Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას წერდა კობახიძე პარტიების აკრძალვაზე 2008-ში და რას ითხოვს „ოცნება“ დღეს

წიგნის გამოქვეყნებიდან 18 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას ითხოვს.
წიგნის გამოქვეყნებიდან 18 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას ითხოვს.

2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ გამოცემულ წიგნში „პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი“ ირაკლი კობახიძე წერდა, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საკითხში ხელისუფლებას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს.

იგი განმარტავდა, რის საფუძველზე შეიძლება პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა, როდის მიიჩნევა პოლიტიკური მოწოდება ძალადობის პროპაგანდად და რატომ არ არის ტერიტორიული მთლიანობის სამხედრო გზით აღდგენის მიზანი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის საფუძველი.

ამ სტატიაში განვიხილავთ, რას წერდა ახალგაზრდა იურისტი, ირაკლი კობახიძე, პარტიების აკრძალვაზე და რამდენად თანხვედრაშია მისი იდეები დღეს „ქართული ოცნების“ სარჩელთან ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ.

წიგნის მე-20 გვერდზე, 2001 წლის პოლიტიკური მოვლენების აღწერისას, 29 წლის კობახიძე წერდა: „ზურაბ ჟვანიას დაჯგუფებამ, საპარლამენტო უმრავლესობის ქარიზმატული ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, უარი თქვა პრეზიდენტ შევარდნაძის მხარდაჭერაზე“. იქვე აღნიშნავს, რომ ამ ჯგუფის ბაზაზე ორი პოლიტიკური გაერთიანება ჩამოყალიბდა - სააკაშვილის „ახალი ნაციონალური მოძრაობა“ და ჟვანიას „გაერთიანებული დემოკრატები“.

„პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი“, 2008 წელი, გამომცემლობა „არადანი“. წინასიტყვაობის თანახმად, ეს არის პრაქტიკული მონოგრაფია - სახელმძღვანელო, სამართლისმცოდნეობისა და პოლიტოლოგია-სოციოლოგიის სპეციალობების სტუდენტებისთვის. მომზადებულია საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით. გამოქვეყნებიდან 18 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას ითხოვს.

„ქართული ოცნების“ სარჩელი

2026 წლის სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს „ქართული ოცნების“ 88-მა დეპუტატმა მიმართა. ისინი ხუთი პოლიტიკური გაერთიანების - „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ - არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას ითხოვენ.

მოსარჩელეები ამ პარტიებს

  • კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მიზანს;
  • ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფასა;
  • და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ედავებიან.

ოპოზიციური პარტიები „ქართული ოცნების“ ამ სარჩელს პოლიტიკურ მანიპულაციად აფასებენ, რომლის მიზანიც ოპონენტების ჩამოშორება, ოპოზიციის განადგურება და კონკურენციის მოსპობაა.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სამართლებრივ საკითხებს კობახიძე წიგნის მე-12 თავში განიხილავს. მაშინ თსუ-ს ასისტენტ პროფესორი და დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი პარტიის აკრძალვას თავისუფლების შეზღუდვის განსაკუთრებით რადიკალურ ფორმად განიხილავს და წერს: „საჯარო ხელისუფლებას მართებს სერიოზული სიფრთხილისა და წინდახედულობის გამოჩენა“.

თანამდებობები და საქმიანობა ქრონოლოგიურად, უახლესიდან ადრინდელისკენ:

2025 წლიდან დღემდე - პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

2024 წლიდან დღემდე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2024 წლიდან - „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი.

2021–2024 წლებში - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

2020–2022 წლებში - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი.

2019–2024 წლებში - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

2016–2024 წლებში - საქართველოს პარლამენტის წევრი.

2016–2019 წლებში - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

2015 წლიდან - „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი.

2011–2012 წლებში - საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ექსპერტი, ამავე პერიოდში ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი.

2006–2014 წლებში - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ექსპერტი და პროექტის მენეჯერი.

ამასთან, კობახიძე აკადემიურ საქმიანობასაც ეწეოდა თბილისის სახელმწიფო და კავკასიის უნივერსიტეტებში.

რა წერია ომის შესახებ - წიგნში და სარჩელში

წიგნში ავტორი ერთმანეთისგან განასხვავებს სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიისკენ მოწოდებას და საქართველოს ტერიტორიებზე კონტროლის სამხედრო გზით, თავდაცვითი ომით, აღდგენის მიზანს:

„პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის შეჩერების ან მისი აკრძალვის საფუძვლად არ შეიძლება იყოს გამოყენებული პარტიის მიზანი, ომის გზით აღადგინოს პოლიტიკური კონტროლი სეპარატისტული მოძრაობების ან უცხო სახელმწიფოების მიერ მიტაცებულ ისეთ ტერიტორიებზე, რომლებზეც 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა და ვრცელდება“.

