Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში შეტევა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც უმსხვილესი ქარხნების ხუთეულშია

უკრაინის თავდაცვის ძალებმა „სლავნეფტ-იანოსს“ დრონებით დაარტყეს 2026 წლის სექტემბერშიც.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა „სლავნეფტ-იანოსს“ დრონებით დაარტყეს 2026 წლის სექტემბერშიც.

3 ნოემბერს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომლის მფლობელიც კომპანია „სლავნეფტია”.

ქარხანაზე „მასშტაბური შეტევა” და ხანძარი, რის შესახებაც გამთენიისას წერდნენ მონიტორინგის უკრაინული არხები და რუსული მედია, დილით დაადასტურა იაროსლავის ოლქის გუბერნატორმაც.

  • ქარხანა „სლავნეფტ-იანოსი“ ერთ-ერთია რუსეთის ხუთ ყველაზე მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შორის და წელიწადში 15 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია.
  • ქარხნის მფლობელ „სლავნეფტს” კომპანიები „როსნეფტი" და „გაზპრომ ნეფტი" აკონტროლებენ.

რა არის ცნობილი

3 ნოემბერს დილის ცხრა საათისთვის იაროსლავის ოლქის გუბერნატორ მიხაილ ევრაევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვა „იგერიებდა მტრის უპილოტო საფრენი აპარატების მასშტაბურ შეტევას იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. სულ 124 უპილოტო”.

გუბერნატორის თანახმად, ქარხნის ინფრასტრუქტურა დაზიანებულია, დაჭრილია ორი თანამშრომელი, მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.

მანამდე „სლავნეფტ-იანოსზე“ უკრაინული დრონებით დარტყმისა და მასშტაბური ხანძრის შესახებ დაწერეს მონიტორინგის უკრაინულმა არხებმა Exilenova+ და Supernova+ და დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემამ ASTRA.

  • ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა „სლავნეფტ-იანოსს“ რამდენჯერმე დაარტყეს. წინა შეტევა 2026 წლის სექტემბერში იყო.

უკრაინისგან რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეწყვეტა არაერთხელ მოითხოვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა 30 ოქტომბერს სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ „რაღაც დროით შესვენების“ შემდეგ უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევა განაახლა. ნოვაკის თანახმად, შეტევა იყო სამ ქარხანაზე, რომლებიც საჰაერო თავდაცვის საშუალებებით დაიცვეს და „უმნიშვნელოდ დაზიანდა“ მხოლოდ ერთი. რუსეთის ვიცე-პრემიერს კონკრეტული ქარხნები არ დაუსახელებია.

უკრაინული და რუსული მედიასაშუალებების ცნობით, ბოლო დღეებში უკრაინული დრონებით შეტევა იყო ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში მდებარე ქარხანაზე, რომელიც კომპანია „ლუკოილისაა“ და სამარის ოლქის ქალაქ ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომლის მფლობელიც რუსეთის სახელმწიფოს მიერ მართული კომპანია „როსნეფტია“.




ფორუმი

​
XS
SM
MD
LG