ეს არის პრეზიდენტ ზელენსკის მორიგი ინტერვიუ, რომელიც აბუ-დაბიში დაგეგმილი სამმხრივი (უკრაინა-აშშ-რუსეთი) შეხვედრის მოახლოების ფონზე ქვეყნდება.
ჟურნალისტის შეკითხვაზე - "მიგაჩნიათ, რომ ახლა ტრამპის მხარდაჭერა გაქვთ? შეგიძლიათ მას ენდოთ იმის გათვალისწინებით, რაც მას ნათქვამი აქვს?" - უკრაინის პრეზიდენტის პასუხი იყო:
„ჩვენ ვენდობით ამერიკელებს, ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს. მადლიერები ვართ (ტრამპის - რ.თ.) ადმინისტრაციის - მათ მოაგვარეს „სტარლინკთან“ და დაზვერვასთან დაკავშირებული საკითხები და ამის მადლიერი უნდა ვიყო. არ მინდა ამისი დაკარგვა, მაგრამ... მეტი გვჭირდება, მეტი მხარდაჭერა. არ გვჭირდება რამე კითხვები გვქონდეს ადმინისტრაციასთან, რადგან ისინი ჩვენს მხარეს უნდა იყვნენ, ვინაიდან რუსეთი არის აგრესორი.
...ცხადია, იმისთვის რომ იშუამავლო, უნდა გქონდეს პოზიცია, რომლის დროსაც ხარ შუაში, მაგრამ არ უნდა გქონდეს შუალედური დამოკიდებულება ამ ომის მიმართ. სრულიად ნათელია, ვინ არის აგრესორი. ეს არის მნიშვნელოვანი - არ შეიცვალო პოზიცია შუამავლობის გამო“.
The Sun-ის ჟურნალისტი არაერთხელ შეეცადა, უკრაინის პრეზიდენტს რაც შეიძლება მკაფიოდ შეეფასებინა აშშ-ის პრეზიდენტის რუსეთთან დამოკიდებულება - "მინიშნებებია, რომ ტრამპმა მხარე აირჩია, ცალსახად უფრო მოსკოვისკენ" - ასეთი იყო ჟურნალისტის რეპლიკა.
პრეზიდენტ ზელენსკის პასუხი: „აშშ ჩვენი ძლიერი პარტნიორია და თუკი მათ ესმით, რომ პუტინის მიზანია ჩვენი ოკუპაცია და განადგურება, ისინი (ამერიკელები - რ.თ.) არ შეიძლება იყვნენ შუალედურ პოზიციაზე, ანდა არ შეიძლება იყვნენ პუტინის მხარეს, რადგან ის აგრესორია.
აშშ და მისი პრეზიდენტი არ შეიძლება იყვნენ აგრესორის მხარეს და მნიშვნელობა არ აქვს რომელ ქვეყანაზე ვლაპარაკობთ, რადგან ისინი არიან დემოკრატიის ლიდერები“.
ჟურნალისტი: "ისინი, ნამდვილად არ შეიძლება, რომ იყვნენ, მაგრამ ის (აშშ-ის პრეზიდენტი - რ.თ.) არის?"
ზელენსკი: „არ ვიცი. იმედი მაქვს, არ არის“.
უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აშშ-ში მოახლოებული არჩევნების შედეგებს მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება "უამრავ რამეზე, მათ შორის - უკრაინაში ომზე, რუსების მიმართ დამოკიდებულებაზე, მათთან სხვადასხვა სახის გარიგებაზე...".
ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ზელენსკი არაერთხელ უბრუნდება აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი მომლაპარაკებლების შუამავლობის შეფასებას:
“ამ ომში ყველაფერი დამოკიდებულია ნებაზე - სხვადასხვა მომენტში სხვადასხვა ქვეყნის, ლიდერების ნებაზე. მაგალითად, ჩვენ მადლიერები ვართ მომლაპარაკებელთა ჯგუფის - შეხვედრა გვქონდა ოსლოში და ამერიკული გუნდი მოვიდა რაღაც იდეებით.