ახალგაზრდა ქართველი იურისტი, რომელიც წლების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდება, განმარტავს, რომ ამგვარი სამხედრო მოქმედებები თავდაცვით ომს წარმოადგენს და ანტიკონსტიტუციურად ვერ ჩაითვლება. იგი დასძენს: „ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხარის მიერ იქნება ასეთ შემთხვევაში განახლებული საომარი მოქმედებები“.

27 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა „ქართული ოცნების“ სარჩელის წინააღმდეგ სწორედ კობახიძის 2008 წლის წიგნი მოიშველია.

ბეჟაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ირაკლი კობახიძის წიგნიდან ციტატები წაუკითხა და დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სამხედრო გზით აღდგენაც რომ ყოფილიყო, ეს ვერ მიუთითებდა პარტიის არაკონსტიტუციურ მიზანზე.

„ქართული ოცნების“ სარჩელში კი წერია, რომ 2004-2008 წლებში საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება სისტემატურად იყენებდა საომარ რიტორიკას და თავისი ნაბიჯებით კონფლიქტს ამწვავებდა. მოსარჩელეთა ფორმულირებით, 2008 წლის აგვისტოში ქვეყნის ხელისუფლებამ „შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად“.

სარჩელში მოხსენიებულია 2004 წლის სამხედრო დაპირისპირება ცხინვალის რეგიონში, მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებები (მათ შორის - „ახალ წელს ცხინვალში თუ არ შევხვდებით, მე არ ვიქნები თავდაცვის მინისტრი“), ასევე კოდორის ხეობაში ჩატარებული ოპერაციაც.

კობახიძის წიგნსა და საკონსტიტუციოს სხდომაზე დასახელებულ არგუმენტს იზიარებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე. მისი თქმით, ის, რაც წერია სარჩელში, „არ შეესაბამება პარტიის აკრძალვის კონსტიტუციით დადგენილ პირობას“.

ვახტანგ ხმალაძე
ვახტანგ ხმალაძე

„ეს პარტიები არ ეწეოდნენ ომის, ანუ სხვა სახელმწიფოს თავდასხმის პროპაგანდას. რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ სვლაც კონსტიტუციური ვალდებულებაა. სახელმწიფოს მიერ საკუთარ ქვეყანაში სეპარატისტების წინააღმდეგ მოქმედება არ განიხილება როგორც ომი, ვინაიდან ეს არ არის მოქმედება სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - ეუბნება ხმალაძე რადიო თავისუფლებას.

ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა - წიგნში და სარჩელში

2008 წელს კობახიძე ერთმანეთისგან განასხვავებდა ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფასა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას.

ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფად ის განიხილავდა პოლიტიკური პარტიის მიზანს, საქართველო სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში მოექცია, ხოლო ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად - საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ცალკე სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ან სხვა სახელმწიფოსთან შეერთებას.

კობახიძის განმარტებით, ორივე შემთხვევაში პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს შესაბამისი მიზანი, რომელიც პარტიის წესდებაში, პროგრამულ დოკუმენტებში ან საჯარო განცხადებებშია ასახული.

2026 წლის სარჩელში ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის ხელყოფის არგუმენტაცია გაცილებით ფართო პოლიტიკურ გარემოებებს მოიცავს. მასში განხილულია 2008 წლის ომამდე და შემდეგ განვითარებული მოვლენები, ოპოზიციის საგარეო პოლიტიკური მოთხოვნები და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხიც.

„ოცნების“ მტკიცებით, ოპოზიციური პარტიები „ისწრაფვიან, სხვადასხვა საკითხთან მიმართებით უცხოეთიდან „დაისაჯოს“ საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება, რათა საქართველოს მოქალაქეებში უკმაყოფილება დაგროვდეს, ისინი მათ მიერ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ და ეს პროცესები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის მექანიზმად და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტად იქნეს გამოყენებული“.

სარჩელისგან განსხვავებით, წიგნში მოყვანილი მაგალითები უშუალოდ საქართველოს სუვერენული სტატუსის ან ტერიტორიული კუთვნილების შეცვლის მიზნებს ეხება.

