის პირდაპირ მიეწოდებინათ ინფორმაცია მომავალ მოლაპარაკებაზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ომის დასრულებას და უკავშირდებოდა აბუ-დაბიში დაგეგმილ შეხვედრებს.
ფინეთის პრეზიდენტი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს ესაუბრნენ როგორც თავიანთი ქვეყნების ლიდერები და არა მთლიანად ევროპის სახელით.
პრეზიდენტმა სტუბმა საუბარს გულწრფელი და არსებითი უწოდა. მისი განცხადებით, ომის შედეგს უშუალო გავლენა ექნება არა მხოლოდ ფინეთისა და ნორვეგიის, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. სტუბის პოზიციაა, რომ ომის დასრულებას პირდაპირი მოლაპარაკებები სჭირდება. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ სტიორეს თანახმად, პუტინთან სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვეს დეესკალაციის მნიშვნელობას.
რა თქვა პუტინმა, კრემლის თანახმად
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებისა და რუსეთის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის ფაქტი რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასს“ დაუდასტურა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
მოგვიანებით კრემლის საიტზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ამ სატელეფონო საუბრისას იყო „აზრთა გაცვლა უკრაინის კრიზისის დარეგულირების საკითხებზე“ სანქტ-პეტერბურგსა და ოსლოში გამართული მოლაპარაკებების „გათვალისწინებით“.
კრემლის თანახმად, თანამოსაუბრეები მიესალმნენ შეთანხმებას, რომ ნოემბრის პირველ ნახევარში აბუ-დაბიში განახლდება რუსეთის, უკრაინის და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკება, რომელიც მიმართულია „რუსეთის და უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე საბრძოლო მოქმედებების სრულად დამთავრების შემდეგ“.
კრემლის პრესრელიზის მიხედვით, პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ „სამართლიანი გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხილოდ რუსეთის კანონიერი ინტერესების სრულად და უპირობოდ გათვალისწინებით“ და, რომ „ევროკავშირის და ნატოს ქვეყნების კონფრონტაციული პოლიტიკა“ საბრძოლო მოქმედებების გაჭიანურებას იწვევს.
კრემლის ცნობითვე, რუსეთის, ფინეთის და ნორვეგიის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ პირდაპირი სატელეფონო კონტაქტები კვლავაც ექნებათ.
პუტინის შემდეგ სტუბი და სტიორე ზელენსკის ესაუბრნენ
ფინეთის პრეზიდენტი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შედეგებზე უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრნენ.
მათ, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთის ხელმძღვანელს მკაფიოდ უთხრეს, რომ საჭიროა უკრაინის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მიმართ დეესკალაციის რეალური ნაბიჯები.
უკრაინის პრეზიდენტმა ფინეთის და ნორვეგიის ლიდერებს მადლობა გადაუხადა აქტიურობისთვის უკრაინული დიპლომატიისა და პარტნიორებთან ერთობლივი სამშვიდობო ძალისხმევების მხარდასაჭერად. ზელენსკის ინფორმაციით, განიხილეს მზადება უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი შეხვედრისთვის, რომელიც ნოემბერშია დაგეგმილი.
- უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე, აშშ-ის ინიციატივით 2026 წლის იანვარში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები.
- იანვარსა და თებერვალში გაიმართა სამი რაუნდი. პირველი ორი რაუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, ხოლო მესამე - შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.
- უმთავრესი, რასაც რუსეთი მოითხოვს, დონბასზე მისი კონტროლის აღიარებაა. დღემდე უკრაინას არაერთხელ უთქვამს, რომ თავისი ტერიტორიების დათმობას არ აპირებს.
ფორუმი