რა არის საჭირო, რომ არ გვქონდეს პაუზები? - თუკი შენი ნება ნამდვილად არის ის, რომ აიძულო რუსეთი წამოვიდეს ცეცხლის შეწყვეტაზე - ენერგოზავზე, არაენერგოზე, ნებისმიერი სახის დეესკალაციაზე, არ არის საჭირო პაუზები, არამედ ნაბიჯები უნდა გადადგა - ყოველდღე ან დღეგამოშვებით შეხვედრები, გადაწყვეტილებები, ტექნიკური ჯგუფები, ისევ გადაწყვეტილებები. არაფერს აქვს ფასი რამე შედეგის გარეშე.
მაგალითად, გადავწყვიტეთ შეხვედრა ხვალ ბრიუსელში, ამერიკელებმა მიგვიწვიეს, ისინი უნდა კონცენტრირებულიყვნენ ამაზე, თუ მიგვიწვიეს. ყველანი დაკავებული ადამიანები ვართ, ამ ომის გამო. მიგვიწვიეს, მაგრამ ხვალ არ შეუძლიათ. გადადეს. ...ბევრად მნიშვნელოვანი რაღაცები ხდება აქ (უკრაინაში - რ.თ.), ვიდრე ის, რომ წავიდე: მთელი დღე უნდა დახარჯო ბრიუსელში რომ ჩახვიდე - იცით, მატარებლით, თვითმფრინავით, ისევ მატარებლით... მათ გადადეს შეხვედრა - რატომ? - იმის გამო, რომ რაღაც დაძაბულობა აქვთ ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით".
მომავალი მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 ოქტომბერს ნიდერლანდის პრემიერმინისტრ რობ იეტესთან ერთად გამართულ ბრიფინგზეც და აღნიშნა, რომ მათი საუბარი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობასაც ეხებოდა:
"მიმდინარეობს მზადება სამმხრივი შეხვედრისთვის აბუ-დაბიში, რომელიც მოველით, რომ 10 ნოემბერს გაიმართება.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ამას ხელს არ შეუშლის ახლო აღმოსავლეთში შესაძლო ესკალაცია, რომელიც ახლა ძალიან ინტენსიურად განიხილება.
ამ სამმხრივი ფორმატისთვის მზადების კონტექსტში, ვიმსჯელეთ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროპაში ყველა ჩვენგანის პოზიცია იყოს ანგარიშგაწეული".
27 ოქტომბერს კიევში, მედიასთან შეხვედრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ სანამ რომელიმე ფორმატში რუსეთის პოზიციებისა და შეხედულებების განხილვა დაიწყება, ომი უნდა დასრულდეს:
“ჯერ უნდა გადავწყვიტოთ ამ ომის საკითხი და მხოლოდ ამის შემდეგ ვეძებოთ პასუხები კითხვებზე, რომლებსაც რუსეთი სვამს უსაფრთხოებაზე თავისი შეხედულებებისა და მოლოდინების მიხედვით.
...შეგვიძლია ვიმსჯელოთ კონცეპტუალურ საკითხებზე რუსებთან ამერიკელების შუამავლობით, მაგრამ თუკი უსაფრთხოების გარანტიების ფორმატზე გადავალთ და უკვე შეთანხმებულია, რომ ეს გარანტიები საჭიროებს ევროპის ჩართულობას, მაშინ ევროპა უნდა იყოს ამ მსჯელობის მონაწილე.
...ჩემი აზრით, რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიები გულისხმობს ევროპასა და მსოფლიოში უსაფრთხოების ჩარჩოს შეცვლას”.
უკრაინის პრეზიდენტის სამშაბათის განცხადებებს კრემლი ვლადიმირ პუტინის პრესმდივან დმიტრი პესკოვის პირით გამოეხმაურა, რომელმაც გაზეთ "იზვესტიას" განუცხადა:
"ის (უკრაინის პრეზიდენტი - რ.თ.) ამბობს, რომ დარეგულირებისას რუსეთსაც უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების გარანტიები. ეს სწორი მიდგომაა. უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება და უნდა იყოს ორმხრივი".
ფორუმი