პარტიის აკრძალვის საფუძვლები - წიგნში და სარჩელში

„ქართული ოცნების“ სარჩელის მნიშვნელოვანი ნაწილი 2004-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს უკავშირდება. მასში ჩამოთვლილია ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების ბრალდებები, მათ შორის პატიმართა წამება და არაადამიანური მოპყრობა. მოსარჩელეები პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასაც ეყრდნობიან.

თუმცა „ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა“ კონსტიტუციაში პარტიის აკრძალვის ცალკე, პირდაპირ დასახელებულ საფუძვლად არ წერია.

კობახიძე 2008 წელს განმარტავდა, რომ კონსტიტუციური წყობილება მოიცავს დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებს.

2026 წლის სარჩელში „ქართული ოცნება“ იმავე მიდგომას იყენებს და ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევას კონსტიტუციური წყობილების ხელყოფად აფასებს.

4 ოქტომბერი და ძალადობისკენ მოწოდებები

„პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალში“კობახიძე წერს, რომ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მიზნის დასადასტურებლად შეიძლება შეფასდეს პარტიის წესდება, პროგრამა, ლიდერების განცხადებები და წევრთა საქმიანობა. მისი განმარტებით, ასეთი მიზნის დასადგენად აუცილებელი არ არის, რომ პარტიას უკვე ჰქონდეს განხორციელებული კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი შეცვლის კონკრეტული მცდელობა.

ამასთან, ომისა და ძალადობის პროპაგანდის ნაწილში იგი ერთმანეთისგან განასხვავებს სისტემატურ მოწოდებებსა და ერთჯერად განცხადებებს.

„პარტიის ლიდერთა და სხვა წევრთა ერთჯერადი გამონათქვამები პროპაგანდად ვერ ჩაითვლება“, - წერს ის მონოგრაფიაში.

„ქართული ოცნების“ სარჩელში ოპოზიციის წინააღმდეგ ერთ-ერთ არგუმენტად მოყვანილია 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებიც, მათ შორის პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენები. „მშვიდობიანი დამხობის“ აქციის საორგანიზაციო ჯგუფში იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები. თუმცა, ვახტანგ ხმალაძის თქმით, ეს მაინც ვერ ჩაითვლება პარტიების აკრძალვის არგუმენტად.

„თუ პირი არღვევს კანონს ან კონსტიტუციას, პასუხისმგებლობა მხოლოდ მას ეკისრება და არა პარტიას. პარტიას პასუხი შეიძლება მოეთხოვოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ხელმძღვანელი პირი პარტიის სახელით აკეთებს არაკონსტიტუციურ განცხადებას. ასეთი რამ კი 4 ოქტომბერს არ მომხდარა“, - ამბობს კონსტიტუციონალისტი.

4 ოქტომბრის აქციას სხვა პარტიები, რომელთა აკრძალვას „ოცნება“ ითხოვს, მხარს არ უჭერდნენ. მაგალითად, „გახარია საქართველოსთვის“ და „ფედერალისტები“ შეკრებაში არ მონაწილეობდნენ და განვითარებულ მოვლენებს გაემიჯნნენ.

იგორ გიორგაძის პარტიის მაგალითი

2008 წელს გამოცემულ ნაშრომში კობახიძე ცალკე განიხილავს იგორ გიორგაძესთან დაკავშირებული პარტიის, „სამართლიანობის“, შემთხვევას. იგი აღწერს 2006 წელს პარტიის „ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნისგან“ (რუსეთს არ ახსენებს) დაფინანსების შესახებ „საფუძვლიან ეჭვებს“ და აკრიტიკებს ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებისთვის, რომ პარტიისა და მისი ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი ზომები გამოიყენა. ავტორის აზრით, უმჯობესი იქნებოდა, ხელისუფლებას პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართა.

„სამართლიანობა“ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, იგორ გიორგაძემ საქართველოდან გაქცევისა და ძებნაში ყოფნის პერიოდში, 2003 წელს დააფუძნა. პარტია გამოირჩეოდა გამოკვეთილი პრორუსული ორიენტაციით, მოითხოვდა რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების აღდგენას და აკრიტიკებდა საქართველოს პროდასავლურ კურსს.

2006 წლის სექტემბერში საქართველოს სამართალდამცავებმა ჩაატარეს მასშტაბური სპეცოპერაცია, რომლის დროსაც პარტია „სამართლიანობისა“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციების ათზე მეტი ლიდერი და აქტივისტი დააკავეს. მათ ბრალად ედებოდათ იგორ გიორგაძის ხელმძღვანელობით ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვა და ორგანიზება.

იგორ გიორგაძე 1993-1995 წლებში იკავებდა საქართველოს უშიშროების მინისტრის პოსტს. 1995 წლის 29 აგვისტოს, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ, მას ბრალი დასდეს თავდასხმის ორგანიზებაში, რის გამოც მან ქვეყანა დატოვა და რუსეთს შეაფარა თავი. წლების განმავლობაში მასზე ინტერპოლით საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, რომელიც 2016 წელს შეწყდა.

კობახიძე ამ გზას პრობლემურად მიიჩნევს, თუმცა იმავე ქვეთავში პარტიის აკრძალვის საფუძვლების გაფართოებასაც ემხრობა: მისი აზრით, შესაძლებელი უნდა ყოფილიყო იმ პარტიის აკრძალვაც, რომელიც უცხო ქვეყნის პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობით სახელმწიფოს სუვერენიტეტს არსებით საფრთხეს უქმნიდა, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა პოლიტიკურ ორგანიზაციას უშუალოდ კონსტიტუციური წყობილების დამხობის მიზანი.

ასეთი ფართო ფორმულირება პარტიის აკრძალვის დამოუკიდებელ საფუძვლად საქართველოს კონსტიტუციაში არ არის.

რომელი რეკომენდაციები განხორციელდა და რომელი - არა

წიგნის ბოლოს ირაკლი კობახიძე რეკომენდაციას იძლევა, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონი და საარჩევნო კოდექსი კონსტიტუციური უმრავლესობით მიიღონ. წლების შემდეგ ამ რეკომენდაციას „ქართული ოცნება“ არ ასრულებს და ცვლილებებს კანონებში უბრალო უმრავლესობით ამტკიცებს.

კობახიძის კიდევ ერთი რეკომენდაცია მოგვიანებით კანონმდებლობაში აისახა. წიგნის 165-ე გვერდზე ავტორი მიიჩნევდა, რომ კანონმდებელს უნდა განესაზღვრა, როგორ აეცილებინა თავიდან ლიკვიდირებული პოლიტიკური პარტიის „მემკვიდრე ორგანიზაციის“ შექმნა.

2025 წლის 13 მაისს მიღებული ცვლილებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიეცა შესაძლებლობა, აკრძალოს სხვა პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი ან საქმიანობის არსი, მათ შორის პერსონალური შემადგენლობა, არსებითად იმეორებს უკვე აკრძალული პარტიისას. ასეთი სარჩელის განხილვისთვის მხოლოდ 14-დღიანი ვადაა დადგენილი. 2025 წლის ოქტომბერში კი ცალკე დამტკიცდა შეზღუდვები აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის, მაგალითად მათთვის, ვისაც მონაწილეობა აქვს მიღებული პარტიის დაფუძნებასა და არჩევნებში.

კობახიძე ასევე ითხოვდა, კანონმდებლობას მკაფიოდ განესაზღვრა პარტიის აკრძალვის სამართლებრივი შედეგები. დღეს კანონმდებლობა ასეთ შესაძლებლობასაც ითვალისწინებს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეიძლება გამოიწვიოს შესაბამისი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაც, თუ ამას მოსარჩელე ითხოვს და სასამართლო მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

თუმცა ხუთი პარტიის აკრძალვის შესახებ 2026 წლის სარჩელში მოსარჩელეები უშუალოდ პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას, აკრძალვასა და რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვენ. დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის მოთხოვნა სარჩელში მითითებული არ არის.

ირაკლი კობახიძისა და მისი თანაგუნდელების პოლიტიკური გადაწყვეტილებები არაერთხელ მოსულა წინააღმდეგობაში მისივე წიგნებში გამოთქმულ მოსაზრებებთან.

მაგალითად, 2008 წლის წიგნში კობახიძე მიუთითებდა, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა სასამართლოს კომპეტენციაა, თუმცა 2024 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლებიც გარკვეულ შემთხვევებში პარტიის რეგისტრაციის გაუქმების უფლებას საჯარო რეესტრს ანიჭებდა.

კობახიძე ასევე დაუშვებლად მიიჩნევდა საპარლამენტო ბოიკოტის გამო პარტიისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას, თუმცა 2020 წელს თავად გაამართლა სწორედ ასეთი საკანონმდებლო ინიციატივა.

  • 16x9 Image

    სანდრო ჯუფალაკიანი

    მუშაობს კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.

კატეგორიები

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG